The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე
Date of birth:1930
Date of death:20 February, 2010  (at 80 years)
Category:Anthropologist, Linguist

Biography

აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის“ (INALCO) ქართულ და კავკასიურ კვლევათა პროფესორი გიორგი შარაშიძე დაიბადა 1930 წელს, პარიზში, გამორჩეული კულტურისა და ერუდიციის მქონე ჟურნალისტის დავით შარაშიძის ოჯახში, რომელმაც 1922 წელს დატოვა საქართველო. გოგი შარაშიძეს მამა ადრე გარდაეცვალა, დედა (ელენე) ფრანგი ჰყავდა და შეიძლებოდა ქართული ვერც ესწავლა, რომ არა ფილიპე შარაძისა და სამსონ ფირცხალავას ზედამხედველობა, რომლებიც ემიგრანტ ქართველ ბავშვებს არა მხოლოდ ქართულს ასწავლიდნენ, არამედ ქართული კულტურის ფესვებსაც და, საზოგადოდ, კავკასიურ სამყაროს აზიარებდნენ. ბავშვობაში ჩანერგილმა სიყვარულმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მისი სამეცნიერო ინტერესებიმამის სიკვდილის შემდეგ  დედა-შვილმა ლევილში ვერ შეინარჩუნა საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ, მიუხედავადმისა,  მას არ განელებია სამშობლოს სიყვარული და ყოველთვის ამაყობდა თავისი წარმოშობით.

 გოგი შარაშიძე ბავშვობიდანვე ორენოვანი იყო: თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულად და ფრანგულად, რომელიც შემდგომ მისი სამწერლო ენა გახდა. მისი სამეცნიერო კარიერა იმთავითვე სამი გზით წარიმართაკულტურული ანთროპოლოგია, ისტორია და ლინგვისტიკა.  ჟორჟ დიუმეზილი იყო გოგი შარაშიძის პირველი სამეცნიერო ხელმძღვანელი (1953), რომელმაც იტვირთა მისი სადოქტორო ნაშრომის პატრონობა. 1964 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა ახალგაზრდა მეცნიერის შრომა „მაზდეური გადმონაშთი ქართველ მთიელთა შორის“. დიუმეზილთან ურთიერთობის პირობებში, რომელიც მეტრის სიკვდილამდე არ შეწყვეტილა, შეიქმნა მისი  ფუნდამენტური ნაშრომიწარმართული საქართველოს რელიგიური სისტემა“ (Le système religieux de la Géorgie païenne, Analyse structurale d'un civilization, 1968).

გოგი შარაშიძე ყურადღებით ადევნებდა თვალს და პრესაში ეხმიანებოდა ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელსაც საქართველოში აღნიშნავდნენ ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროში.  შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილეს მიეძღვნა მისი წერილი „რუსთაველი და ქართველი ხალხი“(ჟურნალი „კავკასიონი“, პარიზი, 1967, XII). ისტორიის დარგში მას ეკუთვნის ნაშრომიქართული ფეოდალიზმის კვლევის შესავალი, გიორგი ბრწყინვალის სამართლის კოდექსი“ (Introduction à l'étude de la féodalité géorgienne. Le code de Georges le Brillant, 1971). თუმცა მონოგრაფია გიორგი ბრწყინვალის სამართლის ანალიზს წარმოადგენს, მაგრამ ეს არის ცდა კონკრეტულ  მაგალითზე მთლიანად ქართულიფეოდალიზმისანალიზისა. გოგი შარაშიძის  ქართველოლოგიური ნაშრომიმონოგრაფიაპრომეთევსი ანუ კავკასია: ცდა კონტრასტული მითოლოგიისა“ (Promethée ou le Caucase: Essai de mythologie contrastive, 1986) ეხება ამირანის პრობლემას. ჟორჟ დიუმეზილის, მისი წინასიტყვაობის ავტორის, შეფასებით, ეს არისდიდი წიგნი“, რომელიცაღებს სამყაროს“. გოგი შარაშიძის კალამს ეკუთვნის ნაშრომი “ინდოევროპული ხსოვნა კავკასიაში“ (პარიზი, 1987).    

ჟორჟ დიუმეზილთან ურთიერთობამ გოგი შარაშიძეს გაუღვიძა ლინგვისტური ინტერესები კავკასიოლოგიაში, რაც შემდგომ მასწავლებლისა და მოწაფის მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაში გადაიზარდა. კერძოდ, დიუმეზილი დაინტერესებული იყო უბიხური ენით, რომელიც თურქეთის დიასპორაში უაღრესად მცირერიცხოვანი ჯგუფის სამეტყველო ენა იყო და გაქრობა ემუქრებოდა. ლინგვისტურ ინტერესს წარმოადგენდა ქრობამდე მისული მეტყველების დაფიქსირებისა და მეცნიერებისთვის მისი გადარჩენის კეთილშობილური მიზანი. გოგი შარაშიძეს მასწავლებლისგან მემკვიდრეობით ერგო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე შექმნილი უბიხური ფოლკლორის არქივი და კვლევის განგრძობა. მასწავლებლის სიცოცხლეშივე გამოაქვეყნა მან უბიხური გრამატიკა (ნიუ იორკი 1969), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ფოლკლორული და სხვა ხასიათის ტექსტები სკრუპულოზური ლინგვისტური ანალიზითურთ. გამოუქვეყნებელია მათი ერთობლივი ნაღვაწი –  „უბიხური ენის ლექსიკონი“.  

სამეცნიერო მოღვაწეობის გვერდით, გიორგი შარაშიძემ თავისი მოწოდება სხვა, კერძოდ, საორგანიზაციო სფეროშიც გამოავლინა. ნინო და კალისტრატე სალიების გარდაცვალების შემდეგ, 1985 წელს, მან ჟორჟ დიუმეზილთან ერთად „ბედი ქართლისას“ ბაზაზე დააარსა ქართულ და კავკასიურ კვლევათა ჟურნალი (Révue des études géorgiennes et caucasiennes), რომლის მთავარი რედაქტორი თავად იყო. ამ ჟურნალმა, „ბედი ქართლისას“ მემკვიდრემ, ფართო ასპარეზზე გაიტანა ქართული პრობლემატიკა.

გოგი შარაშიძე სხვა კავკასიურ ენებსაც იკვლევდა მას ეკუთვნის „ხუნძური ენის გრამატიკის შესავალი“ (Grammaire de la langue avar, langue du Caucase nordest, 1981). იგი ფლობდა თორმეტამდე კავკასიურ ენას, მათ შორის ბევრს სალაპარაკოდაც. წერდნენ, რომ უბიხური ენის ექსპერტის თევფიკ ესენჯის გარდაცვალების შემდეგ იგი ერთადერთი ადამიანი იყო პლანეტაზე, რომელსაც შეეძლო უბიხურ ენაზე საუბარი და, რომ მისი სიკვდილის შემდეგ უბიხურიც შეიძლება მკვდარ ენად ჩაითვალოს.                               

გოგი შარაშიძე განაგებდა ქართული ენის კათედრას აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში. ასწავლიდა, ასევე, „Ecole pratique des hautes études”–ის მეოთხე სექციაში. დაჯილდოებული ყოფილა „Académic des inscriptions et belles lettres”–ის მიერ. 1958 წელს საფრანგეთის „სააზიო საზოგადოების“ წევრად აურჩევიათ. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი.                                                                    

გიორგი შარაშიძე 2010 წლის 20 თებერვალს ოთხმოცი წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. INALCO-ს პრეზიდენტი, რომელთანაც მას ოთხი ათეული წლის თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებდა, ნეკროლოგში წერს: „თუ კავკასია ენების მთაა, გიორგი (ჟორჟი) ის არწივი იყო, რომლის ფრთის ყოველ მოქნევაზე სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა თვალსაწიერი, რომლის დადარაჯებულ მზერას არაფერი გამოეპარებოდა; ამ არწივისებური მზერით აკვირდებოდა და ჩხრეკდა იგი თითოეულ ხეობას, მათ ყოველ კუნჭულს ისევე, როგორც ჭვრეტდა და იაზრებდა უსაზღვროების განფენილობას და სიღრმეს“.

წყარო: 

1.კიკნაძე, ზურაბ.გიორგი შარაშიძე (1930-2010) // ქართული ფოლკლორი : კრ. 5(XXI) / საქ. მეცნ. აკად.; შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბ., 2010. - გვ.256-260.

2.კვატაია, მანანა. გამოთხოვება გიორგი შარაშიძესთან  // ჩვენი მწერლობა. - 2010.- 19 მარტი.- N6(110). - გარეკანის მესამე გვერდზე.



Share: