The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


სპირიდონ კედია

სპირიდონ კედია
Date of birth:20 October, 1884
Date of death:1948  (at 63 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Political Leader

Biography

სპირიდონ კედია ზუგდიდში აზნაურ მალხაზ კედიასა და თეო ქუთათელაძის ოჯახში დაიბადა. მამა 1887 წ. გარდაეცვალა და მცირეწლოვანი სპირიდონისა და მისი დის კატოს აღზრდა დედამ ითავა. 1893 წ. სპირიდონ კედია ზუგდიდის ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში შეიყვანეს. 1898 წ. ქუთაისის გიმნაზიის მეორე კლასში ჩაირიცხა. როგორც ხელმოკლე ოჯახის შვილი, სწავლის გადასახადისგან გაათავისუფლეს და სახელმწიფო სტიპენდია დაუნიშნეს. ქუთაისში ცნობილი პედაგოგის იოსებ ოცხელის სახლში ცოვრობდა. 1905 წ. იანვრის ბოლოს, რევოლუციის დროს, სპირიდონ კედიას ხელმძღვანელობით ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა არეულობა და გამოსვლა მოეწყო. ამის გამო გიმნაზიიდან გარიცხეს, ქუთაისიდან გაასახლეს და ზუგდიდიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს. საქართველოს თავისუფლების იდეამ სპირიდონ კედია სოციალ–ფედერალისტებთან დააკავშირა, თუმცა მათ სოციალისტურ შეხედულებებს არ იზიარებდა და მათი გზები მალევე გაიყარა. სამეგრელოში გლეხთა მოძრაობაში იყო აქტიურად ჩართული. 1905-07 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ სვანეთში იმალებოდა, ჟანდარმერია ყველგან დაეძებდა.

1905 წ. 12 ოქტომბერს სპირიდონ კედიამ წერილობით მიმართა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა ყრილობის საბჭოს და ევროპაში უმაღლესი განათლების მისაღებად თანადგომა ითხოვა, უარი არ უთქვამთ, თვიურად 25 მანეთი სტიპენდია დაუნიშნეს. 1906 წ. შემოდგომაზე სამშობლოდან მალულად გაემგზავრა და პარიზში ჩავიდა. "კოლეჟ დე ფრანსში" თავისუფალ მსმენელად ჩაეწერა. 1907 წ. კი სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იმავე წლის იანვარში პარიზში დაარსდა ქართველ სტუდენტთა საზოგადოება, რომლის მუშაობაშიც იგი აქტიურად მონაწილეობდა. ხელმოკლეობის მიუხედავად, ბეჯითად მეცადინეობდა. მეორე კურსიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამხრეთ საფრანგეთში გადავიდა. ლექციებს ტულუზის უნივერსიტეტში ისმენდა, დამთავრებით კი მონპელიეს უნივერსიტეტი დაამთვრა. მერე ისევ სორბონაში დაბრუნდა და ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხისათვის მუშაობას შეუდგა.

I მსოფლიო ომის დაწყებამდე სპირიდონ კედიამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ რუსეთში გამოჩენისთანავე ჟანდარმერიამ დააპატიმრა და კრონშტატის ციხეში ჩასვა. პეტერბურგის ქართული კოლონიის წევრების, ივანე ჯავახიშვილისა და სხვათა დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო მის გასათავისუფლებლად.

1914 წ. სპირიდონ კედია თბილისში ჩამოვიდა. ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების – აკაკი ხოშტარიას, ძმები ზუბალაშვილების, იოსებ დადიანისა და სხვათა თანადგომით, 1915 წელს დაარსა გაზეთი "საქართველო". გაზეთ "საქართველოში" გამოქვეყნებული მისი წერილები პორდაპირობით, დახვეწილი სტლითა და ეროვნული ინტერესებით გამოირჩეოდა. 

ილია ჭავჭავაძის სულიერ მემკვიდრეობაზე აღზრდილმა სპირიდონ კედიამ ეროვნული და დემოკრატიული ძალების გაერთიანებისა და პარტიის ჩამოყალიბების გეგმა შეიმუშავა. ამ მიზნით მთელი საქართველო შემოიარა, გამოძებნა თანამოაზრე ადამიანები, შეუდგა ადგილობრივი ორგანიზაციების ფორმირებას და სხვ. 1917 წლის მარტში ჩამოყალიბდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო კომიტეტი სპირიდონ კედიას, გიორგი გვაზავას, გრიგოლ ვეშაპელის, დავით ვაჩნაძის, ვასილ წერეთლის, შალვა ქარუმიძის და სხვ. შემადგენლობით. 1917 წლის 4-10 ივნისს კი თბილისში მოიწვიეს ეროვნულ–დემოკრატთა პირველი ყრილობა და პარტიის თავმჯდომარედ სპირიდონ კედია აირჩიეს. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უმთავრეს მიზნად საქართველოს თავისუფლება, მისი ეკონომიკური აღორძინება და სახლემწიფოებრიობის აღდგენა დაისახა.

სპირიდონ კედია ჯერ კიდევ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებამდე დაკავშირებული იყო ევროპაში არსებულ "საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან". რევაზ გაბაშვილთან და დავით ვაჩნაძესთან ერთად შედიოდა ამ კომიტეტის საქართველოს ფილიალში. კომიტეტი გერმანიის ხელშეწყობით მოქმედებდა და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად იღწვოდა. 1917 წლის შემოდგომაზე სპირიდონ კედიამ შეძლო ფრონტის ხაზის გადაკვეთა და განთავისუფლების კომიტეტთან შესახვედრად დანიასა და შვედეთში ჩავიდა. თბილისში დაბრუნებისთანავე აქტიურად ჩაერთო საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმიანობაში, რომლის წევრადაც 1917 წლის ნოემბერში დაუსწრებლად აირჩიეს. 1918 წლის მაისში სპირიდონ კედია მონაწილეობს ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, საიდანაც, როგორც ქართველი ერის სრულუფლებიანი წარმომადგენელი გაიგზავნა გერმანიაში. გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკება ეხებოდა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ქართულ–გერმანულ ურთიერთობებს.

1918 წ. 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის ხელმძღვანელობით 3 ივნისს გერმანიას ესტუმრა, სპირიდონ კედია ამ დელეგაციის შემადგენლობაში მიიწვიეს და მისი მდივნობა დააკისრეს.

1918 წლის აგვისტოდან სპირიდონ კედია საქართველოშია. 1919 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ 8 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულმა ეროვნულ–დემოკრატებმა – სპ. კედიამ, ნ. ნიკოლაძემ, გ. გვაზავამ, ე. თაყაიშვილმა, ა. ასათიანმა, გ. ქიქოძემ, ი. მაჭავარიანმა და პ. სურგულაძემ დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნეს და მმართველი უმრავლესობის – სოციალ–დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ოპოზიცია ჩამოაყალიბეს. სპირიდონ კედიასა და მისი მეგობრებისათვის ხელი არ შეუშლია ქმედითად ჩართულიყვნენ ახალი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში.

1921 წლის თებერვალ–მარტში რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ სპირიდონ კედია ემიგრაციაში არ წასულა. ის ეროვნული ძალების ყველაზე თვალსაჩინო ლიდერად იქცა. მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტი. შემოიკრიბა პეტრიოტ სამხედროთა წარმომადგენლები და მათთან ერთად პარტიზანული რაზმების ჩამოყალიბების გეგმა განიხილა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, ბიძინა პირველმა, მიხეილ გვალიამ და სხვებმა ეს გეგმა მალევე მოიყვანეს სისრულეში. მთელს საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა გაიშალა. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად ეროვნულ–პოლიტიკური ძალები 1922 წლის თებერვლისთვის მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციას ამზადებდნენ. გამოშვებული იქნა ბროშურები, პროკლამაციები და სხვა. მაგრამ ჩეკამ წინასწარ მიიღო ზომები და ანტისაბჭოთა პარტიების თითქმის ყველა ხელმძღვანელი დააპატიმრა. დააპატიმრეს სპირიდონ კედიაც...

სპირიდონ კედია ჯერ მეტეხის, ხოლო 6 თვის შემდეგ ორთაჭალის ციხეში მოათავსეს, საპყრობილეში გაუსამართლებლად ერთი წელი დაჰყო. გათავისუფლების თხოვნთ პატიმრისგან ფარულად ხელისუფლებას მისმა მეუღლემ სოფიო ჩიჯავაძე–კედიამ მიმართა. სპირიდონ კედია ერთი პირობით გაათავისუფლეს, თუ საქართველოს გაეცლებოდა და უცხოეთში გაიხიზნებოდა... ის ეტაპით ჩაიყვანეს ბათუმში, გაძლიერებული დაცვის ქვეშ იტალიურ გემ "კლეოპატრაზე" აუშვეს და უპასპორტოდ და უვიზოდ საფრანგეთში გაისტუმრეს.

პარიზში სპირიდონ კედიას პარიტეტული კოლეგიისა და ემიგრაციაში დაარსებული საქართველოს დამოუკიდებლობის საზღვარგარეთის დელეგაციის წევრობა დაეკისრა. ეროვნულ–დემოკრატიულმა პარტიამ თავისი ლიდერი ემიგრირებულ მთავრობასთან თანამშრომლობის სრული უფლებითაც აღჭურვა. სპირიდონი გატაცებით შეუდგა მუშაობას, მაგრამ მალე მისი და სოციალ–დემოკრატიული მთავრობის გზები გაიყარა. მიზეზად 1924 წლის აგვისტოს აჯანყება იქცა, რომლის იდეასაც სპირიდონ კედია არ იზიარებდა. მისთვის მიუღებელი იყო აჯანყების ნოე ჟორდანიასეული პოლიტიკური შეფასებაც. სპირიდონ კედიამ მიზნად დაისახა ემიგრაციაში ქართველთა მთლიანობის აღდგენა და ერთიანი ეროვნული ფრონტის შექმნა. ფრონტის შემადგენლობა და ხელმძღვანელი ბირთვი არა პარტიული წარმომადგენლობის, არამედ პიროვნებათა შერჩევის გზით უნდა ჩამოყალიბებულიყო. ამ მიზნით დაარსდა 1925 წელს ჟურნალი "სამშობლოსათვის", ხოლო 1932 წელს - გაზეთი "საქართველოს გუშაგი". სამწუხაროდ მისმა იდეამ ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. II მსოფლიო ომის დროს აქტიურად თანამშრომლობდა გერმანიის მიერ შექმნილ ქართულ ეროვნულ კომიტეტში.

სპირიდონ კედიამ ოჯახი ჯერ კიდევ თბილისში შექმნა, ცოლად ქართული გიმნაზიის გამგე ახალგაზრდა პედაგოგი სოფიო ჩიჯავაძე შეირთო. მათი ერთადერთი ქალიშვილი თეო 1921 წელს თბილისში დაიბადა. სამშობლოდან გაძევებულ სპირიდონს ცოლ–შვილი საქართველოში დაატოვებინეს. დედა–შვილმა მხოლოდ 1928 წელს მოახერხა პარიზში ჩასვლა და სპირიდონ კედიასთან შეერთება. კედიების ოჯახი საფრანგეთში ხელმოკლედ, მაგრამ ღირსეულად ცხოვრობდა. 20-30-იან წლებში ოჯახის არსებობის ერთადერთი სახსარი გიორგი მაჩაბლის პარფიუმერულ კომპანიაში სპირიდონ კედიას საქმიანობიდან მიღებული გასამრჯელო იყო.

სპირიდონ კედია 1948 წ. 64 წლი ასაკში ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოსთან კვლავ შეხვედრის ბედნიერება აღარ ღირსებია.


Share: