The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოფი ვილი

სოფი ვილი
Legal name:სოფო ხუციშვილი
Date of birth:30 October, 1990  (33 years)
Category:Musician

Biography

უკრაინაში მოღვაწე ახალგაზრდა მომღერალი სოფო ხუციშვილი სიმღერებს ინგლისურ ენაზე ქმნის. მის დატვირთულ სამუშაო გრაფიკში შედის კონცერტები ნიუ–იორკში, ლოს–ანჯელესში, მოსკოვში, კიევში. სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს. მისი პირველი ალბომი საქართველოში "ბრავო რეკორდსში" ჩაიწერა. სოფო 1990 წლის 30 ოქტომბერს თბილისში ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. მამა - დათო ხუციშვილი მუსიკოსია, დედა – მილა ხუციშვილი კი ინტერიერის დიზაინერი. როგორც თავად ამბობს სამი წლის ასაკიდან უსმენდა მუსიკას მამასთან ერთად, რომელსაც ვინილის დისკების დიდი კოლექცია ჰქონდა. ხუთი წლისა შეიყვანეს კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში ფორტეპიანოს განხრით. წარმატებების მიუხედავად, კლასიკური მუსიკის ჩარჩოებს, სიმკაცრეს ვერ შეეგუა და ოთხი წლის შემდეგ სწავლა შეწყვიტა. პარალელურად სერიოზულად იყო დაკავებილი სპორტით. თორმეტი წლისამ ევროპის ჩემპიონატიც მოიგო წყალში ხტომაში (Euromeeting 2002, სტრასბურგი). შეჯიბრებებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, სერიოზული გეგმებიც ჰქონდა, თუმცა მუხლის ტრამვის გამო სპორტიდან წამოვიდა.

მენისკის ოპერაციით გამოწვეული იძულებითი შესვენების დროს შედგა სოფო ხუციშვილის დაბრუნება მუსიკის სამყაროში. თოთხმეტი წლისამ დაიწყო გიტარაზე დაკვრის შესწავლა. ამავე პერიოდში მამამ კომპიუტერი უყიდა და ახალბედა მუსიკოსმა პირველივე დღეს კომპიუტერის საშუალებით რვა სხვადასხა კომპოზიცია დაწერა.

პირველი კონცერტი 16 წლისამ გამართა თბილისას პატარა კლუბში, სადაც თავის მეგობართან, გიტარისტ ირაკლი მეტრეველთან ერთად უკრავდა. 

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში. 2008 წლის ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად დედის სამშობლოში, უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. აქ დაამთავრა კიევის ტურიზმისა და ეკონომიკის უნივერისიტეტი. არც მუსიკისთვის უღალატია. კიევში გაიცნო მუსიკოსი რადიონ სავჩუკი, რომელსაც მოეწონა სოფოს მუსიკა და გადაწყვიტა საერთო პროექტი გაეკეთებინათ. ერთ თვეში კონცერტიც გამართეს. ექვსი თვის შემდეგ სოფო სოლო კარიერაზე გადაერთო, უკრავდა აკუსტიკურ და ელექტროგიტარაზე. აწყობდა საღამოებს გალერეებში, ნელ–ნელა გაიცნო უკრაინელმა მაყურებელმა და შემოთავაზებებიც წამოვიდა. უცხოეთში მისი გვარის გამოთქმა  უჭირდათ, ამიტომ ფსევდონიმისათვის გვარს ფუძე მოაშორა, მხოლოდ დაბოლოება დატოვა და ასე გახდა Sophie Villy.

ჯგუფი Sophie Villy 2010 წელს ჩამოყალიბდა. მათ შემოქმედებით ანგარიშზეა 2 ალბომი: Mother Fish (2012) და Dress (2014). პირველი სერიოზული გამოსვლა 2012 წელს ჰქონდა უკრაინაში "ქოქტებელის ჯაზ–ფესტივალზე". ერთ–ერთ ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ დღეს ინტერნეტისა და სწორი პრომოუშენის მეშვეობით ნებისმიერ დამოუკიდებელ არტისტს შეუძლია თავისი მუსიკა მთელს მსოფლიოს გააცნოს, მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ  და თუ ამ ყველაფერს სიხარული და კარგი ემოცია მოაქვს შენთვის და სხვა ადამიანებისათვის, ესე იგი სწორ გზაზე დგახარ. სწორედ youtube-ზე აღმოაჩინეს Fall Arts Festival-ის ორგანიზატორებმა სოფო ხუციშვილი და მიიწვიეს ამერიკაში, ფლორიდის ფესტივალზე. წარმატებულმა საფესტივალო გამოსვლამ გადააწყვეტინა სოფოს ცოტა ხნით კიდევ დარჩენილიყო ამერიკაში. რადგან კონცერტები არ ჰქონდა დაგეგმილი, ინტერნეტში მოიძია პროგრამა Open mic-ი. ეს არის სისტემა, როდესაც მიდიხარ კლუბში კონცერტამდე ერთი საათით ადრე, რეგისტრირდები და 15-20 წუთის განმავლობაში უკრავ ხალხით სავსე დარბაზში. პირველივე გამოსვლის შემდეგ შესთავაზეს სრული კონცერტების ორგანიზება. ნიუ–იორკის მანჰეტენის ანდერგრაუნდ კლუბებში ცხრა ასეთი ლაივი შედგა.

ამერიკელი მსმენელისათვის სოფოს მუსიკა გასაგები და მისაღები აღმოჩნდა. ფლორიდის ფესტივალზე მეორადაც მიიწვიეს. ინტერნეტით გაცნობილ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად დაუკრა ამერიკის შეერთებული შტატაების რამდენიმე ქალაქში. მისი ახალი სინგლი Position ისეთ ცნობილ რადიოსადგურებში ტრიალებს, როგორიცაა BBC და კალიფორნიის წამყვანი რადიოსადგური KCRW. ეს სიმღერა ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian 2014 წელს აუცილებლად მოსასმენი მუსიკის ექვსეულში შეიტანა. სოფოს ხშირად უწოდებენ "მომღერალ ჩიტს" პატარა საქართველოდან. ადარებენ ადელს, ასევე ბობ დილანს.

სოფო ხუციშვილი აქტიურად მოღვაწეობს კინოს სამყაროში. არის ქართული, ფრანგული, ამერიკული და უკრაინული ფილმების საუნდტრეკების ავტორი. საქართველოში ბოლო სტუმრობისას ირაკლი ძნელაძესა და ბექა ფხაკაძესთან ერთად გადაიღო ახალი კლიპი, რომლის პრემიერა უკრაინაში შედგა. ბავშვების დასახმარებლად ჩართულია საქველმოქმედო ფონდ Red Nose-ის საქმიანობაში. ხშირად მონაწილეობს ფესტივალებში. აქვს მიწვევები ევროპის ქვეყნებიდან, ემზადება მორიგი ალბომის გამოსაშვებად.

წყარო: 

1. ზურებიანი ლელა. Sophie Villy - ქართველი მომღერალი, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობს // რეიტინგი. – თბილისი, 2013. – 14 ოქტომბერი. – N41(575). - გვ. 41.

2. ვილი სოფი. Sophie Villy - ქართველი მომღერალი დიდი გეგმებით: ინტერვიუ; ესაუბრა ნინო გიგიშვილი // რეიტინგი. – თბილისი, 2014. – 20 ოქტომბერი. – N42(626). - გვ. 20-21.

3. ჩიკვაიძე ეკა. სოფი ვილი – 24 წლის ქართველი მომღერალი, რომელსაც ადელს და ბობ დილან ადარებენ: "არ ვთვლი, რომ ამერიკასა და ევროპაში კონცერტების გამართვა დიდი წარმატებაა" // პრაიმტაიმი. – თბილისი, 2014. – 22 დეკემბერი. – N50. - გვ. 37.

4. http://ka.wikipedia.org/wiki/


Share: