The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ისიდორე მანწკავა

ისიდორე მანწკავა
Other name:ი. გურული  (Pseudonym)
სვიანელი  (Pseudonym)
Date of birth:12 May, 1900
Date of death:1944  (at 43 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Publicist

Biography

ისიდორე გაბრიელის ძე მანწკავა დაიბადა 1900 წლის 12 მაისს ლანჩხუთის რაიონის (მაშინდელი ოზურგეთის მაზრის) სოფელ ნიგვზიანში. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელიც უთანაბრდებოდა ოთხკლასიან ვაჟთა გიმნაზიის კურსს. შემდეგ შევიდა ფოთის გიმნაზიაში. აქ სწავლის პერიოდში, 1920–1921 წლებში, თანამშრომლობდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ორკვირეულ სამეცნიერო, პოლიტიკურ და ლიტერატურულ ჟურნალ „რიჟრაჟში“. აქ გამოქვეყნდა მისი ლექსები და ლიტერატურული წერილები.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ისიდორე მანწკავამ თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თან განაგრძობდა აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას. მისი წერილები („ექსპრეზიონიზმი“, იასამნის პოეზია“ და სხვ.) გვხვდება იმდროინდელ ქართულ პრესაში („ლომისი“, „ხელოვნება“, ზოგჯერ „სვიანელის“ ფსევდონიმითაც). ისიდორე მანწკავას ახლო მეგობრები ყოფილან კიტა მეგრელიძე და ტერენტი გრანელი, რასაც მოწმობს სოფელ ნიგვზიანში, საოჯახო არქივში დაცული კ. მეგრელიძის გამოუქვეყნებელი ლექსი – „მოგონება სამშობლოს წარსულიდან“ (ავტოგრაფი) და ტ. გრანელის წიგნი – „Memento mori” (თბ., 1924), წარწერით: „ძვირფას მეგობარს ის. მანწკავას, ტერენტი გრანელი“.

მეოცე საუკუნის ახალი ქართული მხატვრული პროზის განვითარების გზებია მოხაზული ისიდორე მანწკავას საინტერესო ნარკვევებში – „ჭოლა ლომთათიძე“ (თბ., 1925) და „ს. რემონიძე“ (შესავალი წერილი ს. რემონიძის „მოთხრობების“ მე–2 ტომისა. თბ., 1925).  ქართველ ახალგაზრდა პოეტებს ეძღვნება მისი წერილების ციკლი – ვალ. გაფრინდაშვილი, გრ. რობაქიძე, კ. ნადირაძე, ს. ცირეკიძე. ლიტერატურული საქმიანობა ისიდორე მანწკავას არც ემიგრაციაში შეუწყვეტია. ენერგიული მცდელობით,  ვიქტორ ნოზაძესა და ედუარდ პაპავასთან ერთად, მან მოახერხა 1929 წლიდან პარიზში ლიტერატურული კრებულის,  „კავკასიონის“ დაარსება და მისი რვა ნომრის გამოცემა. უცხოეთში დაწერილი პირველი ლიტერატურულ–კრიტიკული წერილები, რომელთაც მკვლევარის უტყუარი ალღოს, ორიგინალური სტილისა და დახვეწილი გემოვნების ბეჭედი ატყვია, სწორედ „კავკასიონის“ ფურცლებზე დაისტამბა („ქართული ლიტერატურა“, 1929, #1; „ერიხ მარია რემარკ“, 1929, #3; „საბრალდებო ოქმი“, 1930, #5 და სხვ.).

თანამედროვეთა მოწმობით, თუმცა ისიდორე მანწკავა დილიდან საღამომდე ქარხანაში შეუჩვეველი მძიმე შრომით მეტად იქანცებოდა, მაინც ახერხებდა პოლიტიკურ და სალიტერატურო ასპარეზზე მოღვაწეობას და ყოველთვის მოწინავე რიგებში იდგა. მისი პირველი დიდი გამოკვლევა 1936 წელს გამოქვეყნდა პარიზში – „ქართული აზროვნების განვითარება მე–19 საუკუნეში“, ნაწილი პირველი. ყდის მხატვრობა ეკუთვნის ემიგრანტ მხატვარს ვერა ფაღავას. სამწუხაროდ, არ ვიცით რა ბედი ეწია ამ შრომის მეორე ნაწილს. 1939 წელს ისიდორე მანწკავას პარიზში დაუსრულებია თავისი მეორე ორიგინალური ნაშრომი –„ქართული კულტურის გზები: ოქროს ხანა“, რომელიც 1944 წელს უნდა გამოსულიყო. წიგნი უკვე აწყობილი და დასაბეჭდად მზად ყოფილა, როცა ერთ–ერთი დაბომბვის დროს სტამბა დანგრეულა და დამწვარა. გადარჩენილა მხოლოდ ანაბეჭდი, რომლის მიხედვით ეს ნაშრომი ავტორის გარდაცვალებიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ, 1962 წელს გამოიცა პარიზში უცვლელი სახით, ისე როგორც უნდა დაბეჭდილიყო 1944 წელს. 1978 წელს ჟურნალ „კავკასიონში“ (#19) გამოქვეყნდა ისიდორე მანწკავას წერილი – „ილია ჭავჭავაძე“ (დათარიღებულია 1944 წლის ივნისით, ბერლინი), რომელშიც მოცემულია ქართული ენის დაცვისა და სიწმინდისათვის ბრძოლის, ეროვნული თვითშეგნებისა და თვითმყოფადობის მოპოვების ილიასეული აზრის შეფასება.

მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებში, ისიდორე მანწკავა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა პარიზელ ქართველ ახალგაზრდებს და ქართული სიტყვის სიყვარულს შთააგონებდა მათ. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ–გაზეთებთანაც (მათ შორის ი. გურულის ფსევდონიმითაც). 1940–იან წლებში ბერლინში გამომავალ ჟურნალ „ქართველ ერში“ გამოქვეყნდა მისი წერილები: „ვაჟა–ფშაველა“ (1944, #6/7); „დიდი სტილის ამბები“, „გიორგი წერეთელი“(1944, #10/11); „საბჭოთა რეჟიმის რაობა“ (1944, #12–14) და სხვ. ისიდორე მანწკავას მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა არ დარჩენია, ქართული ემიგრაციის მძიმე პირობებში ცხოვრებამ მას საშუალება არ მისცა სრულად გამოემჟღავნებინა თავისი ნიჭი და შესაძლებლობები. მაგრამ რაც დარჩა, იქიდანაც კარგად ჩანს, თუ რა საინტერესო კვალი დატოვა მან 1930–40–იანი წლების ქართული მეცნიერული აზროვნების ისტორიაში. მის ნაწერებში ჩამოყალიბებული აზრები გამოირჩევა ორიგინალური, თამამი, ინდივიდუალური ხედვით.                                             

ისიდორე მანწკავას ბევრი უცდია, როგორმე მიეგნო და ქართველი ხალხისთვის გადაერჩინა გესტაპოს ჯალათების მიერ წამებით დაღუპული მეცნიერის, გრიგოლ ფერაძის უმდიდრესი ბიბლიოთეკა და არქივი. იგი პრაღაშიც კი გამგზავრებულა და ფეხით შემოუვლია ყველა ის ბიბლიოთეკა, სადაც, სავარაუდოდ, ეს არქივი ინახებოდა, მაგრამ ამაოდ.

ისიდორე მანწკავა 44 წლის ასაკში მოულოდნელად მძიმედ დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. ოპერაციის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია. გარდაიცვალა 1944 წელს ზალცბურგთან ახლოს, ბად–იშლის საავადმყოფოში. მეგობრებს იქვე დაუსაფლავებიათ. წლების შემდეგ მისი ნეშტი ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

წყარო: 

1. შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 7. – თბ., 2005.– გვ. 20–36.                                          

2. ლორთქიფანიძე, გ.ისიდორე მანწკავა - ქართული კულტურის ისტორიის მკვლევარი : დაბრუნებული სახელები // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1989. - 29 სექტემბერი. - გვ.14

%90%E1%83%AB%E1%83%94-


Share: