The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სამსონ ფირცხალავა

სამსონ ფირცხალავა
Other name:კალამი  (Pseudonym)
სანვინი  (Pseudonym)
სიტყვა  (Pseudonym)
Date of birth:4 May, 1872
Date of death:1952  (at 79 years)
Category:Politician, Publicist

Biography

სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაიბადა დაბა ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში. ანბანი პატარა სამსონს უფროსმა ძმებმა შეასწავლეს, შემდეგ სოფლის დიაკვანს მიაბარეს. მოგვიანებით კი ხონის ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანეს. 1889–1893 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1893–1898 წლებში — პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს იგი დაუმეგობრდა შემდგომში ცნობილ პიროვნებებს: ივანე ჯავახიშვილს, ზურაბ ავალიშვილს, გრიგოლ რცხილაძეს, იოსებ ბარათაშვილს, არჩილ ჯორჯაძეს, ილია ნაკაშიძესა და ლუარსაბ ანდრონიკაშვილს.                                                                                                                 

პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მუშაობდა ქუთაისსა და ჭიათურაში. 1901 წლიდან გადმოვიდა თბილისში. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1893 წლიდან. 1901-1902 წლებში მუშაობდა გაზეთ „ივერიაში“. ამავე დროიდან ეწევა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1901) და ლიდერი, მესამე დამფუძნებელი კრების (1906) მონაწილე, 1907–1909 წლებში პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. შემდეგ მემარჯვენე ფედერალისტი გახდა. იყო გაზეთ „გლეხის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და ფაქტობრივი რედაქტორი (1906).

1902-1910 წლებში სამსონ ფირცხალავა ასრულებდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნისა და საქმეთა მმართველის მოვალეობას. პარალელურად უძღვებოდა საზოგადოების კანცელარიისა და ბიბლიოთეკის მუშაობასაც. 1908 წელს აირჩიეს აკაკი წერეთლის საიუბილეო კომიტეტის მდივნად. 1910 წელს გადაასახლეს ქალაქ ტვერში, საიდანაც 1913 წელს დაბრუნდა. ხელმძღვანელობდა გაზეთ „სახალხო საქმეს“ (1917-1921). დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის გამოცემის საქმეში. ავტორია ისტორიული თხზულებებისა ილიაზე, თამარ მეფეზე, ძველ მესხეთსა და საქართველოს უძველეს ისტორიაზე. 1907 წელს მისი თანაავტორობით გამოვიდა კრებული „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“. 1918 წელს გამოცემულ მის წიგნში „ერი და ეროვნება“ განვითარებულია ეროვნული საკითხის გადაჭრის წვრილბურჯუაზიული კონცეფცია. 1917-1919 წლებში სამსონ ფირცხალავა იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო 1919-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია–ანექსიის (1921 წლის თებერვალი–მარტი) შემდეგ, 1922-1946 წლებში პოლიტიკური ემიგრანტია. ცხოვრობდა და აქტიურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა საფრანგეთში. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი „სახალხო საქმე“(1926–1935), უცხოეთში მყოფი სოციალისტ–ფედერალისტების კომიტეტის პერიოდული ორგანო. მისი წერილებს ვხვდებით  1920–1930–იან წლებში პარიზში გამომავალ კიდევ ერთ ემიგრანტულ გამოცემაში „დამოუკიდებელი საქართველო“.

გარდა წერილებისა სამსონ ფირცხალავა უცხოეთში აქვეყნებდა პოლიტიკური და მეცნიერული ხასიათის წიგნებს.  კერძოდ. „ამბავთა და საქმეთა მოლოდინში“ (პარიზი, 1935), „ისტორიული ლანდები“ (პარიზი, 1934), „თამარ მეფე“ (პარიზი, 1939),  „ქართველთა წინაპრები და მათი მონათესავე ტომები წინა აზიაში“ (პარიზი, 1947). ისტორიული შინაარსის მცირე ზომის გამოცემათა შესახებ ავტორი ამბობს, რომ მისი მიზანია:  „პატარ–პატარა ამბების სახით გავაცნოთ მკითხველებს საქართველოს ისტორიის ზოგიერთი მთავარი ეპიზოდები... ეხლანდელი ქართველობის უდიდესი ნაკლია თავისი ერის თავგადასავლის სრული უცოდინარობა და ამით მეტად შეფერხებულია, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი, ისე ყოველდღიური ცხოვრება...“

ემიგრაციაში ყოფნის წლებში სამსონ ფირცხალავა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. თავის პარტიულ თანამებრძოლ ფილიპე შარაძესთან ერთად იგი ქართულ ენასა და ლიტერატურას, მშობლიურ ისტორიას ასწავლიდა და აყვარებდა უცხოეთში დაბადებულ ქართველთა ახალ თაობას. ლევილის არქივში ინახება 1948 წლის იანვარში დაწერილი  მიმართვა „ ჩემს მოწაფეებს!“: „ჩემო საყვარელო მოწაფეებო, სამშობლოს დაშორებულო პატარა ქართველებო! გტოვებთ – მივდივარ, ვბრუნდები საქართველოში, და გული მეწვის, ცრემლები მადგება თვალებზე, რომ თქვენ გშორდებით, ჩემს საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც იმდენს გამახარებდით და მასიამოვნებდით თქვენის მადლით და სიკეთით. მშობლიური, მზრუნველი გულით გადევნებდით თვალყურს და ხალისით გასწავლიდით ქართულის წერა–კითხვას, გიამბობდით საქართველოს ამბებს, აგიწერდით მის სილამაზეს, თავგადასავალს, ჩაგინერგავდით მის სიყვარულს და პატივისცემას... იყავით მუდამ ქართველები, გიყვარდეთ საქართველო, საქართველო, – ჩვენი სამშობლო!"                 

1948 წელს სამსონ ფირცხალავა დაბრუნდა სამშობლოში. 1951 წელს იგი დააპატიმრეს, როგორც საბჭოთა სისტემისთვის „მავნე ელემენტი“. იმავე წლის 25 დეკემბერს გადაასახლეს შუა აზიაში, სადაც გარდაიცვალა 1952 წელს.

წყარო: 

1. შარაძეგურამ . ჟურნალი "სახალხო საქმე" // ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 1. / გ. შარაძე. - თბ., 2001. - გვ.361-366.

2. ka.wikipedia.org/wiki/სამსონ_ფირცხალავა

 


Share: