The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


მიხეილ ქავთარაძე

მიხეილ ქავთარაძე
Date of birth:1906
Date of death:9 January, 2008  (at 102 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Politician, Publicist

Biography

მიხეილ ქავთარაძე დაიბადა 1906 წელს, სენაკელი საეკლესიო აზნაურის არისტო ქავთარაძის ოჯახში. მონაწილეობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. 1927 წელს, 21 წლის ასაკში, შეუერთდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას საფრანგეთში. უცხოეთში  ეწეოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. მეორე მსოფლიო ომის წლებში გაწევრიანდა „ვერმახტის“ ქართული ლეგიონის ქვედანაყოფების „თამარ I“-სა და "ბერგმანის" შემადგენლობაში, რომელთა უმთავრესი მიზანი იყო სამშობლოს გათავისუფლება საბჭოეთის რეჟიმისაგან და დამოუკიდებლობის დაბრუნება. 1942 წლის ზაფხულში გერმანიის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალმა ქართველი ემიგრანტებისგან დაკომპლექტებულმა სამხედრო შენაერთებმა ბრძოლით მიაღწიეს საქართველოს ჩრდილო–დასავლეთ საზღვრამდე, კერძოდ, ზემო სვანეთისა და ზემო რაჭის მახლობლად, ყაბარდოში დაბანაკდნენ. „ყოველდღე იმედით გავყურებდით კავკასიონის დათოვლილ ქედს, რომლის გადაღმაც ჩვენი სამშობლო გვეგულებოდა. რამდენჯერმე საქართველოდანაც გადმოვიდნენ და აღგვითქვეს – თბილისში საიდუმლო ანტისაბჭოური ორგანიზაციები მოქმედებენ და თქვენი შემოსვლისთანავე დამოუკიდებლობის აღდგენას აპირებენო“, – იხსენებს მიხეილ ქავთარაძე. გერმანელების სტალინგრადთან დამარცხების შემდეგ ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელი გახდა და ქართული ლეგიონები უკან გაბრუნდნენ.  

1950-იანი წლებიდან მოყოლებული  მიხეილ ქავთარაძე იყო ჟურნალ „ივერიის“ უკანასკნელი რედაქტორი. არის ავტორი მრავალი პუბლიკაციისა და ავტობიოგრაფიული რომანისა „იანიჩარები“, რომელიც ზუსტად ასახავს იმ პერიოდის ქართველი პატრიოტების მოღვაწეობას საქართველოს ფარგლებს გარეთ. მისი ნაშრომები ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენს ამ ეპოქის მკვლევართათვის. 1991 წელს მიხეილ ქავთარაძემ პარტიული რეგალიები გადასცა პარიზში სტუმრად მყოფ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს გიორგი ჭანტურიას.

76 წლის განმავლობაში იცხოვრა მიხეილ ქავთარაძემ დასავლეთ ევროპაში და ამის მიუხედავად, მას ერთი დღეც არ უარსებია საქართველოს გარეშე. ამის ნათელი დადასტურებაა მისი მემუარები, პუბლიცისტური წერილები და ლექსები. 2003 წელს, 97 წლის ასაკში აუხდა ოცნება და სამშობლოში დაბრუნდა. მიხეილ ქავთარაძე მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებულმა დაასრულა სიცოცხლე. ოთხ წელიწადზე ოდნავ მეტხანს იცხოვრა ახალ საქართველოში და სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, 2007 წლის დეკემბერში,  გამოაქვეყნა კიდევ ერთი ავტობიოგრაფიული ნაშრომი „ცხოვრების 100 წელი“. გარდაიცვალა თბილისში, 101 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

წყარო: 

1. ჯავახიშვილი, ნიკო. მიხეილ ქავთარაძის მოსაგონარი: გახსენება // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები / ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.- თბილისი,2008.- ტ. II(4). - გვ.461-465.

2. ჩხეიძე, როსტომ. იანიჩარი და ოქროს ნაწნავი: დაკარგული სამშობლო: მიხეილ ქავთარაძის ემიგრანტული მოგონებანი // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2007.- 3 აგვისტო.- N16(42).-გვ.32-37.

3. ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ქავთარაძე


Share: