The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ თარხნიშვილი

მიხეილ თარხნიშვილი
Other name:მიქელ  (Name in religion)
Date of birth:12 January, 1897
Date of death:15 October, 1958  (at 61 years)
Burial location:რომი, იტალია
Category:Theologian, Religious leader

Biography

მიხეილ თარხნიშვილი სტეფანე თარხნიშვილისა და სალომე სეფიძის კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. 1911-1913 წწ. სახალხო სკოლაში სწავლობდა, სოფელ სკრაში. 1913 წელს კი კონსტანტინოპოლში (სტამბოლი) გაჰყვა ქართველ კათოლიკე ბერებს, რომლებიც იქაურ ქართულ სამონასტრო სკოლაში სწავლის მსურველებს არჩევდნენ. 1913-1917 წლებში ფერიქოიში (ანგელოზთა სოფელი) იღებდა განათლებას. 1917 წელს დატოვა თურქეთი და შვიდ ქართველ ახალგაზრდასთან ერთად სწავლა განაგრძო გერმანელ ბენედიქტინელთა ქალაქ ეტალის (სამხრეთ ბაიერნი, გარმიშ–პარტენკირხენთან) ცნობილ სააბატოში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1919 წელს  მიხეილ თარხნიშვილი მცირე ხნით სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში განაგრძო სწავლა. ეს მისი ბოლო ვიზიტი იყო. იმავე წლის დეკემბერში, კვლავ თურქეთში გაემგაზავრა. 1923 წელს დაამთავრა კონსტანტინოპოლის კაპუცინების კოლეჯი. 1923 წლის სექტემბრიდან 1924 წლის ივლისამდე სწავლობდა კონსტანტინოპოლის ქართულ მონასტერში. 1924 წლის ოქტომბერში გაემგზავრა ავსტრიაში და წმ. გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში გაიარა ფილოლოგიური და ფილოსოფიური განათლების კურსი (1924-1929 წწ.). 1929 წელს ჩავიდა რომში, სადაც ჯერ ბერძნულ კოლეჯში შევიდა თავისუფალ მსმენელად, შემდეგ კი სწავლობდა რომის პაპის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში (1930-1933 წწ.). იქვე ლათინურ ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: "თეატინელი მქადაგებლები საქართველოში მე-17 საუკუნეში" და მოიპოვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1931 წლის 6 აგვისტოს მიხეილ თარხნიშვილი აკურთხეს მღვდლად რომის მახლობლად, გროტაფერატას ბერძნულ სააბატოში. 1934 წელს მიიღო სასულიერო საზოგადოების დავალება – საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მყოფ ქართველთაგან აღეზარდა წარმომადგენლები აღმოსავლური ეკლესიისათვის. ამ მიზნით იგი გაემგზავრა ბენედიქტელ მამებთან ჯერ პარიზში, შემდეგ კი დეგენდორფში (ბავარია). 1934-1936 წლებში ქართველ კათოლიკეთა (ემიგრანტთა შორის) სულიერი მოძღვარია ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. 1936-1942 წლებში იმყოფება ბენედიქტელ ბერებთან ბაიერნში (ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში). ამ პერიოდში აღმოსავლეთის ეკლესიების კონგერეციამ ვატიკანში დასვა საკითხი ქართული ლიტურგიკული ტექსტების დაბეჭდვის შესახებ. მიხეილ თარხნიშვილი, როგორც ამ საქმისათვის ზედმიწევნით შესაფერისი კანდიდატურა, 1943 წლიდან რომში გადავიდა და მთლიანად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულება იყო – ქართველოლოგია, ქრისტიანული აღმოსავლეთი და ბიზანტიოლოგია.

მიხეილ თარხნიშვილი ღრმად განსწავლული პიროვნება იყო. მას ისე ბრწყინვალედ სცოდნია ენები, რომ თითოეულ მათგანზე წერდა სამეცნიერო ნაშრომებს. მეტად მრვალფეროვანი იყო მისი შემოქმედებითი თემატიკა: ქართული სასულიერო მწერლობის ისტორია თუ საქართველოს ისტორია, მთარგმნელებითი თუ ლექსიკოგრაფიული საქმიანობა... ფასდაუდებელია მიხეილ თარხნიშვილის ღვაწლი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში დაცულ უძველესი ქართული წარწერების, ხელნაწერებისა და ლექციონარების გამოქვეყნება–შესწავლაში. იგი ეძებდა იტალიის წიგნთსაცავებში დაცულ ქართულ წყაროებს, თარგმნიდა და აქვეყნებდა ძველი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ძეგლებს, აცნობდა ევროპელებს საქართველოს ლიტერატურასა და კულტურას. "მთელი დასავლეთისათვის ქართული ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებელი იყო... არ არსებობს საქართველოს ისტორიის, მისი ენის, ლიტერატურისა და ლიტურგიის დარგი, მათი მიმართება მეზობელი ქვეყნების ლიტერატურასა და ეკლესიასთან, რომელშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი მას არ შეეტანოს, მან პირველმა დაანახა დასავლელ მკვლევარებს ქართული ლიტერატურის ნაკლებად ცნობილი საგანძური", – წერდა მიხეილ თარხნიშვილზე მისი ბელგიელი მოწაფე, ქართველოლოგი ჟერარ გარიტი.

მიხეილ თარხნიშვილმა დიდი შრომა გასწია გრაცის უნივერსიტეტისა (ავსტრია) და ვატიკანის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების გამოსაქვეყნებლად. ევროპელთათვის ხელმისაწვდომი რომ გაეხადა ქართული მწერლობა, გერმანულ ენაზე გამოსცა "ქართული ლიტერატურის ისტორია" (იულიუს ასფალგის მონაწილეობით), დაწერილი კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული მწერლობის ისტორიის" I ტომის საფუძველზე. ამ დროისთვის ევროპაში უკვე გაცხოველებულ ინტერესს იჩენდნენ ქართული ორიგინალური და ნათარგმნი სასულიერო ლიტერატურული ძეგელბისადმი და მომწიფებული იყო აუცილებლობა ერთ–ერთ ევროპულ ენაზე შემაჯამებელი მიმოხილვითი ნაშრომის შექმნისა. წიგნი გამოქვეყნდა 1955 წელს ვატიკანის ბიბლიოთეკის "გამოკვლევებისა და ტექსტების" სერიით. მას წინ უძღვის მიხეილ თარხნიშვილის მოკლე წინასიტყვაობა და იულიუს ასფალგის "შესავლის მაგიერ". დამატების სახით ერთვის ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა კიმენური რედაქციის ქართული თარგმანების სია და სახელთა საძიებელი.

მიხეილ თარხნიშვილი სიცოცხლეშივე იყო აღიარებული, როგორც სახელგანთქმული მეცნიერი. როცა პალესტინაში საირ–ელ–ღანიმის მიდამოებში იტალიელმა არქეოლოგმა ვარჯილიო კორბომ გამოავლინა ძველი ქართული წარწერებით დამშვენებული სამონასტრო კომპლექსის ნაშთები, წარწერების შესასწავლად სწორედ მიხეილ თარხნიშვილი მიიწვია. მან პირველმა გაშიფრა და მეცნიერულად გაანალიზა ოთხი ქართული წარწერა, რომლებიც შესრულებული იყო მოზაიკურ იატაკზე ასომთავრულით. მიხეილ თარხნიშვილისა და ვ. კორბოს კვლევას გამოეხმაურნენ, როგორც ევროპაში (ჰ. ენგბერდინგი), ისე საქართველოში (ალ. გამყრელიძე, ბ. გიორგაძე, შ. ნუცუბიძე). გაირკვა, რომ წარწერებიდან ორი უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის – ეკუთვნის V ს–ის 30-იან წლებს და ნახევარი საუკუნით უსწრებს მანამდე უძველესად ცნობილ ბოლნისის სიონის წარწერებს.

მიხეილ თარხნიშვილი მთელი სიცოცხლის მანძილზე იყო უცხოეთში ქართული კულტურის ერთგული დამცველი და ქომაგი. მაგალითისათვის დავასახელებთ მხოლოდ ერთ შემთხვევას: ევროპის სამეცნიერო წრეებში იმხანად გაბატონებული იყო პ. პეეტერსის დებულება, რომლის თნახამად "ბალავარიანი" ბერძნული თარგმანი ქართულიდან უნდა იყოს შესრულებული ექვთიმე ათონელის მიერ XI საუკუნის I ნახევარში. მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორმა დოლეგერმა სცადა დაერღვია ეს დებულება და უარყო "ბალავარიანის" ბერძნული თარგმანის ქართულიდან წარმომავლობა. მიხეილ თარხნიშვილმა ამასთან დაკავშირებით გერმანულ და ქართულ ენებზე დაწერა ორი ნაშრომი, სადაც გააკრიტიკა დოლეგერის თვალსაზრისი და მეცნიერულად დაასაბუთა პ. პეესტერის დებულების მართებულება.

მიხეილ თარხნიშვილის განსაკუთრებული ინტერესის საგანს შეადგენდა უძველესი ქართული ლექციონარების კვლევა და მთი ტექსტის მეცნიერული გამოცემა. აღსანიშნავია ის დიდი მუშაობა, რომელიც მან გასწია იერუსალიმური ლექციონარის ვრცელი ქართული ვერსიის ტექსტის დასადგენად, რომლის გამოქვეყნებას მეცნიერი ვერ მოესწრო. მის მიერ მომზადებული ძეგლი გამოიცა მკვლევარის გარდაცვლების შემდეგ რ. დრაგესა და ჟ. გარიტის მზრუნველობითა და ხელმძღვანელობით ქართულ და ლათინურ ენებზე. ეს ლექციონარი, რომელიც ნაკლებად იყო ცნობილი უცხოელებისათვის, ლიტურგისტებმა, ჰაგიოლოგებმა და პალესტინოლოგებმა ერთხმად შეაფასეს, როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელმაც შემოგვინახა იერუსალიმის უძველესი ტიპიკონი, ხოლო მიხეილ თარხნიშვილის ეს გამოკველვა მის ერთ–ერთ საუკეთესო და სრულყოფილ ნაშრომად აღიარეს.

1948 წელს მიხეილ თარხნიშვილმა გამოსცა იაკობის ჟამისწირვის ქართული ნუსხის გერმანული თარგმანი გამოკვლევითურთ, რასაც მალე მოჰყვა ქართული ჟამისწირვის ტექსტების გამოცემა ლათინური თარგმანითურთ. აღნიშვნის ღირსია არქეოლოგიური ხასიათის შრომა "ქართული ხელნაწერები და ძველი წიგნები რომის წიგნსაცავებში", რომელიც გაგრძლებებით დაიბეჭდა პარიზში, ჟურნალ "ბედი ქართლისაში". მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე, საქართველოს ეკლესიის ისტორია VIII საუკუნემდე ( ქართულ ენაზე), რომლის გამოცემაც ავტორმა ვერ მოასწრო და ამჟამად ხელნაწერის სახით ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

უცხოელი სპეციალისტები მიხეილ თარხნიშვილს ხშირად მიმართავდნენ დახმარებისათვის. ზოგიერთი ძეგლის ძიება სულაც მისი რჩევითა და მის მიერ მიწოდებული ცნობების საფუძველზე ყოფილა წამოწყებული. როდესაც არქეოლოგიური კველავის შედეგად წმინდა ადგილებში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები გამოვლინდა, სახელდობრ, ანტიოქიის მახლობლად ერთ დროს ქართველთა კუთვნილი ცამეტი ეკლესია და მონასტერი, ეგვიპტის უდაბნოში პეტრე იბერის მიერ V ს–ში აგებული ეკლესია, ბაჩკოვის სამონასტრო კომპლექსი, ამ აღმოჩენებს ერთ–ერთი პირველი გამოეხმაურა მიხეილ თარხნიშვილი.

პეციალური აღნიშნვის ღირსია მიხეილ თარხნიშვილის თანამშრომლობა სხვადასხვა კორპუსსა და სპეციალურ გამოცემებთან, მისი პირადი ურთიერთობა ევროპაში მოღვაწე ქართველოლოგებთან. როცა 1949 წელს პარიზში კალისტრატე სალიას ინიციატივითა და რედაქტორობით დაიწყო ქართველოლოგიური ჟურნალის "ბედი ქართლისას" გამოცემა, მიხეილ თარხნიშვილი ერთ–ერთი პირველი გამოეხმაურა ამ ფაქტს და ჟურნალის აქტიური თანამშრომელი გახდა. თითქმის ყველა ნომერში აქვეყნებდა თავის გამოკვლევებს, რამაც დიდად შეუწყო ხელი ჟურნალის სამეცნიერო პროფილის ჩამოყალიბებას. ამის გარდა, მიხეილ თარხნიშვილის გამოკვლევები იბეჭდებოდა აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის ისეთ ავტორიტეტულ ორგანოებში, როგორებიცაა Byzantische Zeitschrift, Le Museon, Oriens Christianus, Archiv für Liturgiewissenschaft და სხვა. მიხეილ თარხნიშვილი აწვდიდა ცნობებს საქართველოს შესახებ ევროპულ ჟურნალებსა და ენციკლოპედიებს (Enciclopedia Cattolica, der Christliche Orient in Vergangenheit und Gegenwart). "Corpus Scriptorum Christianorum Orientalis"-ის მთავარი მდვანის, რ. დრაგეს, თხოვნით მიხეილ თარხნიშვილმა იკისრა საგამომცემლო კრებულის ქართული განყოფილების მეურვეობა და გამოაქვეყნა ამ "კორპუსში" 4 ტომი: ძველი ქართული ლიტურგიები და გრიგოლ ბაკურიანის ტიპიკონი. მისი სიკვდილის შემდეგ ამავე სერიით გამოიცა ქართული ლექციონარი. მიხეილ თარხნიშვილმა შეადგინა, აგრეთვე "ქართულ–ფრანგული ლექსიკონი".

მიხეილ თარხნიშვილი 1958 წლის 15 ოქტომბერს, რომში გარდაიცვალა. დაკრძალეს ვატიკანში მოღვაწე უცხოელ მამათა საერთო აკლდამაში. მისმა მოწაფემ და კოლეგამ გერმანელმა ქართველოლოგმა, აღმოსავლეთმცოდნე იულიუს ასფალგმა მამა მიქელის გარდაცვალების შემდეგ შეკრიბა ბიოგრაფიული ცნობები და გამოაქვეყნა ვრცელი ნეკროლოგი ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფურცლებზე. მანვე შეადგინა მიხეილ თარხნიშვილის შრომების ბიბლიოგრაფიაც.

წყარო:

1. თარხნიშვილი მიხეილ // ქართველები უცხოეთში : წ.1. - თბ., 2012. - გვ.97-98. - საერთო ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

2. იტალიაში გარდაცვალებულნი // ლტოლვილთა საძვალენი : 1921-1974. - პარიზი, 1971. - გვ. 40.

3. პაპუაშვილი, ნუგზარმიხეილ თარხნიშვილი და მისი "საქართველოს ეკლესიის ისტორია" / ნუგზარ პაპუაშვილი // საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან მე-7 საუკუნის დასასრულამდე / მიხეილ თამარაშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-22-235-1. - გვ. 17-90. - პარალელური ტექსტი ქართულ და გერმანულ ენებზე.

4. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნამიხეილ თარხნიშვილი : ქართველოლოგიური მოღვაწეობა უცხოეთში // მე და ჩემი ეკლესია / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-22-401-0. - გვ.15-18.


Share: