The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პაატა ციქურიშვილი

პაატა ციქურიშვილი
Date of birth:1966  (58 years)
Category:Filmmaker

Biography

"სინეთიკის თეატრი" ერთ-ერთი წარმატებული თეატრია ამერიკაში. ის ამერიკის საუკეთესო თეატრის ათეულში შედის. ვაშინგტონის ყოველკვირეულმა გაზეთმა "Metro Weekly" - სინეთიკის შესახებ ერთხელ თქვა: "ეს არის თეატრი, რომელიც ადამიანის სულს წვდება და აფორიაქებს". მართლაც ძნელია ამ თეატრიდან გამოსული გულგრილი მაყურებლის მოძებნა, განურჩევლად ასაკისა და ინტერესებისა.

ამ თეატრის დამაარსებლები ცოლ–ქმარი ირინა და პაატა ციქურიშვილები არიან - ირინა ქორეოგრაფიას ხელმძღვანელობს, პაატა რეჟისურით არის დაკავებული. სრულიად ახალი თეატრის კონცეფციის დამკვიდრება წყვილმა ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და რამდენიმე თეატრალური ჟანრის სინთეზის საშუალებით შეძლო. სპექტაკლები ინტერნაციონალურია, მაგრამ აუცილებლად წააწყდებით ქართული მუსიკის ან ცეკვის ელემენტებს.

პაატა ციქურიშვილმა 1983 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. კინოსარეჟისოროზე სწავლობდა მერაბ კოკოჩაშვილთან, სამსახიობო პანტომიმის განხრით – ამირან შალიკაშვილთან. მისი მეუღლე, ირინა ციქურიშვილი–კვენეტაძე ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კურსდამთავრებულია. 1989 წელს პანტომიმის თეატრის დასი გერმანიაში თეატრალურ ფესტივალზე წავიდა. მსახიობთა ერთმა ჯგუფმა ფესტივალის შემდეგ გერმანიში დარჩენა გადაწყვიტა. პაატას და მის მეგობრებს უცხო ქვეყანაში, უცხო კულტურაში დამკვიდრება გაუჭირდათ, მაგრამ ფარ–ხმალი არ დაუყრიათ, ნელ–ნელა ააწყვეს ცხოვრება და მიმოდრამის თეატრი დაარსეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისში დაბრუნებულებმა რობიკო სტურუას მოწაფესთან, მერაბ სვირავასთან ერთად დადგეს ვარიაციები შექსპირის თემაზე. ამ დადგმით და კიდევ რამდენიმე ნოველით კვლავ გერმანიაში გაემგზავრნენ. ამას მოჰყვა "ფაუსტი" და ა. შ. 1991 წლიდან ზაარბრიუკენში დამკვიდრდნენ. ფრანკფურტში ავტომანქანა "პეჟოს" რეკლამა გააკეთეს და ამისთვის ხუთწლიანი კონტრაქტი დაიმსახურეს. ფინანსურად მომძლავრებულებს გადაადგილების პრობლემა აღარ ჰქონდათ და სხვადასხვა თეატრებში თამაშს ახერხებდნენ. ამავე პერიოდში ამერიკაში წასვლის შანსი გამოჩნდა, პაატას მეუღლე მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. ირინას მამა, ტანვარჯიშის ცნობილი მწვრთნელი ნოლიკო კვენეტაძე ამერიკაში ჯერ კიდევ 1990 წლების დასაწყისში მიიწვიეს და იქ დამკვიდრდა. ირინამ საბავშვო სტუდიაში დაიწყო მუშაობა და ტანმოვარჯიშეებსაც ასწავლიდა ბალეტის საფუძვლებს. 1995 წლის ოქტომბერში მათ პაატაც შეუერთდა, თავიდან შემთხვევით სამუშაოებს ასრულებდა და გულმოდგინედ სწავლობდა ინგლისურს. შემდეგ პროფესიით სცადა მუშაობა. რესტორნებსა და კლუბებში გამოდიოდა მეუღლესა და პატარა ვაჟთან ერთად და პანტონიმურ ნომრებს ასრულებდა. მაგრამ მალე მიხვდა, რომ ამერიკაში პანტომიმა მკვდარი, წინა საუკუნის ხელოვნება იყო და ამის კეთებას აზრი არ ჰქონდა. სწორედ მაშინ დაებადა სინთეზური თეატრის შექმნის იდეა. პირველ რიგში დაინტერესდა რას და როგორ დგამდნენ. თეატრალურ წრეებში მალე შეამჩნიეს და რუსულ საბავშვო თეატრში მიიწვიეს ჩეხოვის პიესის დასადგმელად. ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ანდრეი ბაბელი, ოდესელი მწერლის, ისაკ ბაბელის შვილიშვილი. 1997 წელს, პაატამ, ირინამ და ანდრეიმ დაარსეს სტანისლავკის ინტერნაციონალური თეატრი–სტუდია. პაატა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ანდრეი კი – პროდიუსერი. პაატასთვის ეს იყო პირველი ნაბიჯები რეჟისურაში, სპექტაკლებს მყისიერი წარმატება მოჰყვა. მაყურებელს მოსწონდა, რომ მათში ორგანულად იყო შერწყმული პლასტიკა, მოძრაობა, ცეკვა, დრამა, ტექსტი.

შემდგომი პერიოდის მოვლენებს პაატა ასე იხსენებს: "ჩვენი ხედვა თეატრისა რადიკალურად განსხვავდებოდა: ანდრეი უფრო ტრადიციულ, სტანისლავსკის სისტემას მიჰყვებოდა, მე და ირინა კი – პირიქით, დინების საწინააღმდეგო მხარეს მივცურავდით, რამაც გამოიწვია შემოქმედებითი კონფლიქტი ჩვენს შორის და 2001 წელს, იმავე ორგანიზაციის ფარგლებში გამოვაცხადე "სინეთიკის თეატრი". პირველი სპექტაკლი იყო "ჰამლეტი" უსიტყვოდ; მას მოჰყვა "სტუმარ–მასპინძელი", "ფაუსტი" და "სალომე". სეზონის ბოლოს ჩვენდაუნებურად მოხდა "სინეთიკის თეატრის" არნახული აღიარება – პირველად ვიყავით ნომინირებული ვაშინგტონის თეატრალური "ოსკარით" – "ჰელენ ჰეიზ ევორდ", ერთდროულად 7 კატეგორიაში". 

2003 წლიდან დასმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. 5 წლიანი კონტრაქტი დაიდო კენედის ცენტრთან, რომელიც ყველაზე დიდი საკონცერტო ადგილია, წელიწადში, სულ ცოტა, 200-300 სპექტაკლი იმართება. ეს იყო ნახტომი და არა – ნაბიჯი. ამას მოჰყვა კონტრაქტი შექსპირის თეატრთან, სადაც ყოველწლიურად დგამენ სპექტაკლებს. სინეთიკის არსებობის 11 წლის მანძილზე ჰელენ ჰეისის ჯილდოების 89 ნომინაცია და 25 პრიზი აქვს მოპოვებული. პაატამ ოთხჯერ მიიღო საუკეთესო რეჟისორის პრიზი – სპექტაკლებისთვის: "ოტელო", "რომეო და ჯულიეტა", "მაკბეტი", "ჰამლეტი". ირინა სინეთიკის დასში ჰელენ ჰეისის რეკორდული, 32 ნომინაციის და 12 პრიზის მფლობელია. მათ შორის წლის საუკეთესო ქორეოგრაფის 7 ჯილდოა. მას ზედიზედ 5-ჯერ აქვს მოგებული თეატრალური ოსკარი სპექტაკლებში: "კარმენი", "მაკბეტი", "ფრანკენშტეინი", "ოსტატი და მარგარიტა", "ჰამლეტი". ირინა პერიოდულად ჯორჯთაუნისა და ამერიკის უნივერსიტეტებში მიწვეულ ქორეოგრაფად მუშაობს და წლის განმავლობაში ინტენსიურ თრეინინგებსაც ატარებს.

სინეთიკის თეატრში პაატასა და ირინასთან ერთად კიდევ რამდენიმე ქართველი ხელოვანია დასაქმებული. მათ შორის არიან კომპოზიტორი – კონსტანტინე ლორთქიფანიძე (მსახიობ გურამ ლორთქიფანიძის (ლორთქია) შვილი), რიმელმაც "ზაფხულის ღამის სიზმარში" ითამაშა კიდეც. დასის ერთ–ერთი წამყვანი მსახიობია – ირაკლი კავსაძე (მსახიობ კახი კავსაძის ვაჟი). ის ასევე მუსიკალურ გაფორმებას უდგას სათავეში. ზოგიერთი სპექტაკლის მხატვრული გაფორმება გიორგი ალექსი–მესხიშვილს ეკუთვნის და კომპოზიტორ გია ყანჩელის მუსიკაა გამოყენებული, რამდენიმეჯერ ვახტანგ კახიძეც დაეხმარათ, რისთვისაც პაატა მათ დიდ მადლობას უხდის. თეატრის ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ვაჟა–ფშაველას "სტუმარ–მასპინძელს". სპექტაკლის დადგმის იდეა პაატას 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაებადა: "ეს უკვე მუსლიმანურ–ქრიასტიანული პრობლემის დასაწყისი იყო... მე ამ სპექტაკლით ჩემს შინაგან პროტესტს გამოვხატავდი ამ მოვლენის მიმართ, მინდოდა ქართული ტოლერანტული ხასიათი მეჩვენებინა", – აღნიშნავს პაატა ციქურიშვილი. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმეს ვატო კახიძემ და გია ყანჩელმა, მხატვრობა გოგი ალექსი–მესხიშვილს ეკუთვნის. მუსა კახი კავსაძემ ითამაშა დიდი წარმატებით. ამ სპექტაკლზე Washington Post-მა დაწერა: "ეს არის კაცობრიობის მარადიული თემა, ეს არის პალესტინა, სომალი, აფხაზეთი, ავღანეთი, ერაყი, დაღესტანი და ყველა ის ცხელი წერტილი, რომელიც დღეს მსოფლიოს ასე აწუხებს..." გაზეთმა "სტუმარ–მასპინძელი" ბოლო ათი წლის საუკეთესო სპექტაკლების ათეულში დაასახელა. ეს ჩვეულებრივი დადგმა არ არის, ეს არის პოლიტიკური მანიფესტი, რომელიც თეატრის სავიზიტო ბარათად იქცა და ამიტომაც, ინტერნაციონალური დასის ქართველმა რეჟისორმა ეს სპექტაკლი სცენაზე შვიდჯერ დააბრუნა.

Cristal City-ში თეატრს ახალი 500 კაციანი დარბაზი აქვს. ამჟამად წელიწადში შვიდი დადგმა სრულდება. საპრემიერო სპექტაკლი იყო "მეფე არტური", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ამბობდნენ, რომ "ეს არის წარმოუდგნლის წარმოდგენა", დრამატული ექსპერიმენტი ხორუმის რიტმზე, რომელსაც თამაშობენ წყალზე. წყლის ეფექტმა სპექტაკლი შოუდ აქცია, თავისი განათებებით, სპეც–ეფექტებით, დინამიკით, ბოლით... მუსიკაც წყლის ეფექტებზეა. თუმცა მუსიკას (კოკი ლორთქიფანიძე) ცალკე დრამატურგია შემოაქვს ისევე, როგორც ქორეოგრაფიას, რადგან ესეც უტექსტო სპექტაკლია.

ვაშინგტონის არა ერთ გაზეთში გადააწყდებით ამ თეატრის ქება–დიდების სტატიებს მისი გამორჩეული ხელწერის გამო, რომელიც ამერიკელ მაყურებელს ძალიან მოსწონს. ორგანიზაცია "ვაშინგტონის თეატრების" პრეზიდენტი ლინდა ლივაი ამბობს, რომ სინეთიკი ქალაქის უდაო ფავორიტია: "პაატამ და ირინამ თავის არაჩვეულებრივ დასთან ერთად ვაშინგტონს გამორჩეული, ორიგინალური თეატრი აჩუქეს. თეატრი, რომელიც ქართულ კულტურას განასახიერებს. და ეს ძალიან ლამაზია. მათ ჩვენი ქალაქის იერი შეცვალეს" – ამბობს ქალბატონი ლინდა.

პაატა ციქურიშვილი კვლავ ექსპერიმენტულ ძიებაშია, უახლოეს პერიოდში მრავალი ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში დასს ორი ახალგაზრდა ქართველი შეუერთდა, ვატო ციქურიშვილი – პაატას და ირინას ვაჟი (მათ ორი შვილი ჰყავთ  – ვატო და ანა) და ირინკა კავსაძე, ირაკლი კავსაძის გოგონა.

2012 წლის შემოდგომაზე სინეთიკის თეატრი პირველად ეწვია თბილისს. ჩამოიტანეს ორი სპექტაკლი: "სტუმარ–მასპინძელი" და "მეფე ლირი". წარმატებული გასტროლების შემდეგ პაატა ციქურიშვილი იმედოვნებს, რომ ამიერიდან წელიწადში ერთხელ მაინც გამართავს სამშობლოში წარმოდგენებს.


Share: