The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ილია კუჭუხიძე

ილია კუჭუხიძე
Other name:ალეკო ლორია  (Pseudonym)
ი. იმერიძე  (Pseudonym)
მინდია ლაშაური  (Pseudonym)
Date of birth:18 June, 1906
Date of death:1992  (at 85 years)
Category:Writer, Journalist

Biography

ქართველი ემიგრანტი ილია კუჭუხიძე, რომელიც ცნობილია მინდია ლაშაურის სახელით, ცხოვრობდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნხენთან ახლოს, ქ. კირჰაიმში. აღსანიშნავია, რომ კინდლერის ლიტერატურულ ენციკლოპედიაში = Kindlers Literatur Lexikon  შესულია ბიოგრაფიული ცნობები ილია კუჭუხიძის შესახებ. მას ეკუთვნის მრავალი თხზულება საქართველოს ისტორიის, ქრისტიანობის, ქართული სულის შესახებ. ასევე უამრავი ისტორიული მოთხრობა, მოგონებების წიგნი, მხატვრული თხზულებები და წერილები. იგი აქვეყნებდა სტატიებს ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში: „კავკასიონი“, „ბედი ქართლისა“, „ივერია“, „მამული“ და  სხვ. 1985 წელს ილია კუჭუხიძის სტატიები ქართულ პრესაში პირველმა გამოაქვეყნა პროფესორმა, გერმანისტმა შოთა რევიშვილმა. 

მაგრამ, სანამ ბატონი ილია მიუნხენში დაიდებდა ბინას, იყო საქართველო. იგი 1906 წლის 18 ივნისს ხობის რაიონის სოფელ აბასთუმანში დაბადებულა. დედა–ქრისტინე ქარდავა, მამა–ვასილ კუჭუხიძე თერძი იყო (ჩოხებს კერავდა). ბავშვობას თავის ჩანაწერებში ძალიან ტკბილად იხსენებს. ხობის სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ ქუთაისში გააგრძელა სწავლა, შემდეგ კი ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. 1925 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა სოციალურ–ეკონომიკურზე, იურიდიული განხრით. იურისტობა ძალიან უნდოდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისი მოწოდება ქართული ფილოლოგია და ქართველი ერის ისტორია იყო. წერა ადრე დაუწყია. პირველი ნაწერი თეატრზე 1924 წელს იოსებ იმედაშვილის ჟუნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ დაუბეჭდავს, ხოლო პროფესორ აკაკი ფაღავას რეკომენდაციით 1931 წელს გამოუქვეყნებია პიესა ,,თებერვალი სოფლად’’, რომელიც დაუდგამთ კიდეც.

სხვადასხვა დროს იყო ბათუმის ქართველ მსროლელთა ლეგიონის კლუბის დრამატული წრის წარმომადგენელი (ბათუმში მის მეზობლად ცხოვრობდა პოეტი სიმონ ჩიქოვანი და სწორედ მან მოაწყო ლეგიონის კლუბთან არსებულ ლეგიონერთა დრამწერში მოკარნახედ); მუშაობდა თბილისში მეორე დივიზიის ბიბლიოთეკის გამგედ; ამიერკავკასიის სტატისტიკური სამმართველოს სტატისტიკოსად; კინოს სამმართველოს იურისტად და სხვ. 
1941 წლის ივნისში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ილია კუჭუხიძე ჯარში გაიწვიეს. 1942 წლის ივნისში ქერჩის ბრძოლების დროს ტყვედ ჩავარდა. საბედნიეროდ ილიას პატრონად ძველი ემიგრანტი ვლადიმერ ცხომელიძე მოევლინა, რომელმაც მოუარა, ჩააცვა და პოლონეთში რადომთან ახლოს სოფელ კრუჩინაში მდგომ ქართულ ლეგიონში წაიყვანა, სადაც ბიბლიოთეკის მუშაკად მოეწყო. შემდეგ ბერლინიდან ჩამოვიდა  გაზეთ ,,საქართველოს’’ მთავარი რედაქტორი გაიოზ მაღლაკელიძე, ილია თან წაიყვანა და დანიშნა რედაქციის მდივნად. გარდა გაზეთ „საქართველოსი“ მუშაობდა ,,ქართველი ერის’’ რედაქციაში, რომლის მთავარი რედაქტორი იყო გიორგი მაღალაშვილი, ხოლო ფაქტიური რედაქტორი–ვიქტორ ნოზაძე. ეს სწორედ ის ჟურნალი იყო,რომელთანაც თანამშრომლობდა მთელი ემიგრანტული  ელიტა: გრიგოლ რობაქიძე, აკაკი პაპავა, ტიტე მარგველაშვილი და სხვები.   

როცა საბჭოთა არმია ბერლინს მიუახლოვდა, მთელი ემიგრაცია ზალცბურგში გადასახლდა. მათ ილიაც თან გაჰყვა. ომი რომ დამთავრდა ბინა ზემო ბავარიის სოფელ რუპოლდინგში დაიდო, სადაც ლუკმა–პურისთვის გლეხებთან მუშაობდა. შემდეგ მიუნხენში ჩავიდა, სადაც უკვე ბედმა გაუღიმა, აკაკი პაპავას რეკომენდააციით მუშაობა ამერიკელების მიერ დაარსებულ რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში დაიწყო მდივნის თანანმდებობაზე. რადიო ,,თავისუფლება’’ 1953 წელს ჩამოყალიბდა და გადაცემები იმავე წლის 1 მარტს გავიდა. ქართულ  ენაზე გადაცემები 1953 წლის 17 მარტს დაიწყო, რაშიც დიდი როლი მიუძღვის ნოე ცინცაძეს. პირველი რედაქციის შემადგენლობაში იყვნენ: რაჟდენ არსენიძე, დავით ურატაძე და ილია კუჭუხიძე. ეს სამი პირია ქართული რედაქციის ფუძემდებელი. შემდეგ შეუერთდნენ – ნიკო იმნაიშვილი, კარლო ინასარიძე, ვანიკო ინწკირიშვილი, შალვა კალანდაძე და ა.შ. ილია კუჭუხიძე ორმოცი წლის მანძილზე იყო წამყვანი ქართულ რედაქციაში და ყოველთვის ცდილობდა ეროვნული პრობლემების წინ წამოწევას. საუბრობდნენ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოში ფიქრიც კი აკრძალული იყო – ქართულ სულზე, ქართულ ღირსებებზე, ტრადიციებზე და ქართველ გმირებზე. რადიო ,,თავისუფლების’’ ყოველი  თანამშრომელი თავგამოდებით იცავდა  საქართველოს სუვერენიტეტს, არა მხოლოდ ფიზიკური ძალებით, არამედ სიტყვით და რაც მთავარია გონიერებითა და განათლებით.
1984 წლის ნოემბერში ილია კუჭუხიძე პენსიაზე გავიდა. ზუსტად ამ დროს შეცვალა კარლო ინასარიძე ჯანრი კაშიამ და მთავარი რედაქტორი გახდა. მისი ინიციატივით  ილია კუჭუხიძე, დროდადრო, მაინც აკეთებდა გადაცემებს ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძისა და სხვათა შესახებ.

ილია კუჭუხიძე ქართველოლოგ, პროფესორ იულიუს ასფალგის რეკომენდაციით მოღვაწეობდა მიუნხენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ახალ ქართულ ენას ასწავლიდა. მიუხედავად იმისა,  რომ ბატონი ილია საქართველოდან მოშორებით, მიუნხენში ცხოვრობდა, ყოველთვის იცოდა თუ რა მდგომარეობა იყო მის სამშობლოში, ანაღვლებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, თავგადაკლული ქომაგი იყო ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სარწმუნოების. იდეაფიქსად ჰქონდა ქცეული სიტყვები: „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და ყველგან და ყოველთვის ცდილობდა მისი ქმედებებით რამით მაინც გამოსდგომოდა ქართულ საზოგადოებას.
საქართველოში ილია კუჭუხიძეს დარჩა მეუღლე ნატო სოლოღაშვილი.მასთან ჰყავდა ორი შვილი – ნოდარი და მზია. ბატონმა ილიამ ომის შემდეგ არაფერი იცოდა მათ შესახებ. მისი ოჯახთან დაკავშირებაში დიდი წვლილი შეიტანა რეზო თაბუკაშვილმა. მიუნხენში ცხოვრებისას ილია კუჭუხიძემ კიდევ ერთხელ შექმნა ოჯახი. საქართველოში დარჩენილ შვილიშვილთან მისი შეხვედრა შედგა მიუნხენში 1991 წლის სექტემბერში. ეს იყო პირველი და სამწუხაროდ მათი უკანასკნელი შეხვედრა. თუმცა მანამდე მათ მიმოწერა ჰქონდათ.
ილია კუჭუხიძე 1992 წელს  მიუნხენში გარდაიცვალა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა (დღიურები, ჩანაწერები, წიგნები) ინახება ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივსა და ქართული ემიგრაციის მუზეუმში.

წყარო: 

1. ინასარიძეშუქურა. დაბრუნებული "ქართული სული" : ილია კუჭუხიძის დაბადებიდან 100 წლისთავისათვის : კვირაძალს საკითხავი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2006. - 3 ივნისი. - N106 (5446). - 9 გვ.

2. http://emigrantebi.weebly.com/4312431443124304-43134323433343234334431243314308.html




Share: