The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ჭავჭავაძე

გიორგი ჭავჭავაძე
Other name:იური
Date of birth:30 April, 1904
Date of death:5 February, 1962  (at 57 years)
Category:Musician

Biography

გიორგი ჭავჭავაძის ოჯახის გენეალოგიური შტო დიდგვაროვანთა სიჭარბით გამოირჩევა. იგი პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალია. მისი პაპა, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე (1824–1905) დაქორწინებული იყო მარიამ ჭავჭავაძეზე (1849–1921), ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის ასულზე. მათმა უფროსმა ვაჟმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1870–1931), 1896 წელს, კავკასიაში, კისლოვოდსკში გაიცნო იმპერატრიცას ფრეილინა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, მიხეილ როძიანკოს ძმისშვილი მარია პავლეს ასული როძიანკო (1877–1958). ხანმოკლე მიჯნურობის შემდეგ, 1896 წელს, ისინი დაქორწინდნენ. წყვილი რუსეთში ცხოვრობდა, სადაც დაიბადა მათი სამივე შვილი – პავლე, გიორგი და მარინა (მიმი). მარია და ალექსანდრე 1915 წელს დაშორდნენ. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსანდრე საქართველოში დაბრუნდა, მარია კი შვილებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. მათი უფროსი ვაჟი, პავლე – ამერიკაში ცნობილი მწერალი გახდა, მარინა ლონდონში დასახლდა და ისიც მწერლობას მისდევდა. მათი შუათანა ძმა, გიორგი, საფრანგეთში ცხოვრობდა და თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა პიანისტმა, კომპოზიტორმა და პედაგოგმა.

გიორგი (იური) ჭავჭავაძე დაიბადა პეტერბურგში, 1904 წლის 30 აპრილს. ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო. ექვსი წლის ასაკიდან სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში პროფესორ ლეშეტიცკის კლასში. უკვე 10 წლისა ბრწყინვალედ ასრულებდა ბეთჰოვენისა და ლისტის საფორტეპიანო კონცერტებს, რისთვისაც მას პატარა ჯადოქარი შეარქვეს. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ სწავლა ლონდონში განაგრძო. 1927 წელს ლონდონშივე  ჩატარდა მისი პირველი კონცერტი. დებიუტი ბრწყინვალე გამოდგა და დასაბამი მისცა მის საკონცერტო ტურნეებს ევროპასა და აშშ–ში. 1931 წელს სოლო კონცერტით გამოვიდა პარიზის Gaveau-ს დარბაზში. საგაზეთო სტატიებში გიორგი ჭაჭავაძეს ვირტუოზად მოიხსენიებდნენ. წერდნენ, რომ მას გააჩნია რიტმის შესანიშნავი გრძნობა, რაც მთელ მის შესრულებას განუმეორებელს ხდის და მსმენელში აღრფრთოვანებას იწვევს.

გიორგი ჭავჭავაძე პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ატარებდა კერძო გაკვეთილებს ფორტეპიანოზე დაკვრის შემსწავლელთათვის, მატერიალურად შეჭირვებულებს ხშირად უსასყიდლოდ ამეცადინებდა. მას მრავალი ცნობილი მუსიკოსი ჰყავს აღზრდილი. მეორე მსოფლიო ომის დროს მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს  „წითელი ჯვრის“ სასარგებლოდ აშშ–სა და კანადაში. 1941 წელს ბოსტონში ჩაატარა კონცერტი, შემდეგ ნიუ–იორკში. შემოსავალს ომში დაზარალებულთა და საჰაერო თავდასხმების მსხვერპლთა დახმარების ფონდში რიცხავდა. სოლისტის რანგში გამოდიოდა Colonne-ის ორკესტრთან (1947) და ფრანგული კონსერვატორიის ორკესტრთან (1949) ერთად. ავტორია ბალეტ „პერისათვის“ დაწერილი მუსიკისა (იყო მარკიზ დე კუევასის საბალეტო რეპერტუარში).

1938 წელს დაქორწინდა ინგლისელ ქალზე – ელისაბედ რიდვეიზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უზარმაზარ მამულებს ფლობდა. მემკვიდრე არ დარჩენია. 1962 წელს, 57 წლის ასაკში,  მეუღლესთან ერთად დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში საფრანგეთის ალპებში.

წყარო: 

1. ქუთათელაძე, ზურაბ. გიორგი (იური) ჭავჭავაძე (1904-1962) : ცნობილი პიანისტი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია. - თბ., 2011. - გვ.179. 

2. მახარაძე, ირაკლი. გიორგი (იური) ჭავჭავაძე : (1904-1962) // ქართველები ამერიკაში . - თბ., 2011. - გვ.44-45.

3. http://www.geni.com/people/Prince-Chavchavadze/6000000017476457603 

 


Share: