The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ხარიტონ შავიშვილი

ხარიტონ შავიშვილი
Date of birth:1886
Date of death:27 January, 1975  (at 89 years)
Burial location:კოლონის სასაფლაო, ჟენევა, შვეიცარია
Category:Writer, Politician

Biography

რევოლუციონერი და დიპლომატი ხარიტონ შავიშვილი გურიაში, სოფელ ქვედა–ბახვში დაიბადა. მის მშობლებს – სედა დოლიძესა და როსტომ შავიშვილს შვიდი შვილი ჰყავდათ, ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ხარიტონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უფროსმა ძმამ, ვანომ. სწორედ მან წაიყვანა ბათუმში, 1881 წელს და რევოლუციურ საქმიანობაში ჩააბა. აქ დაუახლოვდა ჭაბუკი ხარიტონი სოციალ–დემოკრატებს – ისიდორე რამიშვილს, ნოე ხომერიკს, ბენია ჩხიკვიშვილს, ნოე რამიშვილს და სამუდამოდ მოიწამლა სოციალისტური იდეებით. აქვე გაიცნო ნოე ჟორდანია და იოსებ სტალინი. რევოლუციური მოღვაწეობა ჭიათურაში გააგრძელა, საიდანაც ქუთაისში გადავიდა. 1906 წელს დააპატიმრეს, ჯერ მეტეხის ციხეში ჰყავდათ, შემდეგ ციმბირში გადაასახლეს. გზად, სხვადასხვა საპყრობილეში, გაიცნო ცნობილი რევოლუციონერები, მათ შორის ლევ ტროცკი. 1908 წლის გაზაფხულზე მოახერხა ციმბირიდან გაქცევა, გადალახა რუსეთი, პოლონეთი და საბოლოოდ შვეიცარიაში აღმოჩნდა, სადაც უფროსი ძმა, ვანო ეგულებოდა. ჟენევაში ძალიან ახალგაზრდა, 21 წლისა ჩავიდა. აქ გაიცნო ლენინი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა მენშევიკთა ბელადებთან – გ. პლეხანოვსა და ლ. მარტოვთან. ეს ყველაფერი ხარიტონ შავიშვილს დაწვრილებით აქვს აღწერილი 1974 წელს ჟენევაში, ფრანგულ ენაზე გამოცემულ წიგნში – "რუსი რევოლუციონერები ჟენევაში 1908 წელს".

1918 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილმა პირმა მიხეილ სუმბათაშვილმა ხარიტონ შავიშვილთან ერთად ბერნში დაარსა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგნელობა, რომლის ძირითად მიზანს საქართველოს იურიდიული და ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დადასტურება და მოწინავე ქვეყნებისათვის საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენდა. ბერნის წარმომადგენლობა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტ ნოე ჟორდანიას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, ასევე კარლო ჩხეიძეს – საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეს პარიზში, ვერსალის კონფერენციაზე და უშუალოდ ამ ადამიანებისგან იღებდა დავალებებს.

1918 წლის ნოემბერში ხარიტონ შავიშვილი ჟენევაში, ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა. 1920 წლის დეკემბრის ერთა ლიგის ასამბლეის გადაწყვეტილებით საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხი გადაიდო 1921 წლის სექტემბრის ასამბლეის სხდომამდე, თუმცა ეს ვეღარ მოხერხდა, რადგან 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ჯარები საქართველოში შემოიჭრნენ. ხარიტონ შავიშვილი ჟენევაში დარჩა და 1934 წლამდე ერთა ლიგაში როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელს მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. იგი იყო ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანების გენერალური საბჭოს წევრი და მონაწილეობდა ამ გაერთიანების ყოველწლიურ შეკრებებში ევროპის დიდ ქალაქებში. არაერთხელ გამოსულა ერთა ლიგის სხდომაზე საბჭოთა კავშირის მძაფრი კრიტიკით. ცნობილია მისი გამოსვლა გაეროში 1934 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთს ბრალი დასდო საიდუმლო შეიარაღებაში. მისი მოწაფე, ჟენევის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ეკონომიკის პროფესორი ჟან ზიგლერი გვიამბობს: "ჟენევაში გატარებული მრავალი წლის განმავლობაში ხარიტონ შავიშვილი იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის ლეგიტიმურობას და 1939 წლამდე ჟენევაში, სენ–ლეჟერის ქუჩაზე მდებარე მის სახლზე მიმაგრებული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მისიის აღმნიშვნელი დაფა. ერთა ლიგის ასამბლეაზე და საერთაშორისო კონფერენციებზე იგი ყოველთვის იცავდა დემოკრატიულ პრინციპებს. ყველაფერი მან მასწავლა, შემაყვარა საქართველო და თავისი ღრმა კვალი დაამჩნია მემარცხენეთა მთელ თაობას".

ქართული საქმის პროპაგანდისათვის საჭირო იყო აქტიური ჟურნალისტური მოღვაწეობა. სწორედ ამიტომ, 1918 წლის ნოემბერში ხარიტონ შავიშვილმა ბერნში დაარსა ქართული პრესის ბიურო, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. 25 წლის განმავლობაში ბიურო ყოველთვიურად აქვეყნებდა ცნობებს საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მსოფლიო პრესაში, თუმცა 1921 წლის შემდეგ ოფიციალურად აკრძალული ჰქონდა ინფორმაციის გავრცელება.

1925 წელს საქართველოს რესპუბლიკის საელჩომ ლონდონში გამოსცა 68 გვერდიანი კრებული - Dokuments relatifs questions de la georgia devant la Sosiete des Nations, რომელშიც თავმოყრილია ყველა დოკუმენტი: ერთა ლიგისთვის საქართველოს მთავრობის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან გადაცემული წარდგინებები, აგრეთვე, ერთა ლიგის ყრილობებისა და კომისიების იმ სხდომათა ანგარიშები, სადაც საქართველოს საკითხი ირჩეოდა.

1925 წელს ხარიტონ შავიშვილმა ჟან მარტენთან ერთად შვეიცარიაში დაარსა საქართველოს დამხმარე ინტერნაციონალური კომიტეტი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა მოსკოვის მიერ საქართველოს შესახებ გვარცელებული ცილისწამების წინააღმდეგ. კომიტეტში შედიოდნენ შვეიცარიის ყველა პარტიის – ლიბერალების, რადიკალების, კონსერვატორებისა და სოციალისტების, აგრეთვე, ჟენევაში გამომავალი ყველა გაზეთის რედაქციის წარმომადგენლები. კომიტეტს თვამჯდომარეობდა "Jurnal de Jeneve"-ის რედაქტორი ჟან მარტენი. კომიტეტი ევროპას აცნობდა ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას, ატარებდა სხვადასხვა ღონისძიებებს. 1925 წლის 27-29 ოქტომბერს ჟენევაში ჩატარდა საქართველოს კვირეული, რომელსაც დაესწრნენ ნოე ჟორდანია, შვეიცარიის მთავრობისა და 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჟენევისა და ლოზანის უნივერსიტეტების პროფესორები. შეძლებისდაგავრად ტარდებოდა კონცერტები ქართველ ხელოვანთა მონაწილეობით. 1937 წლის 4 ნოემბერს კომიტეტმა ჟენევის უნივერსიტეტში საზეიმოდ აღნიშნა შოთა რუსთაველის იუბილე.

ხარიტონ შავიშვილი არ კმაყოფილდებოდა მარტო დიპლომატიურ–პოლიტიკური და პუბლიცისტურ–ჟურნალისტური მოღვაწეობით. მას ათზე მეტი წიგნი აქვს გამოქვეყნებული ფრანგულ ენაზე, ძირითადად პოლიტიკური ხასიათისა. საკმაოდ გავლენიანი ნაცნობები ჰყავდა. ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ევროპის ქვეყნების სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან, შვეიცარიის რამდენიმე პრეზიდენტის მეგობარიც იყო. ამ ურთიერთობებს ის იყენებდა საქართველოს ინტერესების დასაცავდ, მუდმივად ეხმარებოდა შვეიცარიაში მყოფ ქართველებს. გრიგოლ რობაქიძე მისი ხელშეწყობით მოხვდა შვეიცარიაში და შემდგომშიც მუდმივად მფარველობდა. აღსანიშნავია ხარიტონ შავიშვილის აქტიური მეცადინეობა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ზონებში მყოფი თანამემამულლების გადარჩენისთვის, იგი მათი უფლებადამცველი იყო. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა ჟენევაში ომის შემდგომ პერიოდში "ქართველ ემიგრანტთა წარმომადგენლობა". უცხოეთში ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ხარიტონ შავიშვილმა შექმნა ოჯახი. მას ჰყავდა ფრანგი მეუღლე, რომელთანაც შეეძინა ვაჟი – ლევანი, ხოლო ამ უკანასკნელს კი სამი შვილი დარჩა: ეკატერინე, ემანუელ და იზაბელ (ნინო) შავიშვილები. ხარიტონ შავიშვილი 1975 წლის 27 იანვარს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იცი დაკრძალულია ჟენევის კოლონის სასაფლაოზე. პატივისცემის ნიშნად ჟენეველმა სოციალისტებმა სამუდამოდ შეისყიდეს სასაფლაოს ნაკვეთი, ხოლო უცხოეთის ქართველ თავადაზნაურთა საზოგადოებამ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მიანიჭა თავადის (Prince) ტიტული.

ხარიტონ შავიშვილის სიკვდილის შემდეგ მწერლის პირადი არქივი მეგობრებმა ანდრეი შავანმა ჟენევის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გადაიტანა. გაეროს, შვეიცარიის ფედერალური და ჟენევის სახელმწიფო არქივებშიც იყო დაცული საარქივო მასალა, რომელშიც საბჭოთა რევოლუციონერების მოღვაწეობა და ეპოქის ანალიზი იყო მოცემული. 1991 წელს არქივს საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭა და მთლიანად ჟენევაში გაეროს განყოფუილების ბიბლიოთეკაში იქნა თავმოყრილი.

2009 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მოიპოვა ხარიტონ შავიშვილის არქივის ასლები. ამასთანავე, შვეიცარიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიიღო მისი ავტორობით გამოცემული წიგნების ასლები, როგორც ციფრული, ასევე ნაბეჭდი სახით.

2013 წლის 10 ივნისს ჟენევაში, ჟორჟ–ფავონის ბულვარზე მდებარე სახლზე, სადაც ხარიტონ შავიშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობისა და ჟენევის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გაკეთდა მემორიალური დაფა, რომელსაც ქართულ და ფრანგულ ენებზე ამშვენებს წარწერა: "აქ ცხოვრობდა ხარიტონ შავიშვილი, რევოლუციონერი, მწერალი და ერთა ლიგასთან საქართველოს დემოკრტიული რესპუბლიკის წარმომადგენელი (ფრანგულ ენაზე), იცოცხლა სამშობლოსთვის (ქართულ ენაზე).

წყარო:

1. შავიშვილი ხარიტონ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.189-191. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


Share: