The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


შალვა ბერიძე

შალვა ბერიძე
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1892
გარდაცვ. თარიღი:1970  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:იტალია
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

შალვა გიორგის ძე ბერიძემ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა, შემდეგ – ხარკოვის უნივერსიტეტი. 1913 წელს ხარკოვში ბროშურის სახით გამოიცა შალვა ბერიძის რეფერატი რუსულ ენაზე "Непонятный гений (Илья Григорьевич Чавчавадзе как поэт-гражданин)". ეს შრომა მან 1912 წელს ხარკოვის უნვერსიტეტის სააქტო დარბაზში წაიკითხა ილია ჭავჭავაძის დაბადების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოზე. 1917-1918 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში, სადაც ნიკო მარისა და ალექსანდრე ხახანაშვილის რეკომენდაციით დაიწყო კვლევები ენათმეცნიერებაში. 1917-20 წლებში შალვა ბერიძეს მოსკოვსა და თბილისში რუსულ ენაზე გამოუქვეყნებია წიგნაკები ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და პუშკინის მეგობრის, პოეტ ვ. ტეპლიაკოვის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. 1919 წლის მარტში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ნიკო მარის ინიციატივით შალვა ბერიძეს მიანდო მეგრული სიტყვიერებითი და ეთნოგრაფიული მასალების შეკრება და ჩაწერა. 1919 წლის 15 მარტს მეცნიერი გამოემგზავრა მოსკოვიდან და ივლისის თვიდან, თბილისის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, შეუდგა მუშაობას სამეგრელოში, ახალ–სენაკში. 1920 წელს თბილისში ხელნაწერის უფლებით გამოიცა მისი 220 გვერდიანი წიგნი: "მეგრული (ივერიული) ენა, შესავალი და მასალები", რომლის წინასიტყვაობაში ავტორი წერდა: "მეგრული ენის მასალები განზრახულია სამ წიგნად: I - შეიცავს: შესავალს (8 თავი), ლექსებს, ზღაპრებს, ანდაზა–გამოცანებს, შელოცვებს, ლეგენდებს, ბატონყმობის ამბავს, თარგმანს მეგრულიდან ქათულად და სალექსიკონო მასალას; II - ზუგდიდი–სამურზაყანოს კილოს ტექსტებსა და სამეგრელოს ეთნოგრაფიულ მიმოხილვას; III - ჯვრის ტექსტებს, როგორც განსაკუთრებული თქმის ნიმუშს სვანური ენის გავლენის გამო". სამწუხაროდ, ეს წიგნი აღმოჩნდა პირველი და უკანასკნელი მეცნიერის მიერ ჩაფიქრებული მრავალტომიანი გამოკველვისა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შალვა ბერიძე ემიგრაციაში წავიდა. 1924 წლის სექტემბრის დამლევს ქართული არასოციალისტური პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის აქტიურ წარმომადგენელთა ჯგუფმა შალვა ბერიძის თაოსნობით პარიზში დააფუძნა ქართველი ახალგაზრდობის პატრიოტული ორგანიზაცია "მომავალი". შეადგინეს 10 მუხლისაგან შემდგარი დებულება, რომელიც მთლიანად ქართული ეროვნული სახელმწიფოს აღდგენაზე და კულტურულ–ისტორიული ტრდიციების განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ორგანიზაციის სულისკვეთების გარკვევისათვის საკმარისია მოვიხმოთ დებულების დასკვნითი მე-10 მუხლი: "მომავალი" არის თავისუფალი, უწმინდესი შეფიცვა უტყუარის პარტიოტიზმით აღჭურვილი ქართველებისა და საქართველო – სამლოცველო დიდებაა მისთვის". აღსანიშნავია, რომ დებულება ითარგმნა და გამოქვეყნდა ფრანგულ პერიოდულ პრესაში. იმავე წლის 24 ოქტომბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები მიწვეულები იყვნენ "მომავლის" ერთ–ერთ სხდომაზე. შეფიცულთა ბელადმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი წინადადება ორგანიზაციისათვის ეწოდებინათ "თეთრი გიორგი", ვინაიდან გველეშაპის განმგმირავი თეთრი გიორგი (წმინდა გიორგი) იყო ქედუხრელი, მებრძოლი საქართველოს სიმბოლო. ორგანიზაციას სათავეში ლეო კერესელიძე და მიხაკო წერეთელი ჩაუდგნენ.

პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად შალვა ბერიძე ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. ბეჭდავდა წერილებს ჟურნალ "აზიატიკში". 1930-იანი წლების დასაწყისში ლონდონში ინგლისურად გამოუცია "ქართველი პოეტები", ფრანგულად დაუწერია ნაშრომი "ბაირონი და პუშკინი", იტალიურად – "ლერმონტოვი კავკასიაში". მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 1931 წლის 11 ოქტომბერს პრინცესა სალომე დადიანის ინიციატივით საქართველოს შესახებ ჩატარებულ კონფერენციაზე გამოვიდა მოხსენებით "გველისმჭამელი – ქართული პოემა" და მონაწილეობა მიიღო "ვეფხისტყაოსნის" განხილვაში. 1936 წლის 19 იანვარს "პარიზში მყოფ ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა ასოციაციის" მიერ გამართულ ვაჟა–ფშაველას გარდაცვალების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სალიტერატურო სხდომაზე ფრანგულად წაიკითხა მოხსენება "ვაჟა და მისი აფორიზმები".

1934 წელს შალვა ბერიძემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. 1936 წლიდან ცხოვრობდა იტალიაში, ნეაპოლში. სწავლობდა ბასკურ–ქართულ ურთიერთობებს, ქართულ-აღმოსავლურ კონტაქტებს, ქართველ მწერალთა შემოქმედებას, იტალიურად თარგმნიდა ქართულ ნაწარმოებებს. პროფესორ ბ. ბარბიელინის მიწვევით 1936-1948 წლებში ნეაპოლის აღმოსავლეთის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას. ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარა. პროფესორ შალვა ბერიძის ლექციებს მსმენელთა ფართო აუდიტორია ჰყავდა, რომელიც დიდი ინტერესით ეცნობოდა კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში შალვა ბერიძემ აღმოაჩინა და გამოსცა კაპუცინების ორდენის ბერის ბერნარდო დი ნაპოლის ორი ჩანაწერი, 1670-1680 წლებში საქართველოში მოგზაურობის შესახებ.

შალვა ბერიძე უაღესად ნაყოფიერი მკვლევარი იყო, ნაშრომებს აქვეყნებდა ფრანგულ, იტალიურ, ინგლისურ ენებზე. თანამშრომლობდა ემიგრანტულ ქართულ ჟურნალ–გაზეთებთან – "ბედი ქართლისა", "ივერია", "ქართლოსი" და სხვა. არის ათამდე წიგნისა და რამდენიმე ათეული ნაშრომის ავტორი – "ქართული ენა იტალიაში", "ბასკური და ქართული", "მედიცინა აღმოსავლეთში, აზია და ევროპა", "მოგზაურობები კავკასიაში", "პიეტრო დელა ვალლე კავკასიაში", "ქართული ენის ელემენტები", "საქართველო და ფრანგული მწერლობა", "წერილები "ვეფხისტყაოსნის" საკითხებზე" და ა.შ. დაუბეჭდავი დარჩა ნაშრომები: "აზია", "კავკასია", "საქართველო" (იტალიურ ენაზე).

მეტად მნიშვნელოვანია შალვა ბერიძის როგორც მეცნიერ–რუსთველოლოგის ღვაწლი. ამ სფეროში პირველი ნაშრომი, სახელწოდებით "რუსთაველი", მან 1937 წელს წაიკითხა ნეაპოლის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. თუმცა რუსთველოლოგიაში მისი მოღვაწეობის დაგვირგვინებად უნდა ჩაითვალოს "ვეფხისტყაოსნის" სრული პროზაული თარგმანი იტალიურ ენაზე, რომელიც 1945 წელს მილანში გამოქვეყნდა ("La Pelle di Leopardo di Sciotha Rusthaveli. Traduzione dal Georgiano di Scalva Beridze. Milano, 1945"). თარგმანი შესრულებულია "ვეფხისტყაოსნის" 1903 წლის დავით კარიჭაშვილისეული გამოცემის მიხედვით. 1966 წ. შალვა ბერიძემ შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით წაიკითხა მოხსენება "რუსთაველის მსოფლიო მნიშვნელობა", ხოლო რომში იტალიურ ენაზე გამოსცა "ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები და ანდაზები. ამას მოჰყვა არაერთი საინტერესო გამოკვლევა. მათ შორის 1967 წელს გამოსული წიგნაკი იტალიურ ენაზე "რუსთაველი და მედიცინა", მეცნიერს ხელნაწერის სახით დარჩენია "ვეფხიტყაოსნის" სრული ფრანგული თარგმანი, რომელიც არ გამოქვეყნებულა.

შალვა ბერიძე დაქორწინებული იყო იტალიელ პოეტ კატერინა რუბერტოზე. შთამომავლობა არ დარჩენია.

წყარო:

1. ბერიძე შალვა // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.46-47. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

2. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნარაფიელ ინგილო-ივანიცკი. შალვა ბერიძე : ქართველოლოგიური მოღვაწეობა უცხოეთში // მე და ჩემი ეკლესია / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-22-401-0. - გვ.19-22.

3. მენაბდე, ლევანძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა საზღვარგარეთ // ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა / ლევან მენაბდე. - თბილისი, 2005. - ISBN 99940-38-96-6. - გვ. 77-86.


გააზიარე: