The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიჰრიშაჰი (სულთანი)

Date of birth:1745
Date of death:1805  (at 60 years)
Burial location:ეიუპი, სტამბოლი, თურქეთი
Category:Royalty

Biography

ოსმალეთის სულთნის სელიმ III-ის დედის თავგადასავალი ზღაპარს ჰგავს. დაიბადა ქართველი მღვდლის ოჯახში, სავარაუდოდ, 1745 წელს. სამწუხაროდ, მისი ქართული გვარი და სახელი უცნობია. ასობით ქართველი ქალის მსგავსად მოიტაცეს და სრულიად ახალგაზრდა სულთნის ჰარამხანაში აღმოჩნდა, სადაც მიჰრიშაჰი ანუ გიშრისთვალება შეარქვეს, ლამაზმა და განათლებულმა გოგონამ მალევე მიიპყრო გარშემომყოფთა ყურადღება.

1760 წ. სულთან მუსტაფა III-ეს და მიჰრიშაჰს შეეძინათ ქალიშვილი შაჰსულთანი, ხოლო 1761 წ. – მომავალი სულთანი სელიმ III. სელიმის დაბადების შემდეგ ქართველი ქალის გავლენა სასახლეში ერთიორად გაიზარდა. მუსტაფა III საყვარელ მეუღლესა და მემკვიდრის დედას ბევრ რამეს ეკითხებოდა. მას ხშირად სტუმრობდნენ სტამბოლში მყოფი ევროპელი დიპლომატების ცოლები და სხვდასხვა საკითხზე ეთათბირებოდნენ.

მიჰრიშაჰ სულთანი ატარებდა უფროსი ცოლის წოდებას. 1774 წ. მუსტაფა III-ის გარდაცვალების შემდეგ იგი თოფქაფის სასახლიდან ძველ სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 15 წელი გაატარა. 1789 წ. სულთნის ტახტი სელიმ III-მ დაიკავა და დედა სასახლეში დააბრუნა. ეს დაბრუნება პომპეზური იყო: ძველი სასახლიდან ტახტრევანით გამოსულ მიჰრიშაჰს მდიდრული, საზეიმოდ შემოსილი ამალა მოჰყვებოდა და გზაზე ორ რიგად ჩამწკრივებული იანიჩარები ესალმებოდნენ. როდესაც პროცესია სულთნის სასახლეს მიუახლოვდა, სელიმ III სამჯერ მიესალმა დედას და ტახტრევანის ფარდიდან გამოწვდილ მის ხელს ეამბორა. სულთანმა იგი ჰარემის კარამდე მიაცილა.

მიჰრიშაჰ სულთანი მხარს უჭერდა შვილის მიერ გატარებულ რეფორმებს და როგორც ჩანს დიდი გავლენით სარგებლობდა. ამას უკავშირდება ერთი საინტერესო და კურიოზული ამბავი. 1792 წ., რუსეთ–თურქეთს შორის არსებული მუდმივი დაპირისპირების ფონზე, სტამბოლში ელჩად დაინიშნა მომავალი ფელდმარშალი მიხეილ კუტუზოვი, რომელმაც ძლიერი ჯაშუშური ქსელი შექმნა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში. რუსეთ–თურქეთს შორის ვერ წყდებოდა სავაჭრო ტარიფებისა და იმ საბაჟო გადასახადების საკითხი, რომელიც რუსულ გემებს შავ ზღვაში შესვლისა და გამოსვლის დროს უნდა გადაეხადათ. ამიტომაც გადაწყვიტა კუტუზოვმა, როგორმე ჰარამხანაში შეეღწია, მიჰრიშაჰს შეხვედროდა და ეს პრობლემა მისი დახმარებით მოეგვარებინა. უცხო მამაკაცის შესვლა ჰარამხანაში საარაკო ამბავი იყო და მთელ სტამბოლში დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. სელიმ III ძალზედ გამხიარულდა, როცა დაცვის უფროსმა მოახსენა დედამისის შეხვედრის შესახებ ეკატერინე II-ის "მთავარ საჭურისთან" (როგორც მან კუტუზოვს უწოდა). სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ მოგვარდა სავაჭრო ტარიფების საკითხი. მოლაპარაკებით კმაყოფილმა სელიმ III-მ ეკატერინე II-ეს საჩუქრად გაუგზავნა ოქროთი და ძვირფასი თვლებით შემკული ცხენის უნაგირი და მთელი მოკაზმულობა, რომელიც დღესაც მოსკოვის კრემლის იარაღის პალატაში ინახება.

მიჰრიშაჰ სულთანი სულთანთა დედებს შორის ყველაზე დიდი ქველმოქმედის სახელით სარგებლობდა. სტამბოლში მას ძალიან მოსწონდა ეიუპის უბანი და ზაფხულის თვეებს უმეტეესად აქ მდებარე სანაპირო სახლში ატარებდა. აქვე ააგებინა აკლდამა, მედრესე (ტრადიციული ტიპის უმაღლესი სასწავლებელი), ბიბლიოთეკა და იმარეთჰანე (საქველმოქმედო დაწესებულება). მისი ბრძანებითვეა აგებული ლევენტის აგარაკზე მდებარე ყაზარმების მეჩეთი, ჩეშმე (მოჩუქურთმებული წყარო, შადრევანი) და დაწყებითი სკოლა, ჰაქსოიში – მესანგრეთა ყაზარმების მეჩეთი, ჰალიჯიოღლუში კი საკუთარ სახელზე აშენებული მეჩეთი. კასიმფაშაში მევლევიანთა სავანე აღადგინა. ამ საქველმოქმედო საქმეებს სელიმ III დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს, წერილობით წყაროებში ამა თუ იმ კეთილი საქმის განხორციელება ხან მიჰრიშაჰს, ხანაც სულთანს მიეწერება.

ამბობენ, რომ სულთან სელიმ III-ეს ანგელოზივით სახის ნაკვთები და სქელი წაბლისფერი თმა დედისგან გამოჰყვა. მიჰრიშაჰი, თავისი შვილის მსგავსად, მევლევიანთა სუფიტურ ორდენს მიეკუთვნებოდა და ღვთისმოსავიც ყოფილა.

1805 წ. 16 ოქტომბერს მიჰრიშაჰ სულთანი თოფქაფის სასახლეში გარდაიცვალა. დასაფლავების ცერემონია პომპეზურობით გამოირჩეოდა. ცხედარი ედირნეჰაფიდან ეიუპში წაასვენეს და იმარეთჰანეს გვერდით მდებარე აკლდამაში დაკრძალეს.

წყარო:

1. ფუტკარაძე, შუშანა; ახვლედიანი, მერაბ. ოსმალეთის სამეფო კარზე მოღვაწე ქართველი დედოფლები და სარდლები: მიჰრიშაჰ სულთანი და ქუჩუკ ჰუსეინ ფაშა // გამონათლევი . – ბათუმი . – 2014 . – გვ. 466-472.


Share: