The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ცომაია

ალექსანდრე ცომაია
Other name:საშა  (Acronym)
Date of birth:16 March, 1907
Date of death:31 July, 1956  (at 49 years)
Burial location:სასაფლაო Mount Oliveti, ნიუ–იორკი, აშშ
Category:Publicist

Biography

ალექსანდრე (საშა) ცომაიას მამა – ბასილ (ვასილ) ცომაია (1867-1921) პროფესიით რკინიგზის ინჟინერი იყო, სადგურის უფროსად მუშაობდა და ქართულ პრესაში "საჩინოს" ფსევდონიმით ლექსებს აქვეყნებდა. ცომაიები წარმოშობით აზნაურები იყვნენ სოფელ კაპანიდან (აბაშის რაიონი). დედა – პაულია ფაღავა (1889-1966) თავად გრიგოლ ფაღავას ასული გახლდათ. სწორედ ფაღავების საგვარეულო სახლში, ბანძაში, წარმოთქვა 1880-იან წლებში იქ სტუმრად მყოფმა ილია ჭავჭავაძემ საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული სიტყვები: სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახეო.

ვასილ ცომაიას, ბოლოს, ბორჯომის რკინიგზის სადგურის უფროსად უმუშავია და აქვე გარდაცვლილა. 30 წლის ასაკში დაქვრივებული პაულია იძულებული გამხდარა, სამ შვილთან ერთად, მამისეულ სახლში დაბრუნებულიყო, სადაც ობლებს სათანადოდ აღზრდისათვის ყველა პირობა შეუქმნა. სამწუხაროდ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922-23 წლებში, ოჯახს მთელი ქონება ჩამოართვეს. დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად პაულიამ შვილებთან ერთად თბილისს შეაფარა თავი. თავდაპირველად ქმრის ბიძაშვილმა, საქართველოში ნევროლოგიის ერთ–ერთმა ფუძემდებელმა აკადემიკოსმა პეტრე ქავთარაძემ შეიკედლა. მისი დახმარებით ოჯახი ფეხზე დადგა. პაულიას შვილების განათლებაზე ზრუნვა აქაც არ შეუწყვეტია. ალექსანდრეს მომდევნო ძმა – ილია ცომაია (1910-1994) ცნობილი ვეტერინარი, ზოოვეტერინარული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე და პროფესორი გახდა, უმცროსმა დამ – ნინომ (1918-1980) კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლდათ. მისი ვაჟები არიან ისტორიკოსები – გიორგი და ვაჟა ლორთქიფანიძეები.

ხაშურის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ცომაიამ თბილისის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო ფარულ მოძრაობაში იგი ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს ჩაება. 1922 წლის თებერვალში მონაწილეობდა საქართველოს გასაბჭოების წლისთავთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებში. სტუდენტობის პერიოდში ორჯერ დააპატიმრეს კიდეც. როგორც ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ნაწილის წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1924 წლის საერთო სახალხო ამბოხებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა, უცხოეთში გახიზნულიყო. 17 წლის ახალგაზრდამ შეძლო, გაეღწია საზღვარგარეთ. ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ საფრანგეთსა და გერმანიაში, სადაც თანამშრომლობდა ეროვნულ–დემოკრატიული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესაში. ალექსანდრე ცომაიას პირველი ნაწერები გამოჩნდა, მისი უშუალო მონაწილეობით, 1927 წლის დეკემბერში პარიზში დაფუძნებულ საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდების საზღვარგარეთულ პერიოდულ გამოცემაში "ახალი ივერია". ჟურნალი გამოდიოდა 1927-1939 წლებში და გამოიცა 12 ნომერი. ყოველ ნომერში ვხვდებით ალექსანდრე ცომაიას, როგორც მეცნიერულ და პოლიტიკურ, ისე პუბლიცისტური და პოლემიკური ხასიათის წერილებს: "სადღეისო საკითხი" (N3,4, 1931); "მენშევიკების მორიგი პროვოკაცია" (N5, 1932); "საქართველოს საზღვრები" (N6, 1937); "დიდი ილია" (N7,8, 1938); "ქაქუცას ხსოვნას" (N10, 1938); "თურქული იდეები" (N11, 1938); "ფრანკოს გამარჯვება" (N12, 1938); "შობის ხე" (N12, 1939). ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ნაშრომის – "დიდი ილია" – საბოლოო და სრულყოფილი ვარიანტი დაიბეჭდა ბერლინში გამომავალ ჟურნალ "ქართველ ერში" (1944).

II მსოფლიო ომის დაწყება დიდ გამოცდად იქცა ქართული ემიგრაციისათვის. "ჩვენი მტრის მტერი ჩვენი მეგობარია", – გაისმოდა ემიგრაციის ყოველ დაჯგუფებაში. ალექსანდრე ცომაიამ მაშინვე ჩაიცვა ჯარისკაცის ფარაჯა და აღმოსავლეთის ფრონტს მიაშურა. იბრძოდა ვერმახტის ქართული ლეგიონის შემადგენლობაში. კავკასიონის კალთებამდეც კი მისულა, მაგრამ კავკასიის ოპერაციის ჩაშლის შემდეგ გერმანიში დაბრუნებულა. აქტიურად იყო ჩართული ახლადდაარსებული ქართული შტაბის მუშაობაში. იცავდა ქართველ სამხედრო ტყვეთა სიცოცხლესა და ღირსებას, ფაშისტური სისასტიკისაგან იხსნა მრავალი ქართველი ებრაელი.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ცომაია საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. აქაც მეტად მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო  – მიზნად დაისახა პუბლიცისტური მოღვაწეობით ამერიკის საზოგადოებისათვის საქართველოს საკითხი გაეცნო, 1953 წლის იანვრიდან, ნიუ–იორკში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ინგლისურენოვანი ჟურნალი "Thi Voise of Free Georgia" ("თავისუფალი საქართველოს ხმა"), რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ლეო დუმბაძე, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი სინჯიკაშვილი, გივი ზალდასტანიშვილი და სხვა ემიგრანტები. სულ გამოვიდა რვა ნომერი, მისი გამოცემა შეწყდა 1957 წელს, ალექსანდრე ცომაიას გარდაცვალების შემდეგ. ჟურნალი ამერიკელებს აცნობდა საქართველოს წარსულს, მის აწმყოსა და იმასაც, რაზე ოცნებობდნენ ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილები. ჟურნალში გამოქვეყნებულია როგორც პოლიტიკური და მეცნიერული, ისე პუბლიცისტური ხასიათის მეტად საყურადღებო წერილები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ალექსანდრე ცომაიას სტატიებს, მათი ძირითადი ნაწილი რუსულ–ქართულ ურთიერთობებსა და საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოში განხორცილებულ რეპრესიებს ეხება. საკითხის დასმის სიმძაფრით გამოირჩევა სტატიები: "ქართული საქმე" (N1, 1953), "ომი თუ მშვიდობა" (N2, 1953), "დავით–მეფე საქართველოსი" (N3, 1953), "გენოციდი" (N5, 1953), "საქმიანი ნაპერწკლები დიდი ხანძრისთვის" (N8, 1957), "საქართველო, მარტი, 1956" (N8, 1957) და სხვა. ჟურნალის პუბლიკაციებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ინგლისური თარგმანი (N1, 1953). 

ალექსანდრე ცომაია ცდილობდა ამერიკელ ქართველებს მშობლიურ ენაზე ჰქონოდათ საკუთარი გაზეთი. 1955 წლის დეკემბერში მან გივი ზალდასტანიშვილის მხარდაჭერითა და დ. სინჯიკაშვილის, გ. ლოლუას, ს. კაიშაურისა და გ. გაბლიანის მონაწილებით ნიუ–იორკში დაარსა ყოველთვიური გაზეთი "ქართული აზრი". სამწუხაროდ, ალექსანდრე ცომაიას თანამშრომლობა ამ გაზეთთან ხანმოკლე აღმოჩნდა. სულ ოთხი წერილი დაიბეჭდა: "რა შეიცვალა მოსკოვში?" (N1, 1955); "რას ამბობს ისტორია?" (N2,3,6 1956); "სტალინის მემკვიდრეობა" (N4, 1956); "ნაპერწკლიდან ხანძარიც ჩნდება" (N7, 1956). ამ უკანასკნელ წერილში იმოწმებდა რა 1956 წლის გამოსვლებს რუსული საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ თბილისში, პოზნანსა და აღმოსავლეთ გერმანიაში, იგი წერდა: "ჩვენი ბრძოლა ეროვნული ხასიათისაა, ე.ი. ჩვენ ვიბრძვით არამარტო პოლიტიკური ცვლილებებისათვის, არამედ ეროვნული სუვერენობისათვის. ამიტომ მოსკოვში როგორი ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, ვიდრე რუსი ჩვენს სამშობლოს არ დატოვებს, ეს ბრძოლა გაგრძელდება".

ალექსანდრე ცომაია 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. დკრძალულია ნიუ–იორკის სასაფლაოზე Mount Oliveti. ცოლად ჰყავდა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, სვიმომ მდივანის ასული ელისაბედი (ლიზა). მათ ერთადერთ ვაჟს პაპის საპატივცემულოდ სვიმონი დაარქვეს.

წყარო:

1. შარაძე, გურამალექსანდრე ცომაია // რჩეული თხზულებანი / ა. ცომაია. - თბ., 2000. - გვ.20-23.

2. შარაძე, გურამჟურნალი "ახალი ივერია" // ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია : ტ. 2 / გ. შარაძე. - თბ., 2001. - გვ.510-655.

3. ცომაია ალექსანდრე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუმუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.207-208. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

4. დაუშვილი, რუსუდანცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : ალექსანდრე ცომაია // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 141-144. 


Share: