The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კიტა ჩხენკელი

კიტა ჩხენკელი
Legal name:პეტრე ჩხენკელი
Date of birth:8 November, 1895
Date of death:22 October, 1963  (at 67 years)
Burial location:ციურიხი, შვეიცარია
Category:Linguist

Biography

1918-21 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მენშევიკთა პარტიის ერთ–ერთი ლიდერის აკაკი (კაკი) ჩხენკელის უმცროსმა ძმამ, კიტამ, პოლიტიკოსი ძმისგან განსხვავებით ცხოვრების გზად მეცნიერება აირჩია და თავისი მოღვაწეობით შეძლო ევროპელები დაეინტერესებინა ქართველებითა და ქართული ენით.

კიტა ჩხენკელი სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს, რომლებიც თავდაპირველად ხონში ცხოვრობდნენ, ცხრა შვილი ჰყავდათ. კიტამ 1912 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1913-1917 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტში ეუფელბოდა სამართალსა და მსოფლიო ლიტერატურას. 1918 წელს დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებული აქტიურად ჩაერთო ქვეყნის–საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1920 წელს უმაღლესი განათლების დასასრულებლად სახელმწიფოს ხარჯზე გერმანიაში გააგზავნეს. ჰალესა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში სწავლობდა ფილოსოფიას, პოლიტიკურ ეკონომიას, სოფლის მეურნეობას. მალე იგი, როგორც ემიგრანტი, საცხოვრებლად გერმანიაში დამკვიდრდა. 

1936 წელს კიტა ჩხენკელმა მოიპოვა დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ ეკონომიკაში (სადისერტაციო თემა: "მიწათმოქმედების მთავარი თავისებურებანი საქართველოში") და ამავე წლიდან შეუდგა მოღვაწეობას ჰამბურგის უნივერსიტეტში. აქ მას დაავალეს რუსული ენის სწავლება, ერთი წლის შემდეგ კი ქართული ენის კურსის წაკითხვაც. მართალია, კიტა ჩხენკელს უმაღლესი ფილოლოგიური განათლება არ მიუღია, მაგრამ იგი დიდი ინტერესით შეუდგა ენათმეცნიერულ საქმიანობას და, რაც მთავარია, მას აქ მიეცა საშუალება სინამდვილედ ექცია სანუკვარი ოცნება – მისაწვდომი გაეხადა დასავლეთ ევროპელთათვის ქართული ენა, რომლის ორიგინალური აღნაგობა უკვე დიდი ხანია იწვევდა უცხოელი ლინგვისტების ინტერესს. ემიგრანტი თამარ პაპავა ასე იგონებს ამ პერიოდს: "კიტა ჩხენკელს მძიმე და აუტანელი დაბრკოლებები და გაჭირვება უნდა გადაელახა, რომ თავი გაეტანა და უნივერსიტეტში წარმატებით მუშაობაც ეწარმოებინა, მაგრამ ერთი წუთითაც არ ეშვებოდა ფიქრებს და ზრუნვას სამშობლოზე, ეწეოდა ჩვენი კულტურის გაცხოველებულ პროპაგანდას, მის წარმატებაზე ოცნებობდა და მისთვის იღწვოდა..."

კიტა ჩხენკელის ლექციების წყალობით ქართული ენით დაინტერესებულთა წრე ყოველწლიურად იზრდებოდა. მან მალე მოიპოვა საუკეთესო სპეციალისტის სახელი და ქართული ენის ლექტორად სხვა უნივერსიტეტებმაც მიიწვიეს. საჭირო გახდა ქართული ენის სახელმძღვანელოსა და ქართულ–გერმანული ლექსიკონის შედგენა უცხოელი სტუდენტებისათვის. 1938 წლიდან კიტა ჩხენკელმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ქართულ–გერმანული ლექსიკონისა და ქართული ენის სახელმძღვანელოსათვის მასალების შეგროვება და მოკლე ხანში საკამოდ ბევრს მოუყარა თავი, მაგრამ სამწუხაროდ 1943 წელს ჰამბურგის დაბომბვის დროს მთელი ეს მასალა, მდიდარ ბიბლიოთეკასთან ერთად, განადგურდა. კიტა ჩხენკელი, თურმე რაც ზედ ეცვა, მხოლოდ იმის ამარა ჩავიდა ბერლინში. მალე შვეიცარიაში გადავიდა, ციურიხში დასახლდა და 50 წლის ასაკში განაახლა ქართული ენის სახელმძღვანელოსა და ქართულ–გერმანული ლექსიკონის ომის დროს განადგურებული მასალების აღდგენა და ხელახლა შეგროვება–დამუშავება.

ციურიხის უნივერსიტეტსა და კონფედერაციულ უმაღლეს სასწავლებელში კიტა ჩხენკელი რუსულ და ქართულ ენებს ასწავლიდა. ამაგდარმა მეცნიერმა თავის ირგვლივ შემოიკრიბა თანამოაზრენი. ციურიხის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა ქართული ენის კათედრა, რომელიც მალე იქცა მძლავრ ქართველოლოგიურ ცენტრად. აქ აღიზარდნენ შევეიცარიელ ქართველოლოგთა შესანიშნავი კადრები: ქალბატონები – იოლანდა მარშევი, ლეა ფლური, რუთ ნოიკომი. ამ უკანასკნელთან ერთად კიტა ჩხენკელმა გერმანულ ენაზე თარგმნა და 1957 წელს ციურიხში გამოსცა "ვისრამიანი", XII საუკუნის ერთ–ერთი შემოკლებული ვარიანტიდან. მთარგმნელებმა წიგნს დაურთეს ბოლოსიტყვაობა, სადაც მოცემულია ქართული ლიტერატურის განვითარების გზები, ქართველი ხალხის ისტორია, ქართველ სწავლულთა მოღვაწეობა სინასა და ათონის მონსტრებში. აღსანიშნავია, რომ იმ დროს შვეიცარიაში ქართული სტამბა არ არსებობდა, ამიტომ კიტა ჩხენკელმა შვეიცარიის ხელისუფლათა ნებართვითა და ნივთიერი ხელშეწყობით ციურიხში დაარსა ქართული გამომცემლობა "ამირანი". საკუთარი ხელით ჩამოასხა ქართული სასტამბო შრიფტის მშვენიერი გარნიტური და დაიწყო თავისი ნაშრომების ბეჭდვა. 1958 წელს გამოვიდა 1500 გვერდიანი მონუმენტური ორტომიანი ნაშრომი "ქართული ენის შესავალი" გერმანულ ენაზე, სავარჯიშოებითა და ქართული ტექსტებით. მონოგრაფიის პირველი ნაწილი თეორიულია, მეორე კი – პრაქტიკული (სავარჯიშოები და ქრესტომათია). საილუსტრაციო მაგალითები ამოკრებილია ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწერებიდან. "ქართული ენის შესავალმა" მაღალი შეფასება დაიმსახურა მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში. სხვადასხვა ქვეყანაში დაიბეჭდა 50-ზე მეტი რეცენზია, რომლებშიც ერთხმად აღიარებდნენ სახელმძღვანელოს მაღალ თეორიულ დონეს და პრაქტიკულ ღირებულებას ქართულის შესწავლით დაინტერესებულ უცხოელთათვის. წიგნი მალე ითარგმნა ინგლისურადაც, "ქართული ენის შესავალმა" ავტორს დიდი აღიარება მოუტანა და საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. ამ შრომისათვის ციურიხის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტმა, 1961 წელს კიტა ჩხენკელს მიანიჭა ფილოსოფიის საპატიო დოქტორის – ჰონორის კაუზას ("Honoris Cauza") ღირსება. ლაუდატიოს ტექსტში ეწერა: "დასაფასებლად ქართული ენის ღრმად და ფართოდ წარმოდგენისა და დაუღალავი ერთგულებისათვის, რომლითაც მან მისი კავკასიური სამშობლოს დედაენა ადრექრისტიანული დროიდან წამოსული ლიტერატურით უცხო ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი გახადა".

1960 წლიდან დაიწყო კიტა ჩხენკელის მეორე დიდი ნაშრომის "ქართულ–გერმანული ლექსიკონის" (deutsch-georgische Wörterbücher) ნაკვეთებად ბეჭდვა, რომლის პირველი ექვსი წიგნი ავტორის სიცოცხლეში გამოქვეყნდა, ხოლო მეშვიდეზე მუშაობის დროს კიტა ჩხენკელი გარდაიცვალა. მისი მამულიშვილური საქმე განაგრძეს მისმა მოწაფეებმა პროფესორ იოლანდა მარშევის ხელმძღვანელობით, რომელიც კიტას გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ციურიხის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრას. წიგნის გამოცემაში მათ დიდ დახმარებას უწევდა ვიქტორ ნოზაძე, რომლიც ხშირად ჩადიოდა პარიზიდან ციურიხში, რათა მომზადებული მასალა გადაეკითხა და დასაბეჭდად გადაეცა. ლექსიკონს ხელნაწერში კითხულობდა და მასში საჭირო შესწორებები შეჰქონდა ფრანგ ქართველოლოგს რენე ლაფონსაც. ამ ერთ–ერთი საუკეთესო ლექსიკონის გამოცემა 26 ნაკვეთად საბოლოოდ 1974 წელს დასრულდა და იგი მნიშვნელოვან მოვლენად არის შეფასებული ქართველოლოგიის ისტორიაში. ამავე წელს გამოიცა გერმანულად ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც რუთ ნოიკომმა კიტა ჩხენკელთან ერთად დაიწყო და დამოუკიდებლად დაასრულა. პროზად შესრულებულ თარგმანს დართული აქვს ისტორიულ–ლიტერატურული ნარკვევი შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის შესახებ. ილუსტრირებულია მამუკა თავაქარიშვილის მინიატურებით.

კიტა ჩხენკელი 68 წლის ასაკში ციურიხში გარდაიცვალა ბრონქოპნევმონიით. დაკრძალეს იქვე. დღეისათვის საფლავი დაკარგულია.

წყარო:

1. პაპავა, თამარკიტა ჩხენკელი // გაბნეული საფლავები / თ. პაპავა. - პარიზი, 1970. - გვ.51-53. - სტატიას ახლავს კიტა ჩხენკელის ფოტო.

2. ჩხენკელი კიტა // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუმუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.205. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

3. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნაკიტა ჩხენკელი - ჰონორის კაუზას : ქართველოლოგიური მოღვაწეობა უცხოეთში // მე და ჩემი ეკლესია / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-22-401-0. - გვ.29-32.


Share: