The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლუკა მელუა

ლუკა მელუა
Other name:ლუსიან  (Changed name)
Date of birth:27 December, 1936
Date of death:17 December, 2010  (at 73 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Engineer

Biography

ლუკა მელუა პარიზში ქართულ ოჯახში დაიბადა. დედა – მარიამ ბარნოვი (1913-1999 წწ.) ცხრა წლამდე გორში იზრდებოდა ბებიასთან. დედით ობოლი იყო. მამამისი – ნიკოლოზ ბარნოვი წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა და საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იძულებული გახდა, სამშობლოდან წასულიყო. 1922 წელს პატარა მარიამმაც დატოვა საქართველო და ოჯახთან ერთად ვარშავის გავლით ჩავიდა პარიზში. იზრდებოდა კათოლიკურ პანსიონში, მაგრამ მართლმადიდებლობის ერთგული დარჩა და ვაჟიც ამ რწმენით გაზარდა. მანვე ჩაუნერგა პატარა ლუკას მუსკის სიყვარული.

ლუკას მამა – მირიან მელუა (1903-1991 წწ.) წარმოშობით ოზურგეთიდან გახლდათ. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ჯერ თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში. მირიან მელუა ვერასოდეს შეეგუა საქართველოს ოკუპაციას. იგი იყო სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი და მთელი ცხოვრება შეძლებისდაგვარად იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.

ლუკა მელუამ დაამთავრა ჟან–ბატისტ კოროს სახელობის ლიცეუმი  სავინ სურ ორჟში და სწავლა პარიზის აერონავტიკისა და ავტომობილთა კონსტრუქციის ტექნიკურ სკოლაში განაგრძო. საინჟინრო განათლების მიუხედავად მისი ინტერესების სფერო ბევრად ფართო იყო. ხელოვნებათა და ხელობათა კონსერვატორიაში და მომარაგების უმაღლეს სკოლაში სწავლის შემდეგ აღმოსავლური ენების სკოლაში (ეხლა ინალკო) შევიდა და ჟორჟ შარაშიძისგან ისწავლა ქართული ენა.

პროფესიული კარიერის ძირითადი ნაწილი ლუკა მელუამ გაატარა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს საფრენოსნო ცენტრში ბრეტინ სურ ორჟში, სადაც ცდიდნენ და კვალიფიკაციას აძლევდნენ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს. თანამშრომლობდა რეგიონალურ პრესასთან, განსაკუთრებით ჟურნალთან – "Sport-Auto". არის ავტორი წიგნებისა მექანიკაზე. 2001 წ. გამოაქვეყნა ნაშრომი "ქართველები ლევილის გზაზე". 2003 წელს ძმასათან, მირიანთან, ერთად დაწერა  "ლევილ სურ ორჟი და საქართველო: საერთო ისტორია". 2003 წელს ძმებმა მელუებმა და კლოდ პარმენტიემ დააფუძნეს "ლევილი სურ ორჟის ფრანგულ–ქართული დღეები", რომლებიც დღესაც ტარდება. 2007 წელს მისი თაოსნობით ინტერნეტით დაიწყო საინფორმაციო ბიულეტენის – "Georgian Neews" – გამოშვება ფრანგულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ლუკა მელუა 2010 წლის 17 დეკემბერს გარადაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია გაიმართა ლევილში. წესი აუგო მამა არჩილ დავრიშაშვილმა, გალობდა ნანა ფერაძე. მიუხედავად ცუდი ამინდისა ბევრმა ადამიანმა მიაგო პატივი. იყვნენ ძირითადად თანამებრძოლები, პოლიტიკური მოღვაწენი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, კოლეგები, ბავშვობის მეგობრები.


Share: