The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირაკლი იმერლიშვილი

ირაკლი იმერლიშვილი
Date of birth:197
Category:Painter

Biography

პირველივე ჩასვლამ ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ირაკლი იმერლიშვილის ბედი რადიკალურად შეცვალა, მისთვის სიმბოლური გამოდგა ატლანტის ოლიმპიადისთვის მომზადებული ქართული სახლის დიზაინი, რომელსაც "ჯორჯია ჯორჯიისგან" (From Georgia to Georgia) დაარქვეს. მოგვიანებით ირაკლიმ ჯორჯიის შტატში 15 წელი გაატარა, სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა, დაოჯახდა და ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა.

ირაკლის მამა, უშანგი იმერლიშვილი, თბილისის ოპერის თეატრის მთავარი მხატვარი იყო და შესაბამისად, ოჯახში მუდმივად მხატვრები და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები ტრიალებდნენ. ბავშვობაში, რაც თავი მახსოვს, სულ  ფანქარი ან კალამი მეჭირა და ვხატავდიო, იგონებს ირაკლი. ამიტომ სპეციალობის არჩევაზე არც უყოყმანია. მე-7 სკოლის დამთვარების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში თეატრის დიზაინის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. 17 წლიდან მუშაობდა გოგი თოდაძის საბავშვო თეატრ "ბერიკებში". კარიერა თავიდანვე წარმატებული გამოდგა, სპექტაკლები იმდენად პოპლულარული იყო, რომ ძალიან ხშირად იწვევდნენ უცხოეთში გასტროლებზე. 90-იანი წლების დასაწყისში ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, რითაც ძალიან ამაყობს. "ვამაყობ იმიტომ, რომ ყველაზე რთულ პერიოდში, ტყვიების ზუზუნსა და ნგრევის წლებში, ჩვენ ვხატავდით და ვაშენებდით, ძალიან გამიმართლა მაშინ" – აღნიშნავს ირაკლი. 

1995 წელს საქართველო ატლანტის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა. ქართული ნაკრები პირველად იღებდა მონაწილეობას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენელი. ნაკრების ოლიმპიური ჩაცმულობისთვის გამართულ კონკურსში ირაკლი იმერლიშვილმა გაიმარჯვა. ფორმების დიზაინისა და შესრულების გარდა, მას უნდა მოეწყო მუზეუმის ტიპის ე. წ. ქართული სახლი ატლანტაში. სახლის საზეიმო გახსნაზე ამერიკელი წყვილი, ჯეიმს და ნენსი ფილდსები გამოეცნაურნენ. ისინი აღფრთოვანებული იყვნენ ირაკლის გაკეთებული დიზაინით. ნენსი თავადაც დიზაინერი იყო, ამიტომ მისი იშვიათი გემოვნება შეუმჩნეველი არ დარჩენია. ფილდსები დაბეჯითებით თხოვდნენ ამერიკაში დარჩენას და პირდებოდნენ, რომ სწავლის საფასურს გადაუხდიდნენ. ირაკლი ეჭვის თვალით უყურებდა ამ პერსპექტივას, რადგან ინგლისური თითქმის არ იცოდა. 1996 წელს თბილისში დაბრუნდა და სერიოზულად მოკიდა ხელი ინგლისურის შესწავლას, ორ წელიწადში გამოცდები ჩააბარა და ატლანტაში წასვლის შესაძლებლობა მიეცა. ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო და ფილდსებთან ცხოვრობდა. 

სწავლის პერიოდში ინტერნატურა (6 თვიანი სასწავლო პრაქტიკა) გაიარა არქიტექტურისა და დიზაინის ცნობილ ფირმაში "ნაილს ბოლტონ ესოშიეთ" (Niles Bolton Associates). იოლი არ იყო, რადგან დიზაინის ქართული სკოლა დასავლეთში მიღებული სტანდარტებისგან ბევრად განსხვავდებოდა. ირაკლი იმერლიშვილი მალევე მიხვდა, რომ სამუშაო მეტად შემოქმედებითი რომ ყოფილიყო, დიზაინში უფრო ტურიზმის განხრით უნდა წასულიყო, სკოლების, საავადმყოფოების, თუ ოფისების დიზაინი მას არ აინტერესებდა. უნივერსიტეტი 26 წლის ასაკში დაამთავრა და მაშინვე დაიწყო მუშაობა ატლანტაში მდებარე კომპანიაში "დიზაინ ქონთინიუმ (Design Continuum). სასტუმროების დიზაინის პროფესიაში პირველი სერიოზული ნაბიჯებიც სწორედ იქ გადადგა. სახელი პროფესიონალებში მას შემდეგ გაითქვა, რაც "თი–ფი–სის" გოლფის კლუბის ბოსტონის ფილიალის დიზაინი გააკეთა, რომელიც აშენებისთანავე შეერთებულ შტატებში საუკეთესო კერძო კლუბებს შორის დასახელდა. ჟურნალმა "გოლფ ინქორფორეითიდ" შეერთებულ შტატებში ნომერ პირველ კლუბად აღიარა.

სამი წლის შემდეგ სამსახური საოცნებო კომპანია "ეიჩ–ბი–ეის" (HBA-Hirsh Bender Associates) ატლანტის ფილიალში შესთავაზეს. ეს უკვე საერთაშორისო, გლობალურ მასშტაბებზე გასვლას  ნიშნავდა. კომპანიას ოფისები მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში აქვს. ჟურნალი "ინტერიერის დიზაინი" (Interior Design) ყოველწლიურად აქვეყნებს სიას სახელწოდებით "ინტერიერის დიზაინის გიგანტები", რომელშიც ტურიზმის ბიზნესში, ბოლო 10 წელზე მეტია, პირველ ადგილს კომპანია "ეიჩ–ბი–ეი" იღებს. კომპანიაში რვა წელიწადი გაატარა. ამ პერიოდს  მიეკუთვნება მისი ყველაზე დიდი მასშტაბის პროექტები, პუბლიკაციები დიდი ბრიტანეთის, თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პრსტიჟულ გამოცმებში და რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც. პრესტიჟულ პრიზებს შორისაა 2012 წლის ნოემბერში აღებული ჯილდო საუკეთესო სპის დიზაინისათვის და 2012 წლის აპრილში აბუ დაბიში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "რიჯისის" დიზაინისათვის. ირაკლი იმერლიშვილის დიზაინით ჰონგ-კონგში 3 რესტორანი გაიხსნა. 

ხელოვნებათმცოდნე თამარ ტვილდიანი შემდეგნაირად ახასიათებს ირაკლი იმერლიშვილის ბოლოდროინდელ შემოქმედებას: "ორივეგან, ჰონგ კონგისა და აბუ დაბის შემთხვევაშიც სჩანს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიდგომა: ითვალისწინებს რა რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ხასიათს, მისი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებსა და დეკორატიულ შტიხებს, ავტორი განსაკუთრებული ზომიერების გრძნობითა და სიფაქიზით აკეთებს გარკვეული დეტალების სტილიზაციას და იყენებს მათ დამაგვირგვინებელ აქცენტებად ინტერიერის განწყობის შექმნისათვის. ეს აქცენტები ამ ულტრათანამედროვე სივრცეებში, ერთი მხრივ, მიგვანიშნებენ, თუ მსოფლიოს რა ნაწილში იმყოფები, მეორეს მხრივ კი, პატივს მიაგებენ იმ ქვეყნის კულტურულ წარსულს, სადაც მხატვრული ნაწარმოები იქმნება".

წყარო: 

1. http://blogs.voanews.com/georgian/georgianamerica/2013/08/13




Share: