The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სამსონ ქუთათელაძე

სამსონ ქუთათელაძე
Date of birth:31 July, 1914
Date of death:20 March, 1986  (at 71 years)
Burial location:ნოვოსიბირსკი, რუსეთი
Category:Physicist

Biography

სამსონ ქუთათელაძემ სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო 1832 წელს, ლენინგრადის თბოტექნიკუმის დამთავრებისთანავე, პოლზუნოვის სახელობის ცენტრალური საქვაბე–სატურბინო ინსტიტუტის ლაბორატორიაში. აქ ჩაეყარა საფუძველი მის ექსპერიმენტულ მოღვაწეობასაც. 1938 წელს, 24 წლის ასაკში გამოსცა პირველი მონოგრაფია – "თბოცვლის თეორიის საფუძვლები ნივთიერებების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილების დროს" ("Основы теории теплообмена при изменении агрегатного состояния вещества"). ეს იყო ამ თემისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომი მსოფლიოში.

1941-45 წლებში სამსონ ქუთათელაძე მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, ჩრდილოეთის ფლოტის ნაწილებსა და კარელიის ფრონტის მეთოთხმეტე არმიის რიგებში. ომიდან დაბრუნების შემდეგ განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა, პარალელურად სწავლობდა და 36 წლის ასაკში დაამთავრა ლენინგრადის ინდუსტრიული ინსტიტუტის დაუსწრებელი ფაკულტეტი. 1950 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას, ორი წლის შემდეგ კი, 38 წლისა, უკვე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. მეცნიერის შრომები ეძღვნება თბოფიზიკის ისეთი ძირითადი დარგების განვითარებას როგორიცაა: თბომასაგადაცემა სითხეების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილების დროს; სითხეების და აირების ჰიდროდინამიკა და სხვ. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეცნიერების ამ მიმართულების წინსვლაში.

1958 წელს სამსონ ქუთათელაძემ აკადემიკოს მ. სტირიკოვოჩთან ერთად გამოსცა მონოგრაფია – "სითხეებისა და აირების ნარევების ჰიდროდინამიკა" ("Гидродинамика газожидкостных смесей"). ეს იყო მსოფლიოში პირველი ნაშრომი, რომლეშიც განზოგადებული იქნა ამ დარგში მიღებული თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების შედეგები. 1953-58 წლებში სამსონ ქუთათელაძე კითხულობდა ლექციებს ა. ნ. კრილოვის სახელობის სამხედრო–საზღვაო აკადემიაში. 1959 წელს მიიწვიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილებაში (ქ. ნოვოსიბირსკი) თბოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, 1964 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ ინსტიტუტის დირექტორია. სამსონ ქუთათელაძის ხელმძღვანელობის პერიოდში ნოვოსიბირსკის თბოფიზიკის ინსტიტუტი გახდა მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი ინსტიტუტი თბოფიზიკის დარგში. აქ ათობით პრობლემაზე მუშაობდნენ. მათ შორის, ჰიდროდინამიკის ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიცაა სითხეებისა და გაზის ტურბულენტურობა, ანუ ქაოტური მოძრაობა, დუღილის მექნიზმი, გალღობილი ლითონის სითბოგადაცემა, დიდი სიჩქარის დროს მოძრავი აირების თბოგადაცემა და სხვა.

სამსონ ქუთათელაძე თბოფიზიკასა და ჰიდროდინამიკაში ერთ–ერთი წამვანი სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად ითვლება. იგი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. 1962 წლიდან ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პროფესორია, 1967 წელს თბოფიზიკის კათედრის გამგედ დაინიშნა, 1970 წელს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად, 1978 წელს კი - ნამდვილ წევრად. ამევე დროს, იყო მთელი რიგი საბჭოთა თუ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი, ოცამდე მონოგრაფიისა და სამასამდე სტატიის ავტორი. სამოცზე მეტი მისი მოსწავლე გახდა მეცნიერებათა კანდიდატი, ოცდაათზე მეტი კი – დოქტორი.

სამსონ ქუთათელიძეს მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირისა (1983) და რუსეთის (1988, სიკვდილის შემდეგ) სახელმწიფო პრემიები, საკავშირო აკადემიის პოლზუნოვის სახელობის პრემია (1976). დაჯილდოებულია მრავალი ჯილდოთი, მათ სორის, სოციალისტური შრომის გმირისა (1984) და ლენინის სახელობის სამი ორდენით (1967, 1982, 1984), ოქტომბრის რევოლუციის (1974), შრომის წითელი დროშის (1954) და საპატიო ნიშნის (1957) ორდენებით. ამერიკის ინჟინერ–მექანიკოსთა საზოგადოებისა  და ინჟინერ–ქიმიკოსთა ინსტიტუტის მიერ დაარსებული მაქს ჯეიკობის სახელობის საერთაშორისო მედლით (1969).

დიდია სამსონ ქუთათელაძის წვლილი ქართველ მეცნიერ–ენერგეტიკოსთა აღზრდაში. საქართველოში მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ქართველ მეცნიერებთან, ერთობლივად ტარდებოდა მნიშვნელოვანი კვლევები ბიოფიზიკასა და თბოენერგეტიკაში.

სამსონ ქუთათელაძე გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია ნოვოსიბირსკში. მისი სახელი ეწოდა ნოვოსიბირსკის თბოფიზიკის ინსტიტუტსა და ნოვოსიბირსკის ერთ–ერთ ქუჩას. აქ ცხოვრობს მისის ვაჟი – მათემატიკოსი სიმონ ქუთათელაძე. მეცნიერის სიკვდილის შემდეგ დაარსდა მისი სახელობის პრემია. 

წყარო:

1. სამსონ ქუთათელაძე : 1914-1986 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.294-295. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.

2. ქუთათელაძე სამსონ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.187. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

3. სამსონ ქუთათელაძე // გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები : კრებული / შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და სხვ.; იბეჭდება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით. - თბ., 2012. - გვ.144-146.


Share: