The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ფილიპე შარაძე

ფილიპე შარაძე
Date of birth:1897
Date of death:12 April, 1968  (at 71 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician, Journalist

Biography

ფილიპე შარაძე დაიბადა 1897 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ მელექედურში, სასულიერო პირის ოჯახში. მისი ბაბუა, გურიელების კარის მღვდელი, სოფიო გურიელს ახლდა თან ტრაპიზონში გადახვეწილობისას. 1914 წლიდან ფილიპე შარაძე გაწევრიანდა არალეგალურ ახალგაზრდა სოციალისტ–ფედერალისტთა ორგანიზაციაში, რომელმაც თვალსაჩინო როლი ითამაშა ქართველ მოსწავლე–ახალგაზრდობაში ეროვნულ–რევოლუციური შეგნების გავრცელების საქმეში. 1917 წლის აპრილში ამ ორგანიზაციის პირველ თავისუფალ კონფერენციაზე ფილიპე შარაძე მის ერთ–ერთ ხელმძღვანელად აირჩიეს. თბილისის უნივერსიტეტში შესვლისთანავე იგი სტუდენტთა მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი გახდა და მისთვის დამახასიათებელი თავდადებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობა მიიღო  საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისათვის გადახდილ ყველა ბრძოლაში. ფილიპე შარაძე აქტიური მონაწილეა 1924 წლის საყოველთაო სახალხო ამბოხებისა – აჭარის კომიტეტის მიერ იგი ცენტრთან მოკავშირედ იყო დანიშნული.    

1925 წლიდან ფილიპე შარაძე ემიგრაციაში გაიხიზნა და საფრანგეთის ქართულ კოლონიას შეუერთდა. მოღვაწეობდა პარიზში გამომავალ უცხოეთში მყოფ სოციალისტ–ფედერალისტების კომიტეტის პერიოდულ ჟურნალ „სახალხო საქმეში“(1926–1935). სტატიებიდან აღსანიშნავია: „ქართველი ახალგაზრდობა“(„სახალხო საქმე“, პარიზი, 1926, N1); „ორი სურათი“ – გ. ლასხიშვილი და გ. რცხილაძე („სახალხო საქმე“, ბუენოს–აირესი, 1952) და სხვ. განსაკუთრებით ყურადსაღებია ფილიპე შარაძის მოგონება „ჩემი დღიურიდან“, რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში „ჩვენი დროშა’(N35, პარიზი) და მოგვითხრობს 1921 წლის თებერვლის ტრაგიკულ ამბებზე, კერძოდ, თუ როგორ შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტობა და მათი სულიერი მამა – ივანე ჯავახიშვილი მეთერთმეტე არმიის შემოჭრას დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრებში.   

სამსონ ფირცხალავას მსგავსად, ფილიპე შარაძეც ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე  ქართულ ენას ასწავლიდა ემიგრაციაში დაბადებულ ქართველთა ახალ თაობას. გარდაიცვალა 1968 წლის 12 აპრილს მოხუცთა თავშესაფარში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო: 

1.შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 1. - თბ., 2001. - გვ. 377–379


Share: