The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ თოხაძე

ნიკოლოზ თოხაძე
Date of birth:13 February, 1901
Date of death:1 March, 1975  (at 74 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

ქართველი ემიგრანტი შოთა ბერეჟიანი იგონებს, – „კარგად მახსოვს 1939 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის აღების აღსანიშნავად გამართული აღლუმი. ამ წელს, სხვა დიპლომატებთან ერთად, მოწვეული იყო ინგლისის მეფე გეორგ VI ცოლითა და შვილებით. ახლანდელი დედოფალი სულ პატარა გოგონა იყო. აღლუმზე უცხოური ლეგიონის ორი ასეულის მეთაურები იყვნენ დიმიტრი ამილახვარი და ნიკოლოზ თოხაძე – ორი ულამაზესი ვაჟკაცი. შანზელიზეზე დიდი ოვაციის თანხლებით ჩაიარეს. ქართველები ბევრნი ვიდექით იქ და ძალიან ბედნიერი ვიყავით, რომ სწორედ ქართველები შეერჩიათ ასეულების წინამძღოლებად. აფრიკიდან მათ გენერალი მიკელი ჩამოჰყვათ. - რაღა ეს უცხოელი ოფიცრები დანიშნეთ მეთაურებადო, - უსაყვედურა მიკელს პარიზის კომენდანტმა გურომ. - მაგათზე უკეთესი არ გვყავსო, - თავი იმართლა გენერალმა მიკელმა.“

ნიკოლოზ გიორგის ძე თოხაძე 1901 წლის 13 თებერვალს, ქალაქ ოზურგეთთან მდებარე სოფელ აკეთში (ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. პატარა კუკური, როგორც ნიკოლოზს სიყვარულით ეძახდნენ, თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში ჩაირიცხა. 1919 წლის სექტემბერში თბილისში დაარსდა  ქართული სამხედრო სკოლა, იუნკერთა  სასწავლებელი, და ნიკოლოზ თოხაძეც ახალგახსნილი სკოლის საარტილერიო განყოფილების  კურსანტი გახდა. 1920 წლის 2–3 მაისს მან თავი გამოიჩინა იუნკერთა სასწავლებელზე ბოლშევიკების თავდასხმის მოგერიებისას. მონაწილეობდა ლაგოდეხში მე–6 პოლკის ბოლშევიკი აგიტატორების განიარაღების ოპერაციაში. 1921 წლის თებერვალში კი სხვა კურსანტებთან ერთად ებრძოდა საქართველოში შემოჭრილ წითელ არმიას კოჯორ–ტაბახმელასთან.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის მარტში, ნიკოლოზ თოხაძემ სხვა იუნკრებთან ერთად სამშობლო დატოვა და ბათუმიდან სტამბოლს გაემგზავრა. მთელი მისი  ოჯახი საქართველოში დარჩა. მალე, დევნილი ქართული ხელისუფლების დახმარებით, იგი ოთხ სხვა კადეტთან ერთად  საფრანგეთში, სენ–მიქსენის ქვეითთა სამხედრო სკოლაში გაამწესეს. 1922 წლის 1 ოქტომბერს უმცროსი ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა „უცხოური ლეგიონის“ სახელოვან პირველ პოლკში. მალევე მიიქცია ყურადღება. უფროსობამ ახალდაარსებულ სატანკო ცენტრში მიავლინა, შემდეგ კი – 513–ე სატანკო პოლკში. 1923 წლის ოქტომბერში მისი სამხედრო კარიერა მოულოდნელად სხვა კუთხით წარიმართა – 36–ე საავიაციო პოლკში გადაიყვანეს, სადაც ორ წელიწადს ეუფლებოდა მფრინავისა და საჰაერო  ბრძოლის უნარებს. 1924 წელს მიიღო ლეიტენანტის წოდება. როგორც ავიაციის ოფიცერი, 1925-1931 და 1931-1940 წლებში მონაწილეობდა მაროკოსა და ალჟირში წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში. 1930 წელს საფრანგეთის ერთ–ერთ საუკეთესო საავიაციო სკოლაში (ქალაქ ისტრში) გაიარა დამატებითი მომზადება.

1931 წელს ნიკოლოზ თოხაძე დაქორწინდა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ექიმ ვახტანგ ღამბაშიძის ქალიშვილზე, თამარ (სუნანა) ღამბაშიძეზე, რომელიც საკმაოდ წარმატებული ხელოვანი იყო, მეგობრობდა ელენე ახვლედიანთან და ვერა ფაღავასთან. თაფლობის თვე მეტად ხანმოკლე გამოდგა. სამი კვირის თავზე ნიკოლოზი უკვე მაროკოში იყო. მალე საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. მომდევნო რვა წელიწადი კვლავ ჩრდილოეთ აფრიკაში გაატარა. 1934 წელს კაპიტნის წოდება მიიღო. 1933-1935 წლებში მონაწილეობდა სამხრეთ–აღმოსავლეთ მაროკოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში და არაერთგზის ისახელა თავი, რისთვისაც სამხედრო ჯილდოები გადაეცა.

II მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ნიკოლოზ თოხაძე დაინიშნა უცხოური ლეგიონის მეხუთე პოლკში, რომელიც ინდოჩინეთში, ვიეტნამში იმყოფებოდა. 1941 წლის ზაფხულში ქვეყნის ჩრდილოეთით, დაბა ტონგში განლაგებულ გარნიზონს ჩაუდგა სათავეში. მომდევნო ოთხ წელიწადს აქ სამსახურსაც წარმატებით გაართვა თავი და მაიორის წოდება მოიპოვა. 1945 წლის 9 მარტის საღამოს, იაპონურმა ჯარმა მოულოდნელი იერიში მიიტანა ინდოჩინეთში განლაგებულ ფრანგული ჯარის ნაწილებზე. ჯარის დიდი ნაწილი განადგურდა ან ტყვედ ჩავარდა. უცხოური ლეგიონის მე–5 პოლკმა დაიწყო უკან დახევა ჩინეთის საზღვრისკენ. მომდევნო 52 დღის განმავლობაში ლეგიონერებმა 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე ბრძოლით გაიკვალეს გზა მთაგორიან რეგიონში და 1945 წლის მაისის დასაწყისში სამშვიდობოს გააღწიეს. ნიკოლოზ თოხაძე მეორე ბატალიონს ახლდა და იაპონელებთან შეტაკებებშიც არაერთხელ გამოიჩინა თავი, რისთვისაც შემდგომში საპატიო ლეგიონის ოფიცრის წოდება მიენიჭა. ამ ლაშქრობაში გამოჩენილი მამაცობისთვის მან, ასევე, მოიპოვა საფრანგეთის ერთ–ერთი უმაღლესი სამხედრო ჯილდო, სამხედრო ჯვრის ორდენი (პალმის რტოთი).

1946 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ თოხაძე ინდოეთში გადაიყვანეს, სადაც ქალაქ ჩანდანაგარში განლაგებულ ფრანგულ შენაერთებს ხელმძღვანელობდა. იმავე წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთ აფრიკაში მიავლინეს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში ალჟირსა და მაროკოში განლაგებული უცხოური ლეგიონის სამხედრო ბაზებს ამოწმებდა. 1949 წელს მას დაევალა კუნძულ მადაგასკარზე უცხოური ლეგიონის ნაწილების ჩაყვანა, რის შემდეგაც ორ წელიწადს იმსახურა ამ კუნძულზე. 1951 წლის დეკემბერში უკვე ლეიტენანტ–პოლკოვნიკი (შეესაბამება პოდპოლკოვნიკის წოდებას) დაბრუნდა მაროკოში, სადაც უცხოური ლეგიონის მოტოქვეითი ქვედანაყოფი ჩაიბარა.

1955 წელს ხანგრძლივი და წარჩინებული  სამხედრო სამსახურისთვის ნიკოლოზ თოხაძე დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის კომანდორის წოდებით. 1956 წელს პარიზში უცხოური ლეგიონის შტაბში მსახურობდა. 1957 წლის 17 თებერვალს კი, 35–წლიანი სამხედრო სამსახურის  შემდეგ, თადარიგში გავიდა. მომდევნო წლის ოქტომბერში მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. ამ დროისთვის თოხაძე იყო ფრანგული ჯარის ყველაზე მაღალწოდებიანი ქართველი ოფიცერი. ფრანგულ ჯარში 35–წლიანმა სამსახურმა მას პოლკოვნიკის წოდება და საფრანგეთის თითქმის ყველა უმაღლესი სამხედრო ჯილდო მოუტანა – საპატიო ლეგიონის ორდენის სამი რანგი (კავალერი, ოფიცერი და კომანდორი), ანჟუანის ვარსკვლავის ორდენი და სხვ.

ცხოვრების უკანასკნელი წლები ნიკოლოზ თოხაძემ გაატარა დაბა პალასოში, პარიზის მახლობლად. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. მისი თაოსნობით 1957 წელს ჩამოყალიბდა ქართველ იუნკერთა კავშირი, რომლის გამგეობის უცვლელი წევრი და ერთხანს თავმჯდომარეც იყო. დიდი როლი შეასრულა ქართული ოფისის დაარსებაში, რომელსაც ომგადატანილ საფრანგეთში უნდა დაეცვა ქართველთა ინტერესები. იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „მხედართან“ და სხვა ემიგრანტულ პრესასთან.

ნიკოლოზ თოხაძეს თითქმის ორმოცი წელი არანაირი კავშირი არ ჰქონდა საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებთან. მხოლოდ ნიკიტა ხრუშჩოვის „დათბობის“ პერიოდში მოახერხა კავშირის აღდგენა თავის დასთან, სუსანასთან. სუსანას ოჯახმა განვლო რეპრესიების მწარე გზა, მისი მეუღლე გრიგოლ ქორიძე, ცნობილი ენერგეტიკოსი, 1937 წელს დახვრიტეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ ოჯახს რეაბილიტაცია შეეხო, რამაც შესაძლებელი გახადა სუსანას პარიზში გამგზავრება. 1967 წელს, 45–წლიანი განშორების შემდეგ, და–ძმა ერთმანეთს შეხვდა. დის მონახულებამ კიდევ უფრო გაამწვავა სამშობლო მხარის მონატრება. ნიკოლოზ თოხაძის წერილები სავსეა საქართველოს, საყვარელი გურიის, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მოგონებებითა და მოკითხვით. „ყოველ წელიწადს ჩვენი აივნის ერთ კუთხეში ერთი ბუჩქი ვარდი და ქინძი გვაგონებს ჩვენს ყვავილებით შემკულ სამშობლოს“, – აღნიშნავს იგი ერთ–ერთ წერილში. ეს გრძნობები ასაკთან ერთად კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

„კუკური საავადმყოფოშია, – წერს მისი მეუღლე 1972 წელს, – მის ავადმყოფობას ჰქვია მელანქოლია. ამ ბოლო დროს თანდათან სულ გურულ კილოზე გადადის და ისეთ სიტყვებს ამბობს, რომ მეც კი აღარ მესმის, თან იძახის, გურიაში ლაპარაკობენ წმინდა ქართულსო...“.

ნიკოლოზ თოხაძე დიდად განიცდიდა, რომ ქართველ ემიგრანტთა ახალი თაობა ფრანგდებოდა. გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ზოგიერთის შვილებმა ქართული ჯერ კიდევ იციან, მაგრამ მათი შვილები მხოლოდ ერთი ან ორი თუ შეინარჩუნებს ენასო. ემიგრანტულ წრეებში ქართული წერა–კითხვის გავრცელების ხელშესაწყობად იგი აქტიურად ეცნობოდა ახალი თაობის ქართველი მწერლების შემოქმედებას, თვალს ადევნებდა საქართველოში გამართულ ლიტერატურულ და კულტურულ ღონისძიებებს, აქვეყნებდა სტატიებს. ამავე მიზნით მან დაწერა ქართული ენის სახელმძღვანელო, რომლის თავფურცელს დააწერა: „ეს პატარა წიგნი ეძღვნება საფრანგეთში დაბადებულ ახალგაზრდებს და მათ ქართველ და ფრანგ მშობლებს. იმედი მაქვს, რომ ეს მოკრძალებული ნამუშევარი მათ გაუღვივებს თავისი წინაპრების ენის შესწავლის სურვილს. დაე, ეს წიგნი დაგეხმაროთ საქართველოს გმირული ისტორიის შესწავლაში და არდავიწყებაში. საქართველოსი, რომელიც მუდამ ჩაგრული და ნაწამები იყო, მაგრამ მუდამ განაგრძობს არსებობას“.

პოლკოვნიკი ნიკოლოზ თოხაძე გარდაიცვალა 1975 წლის 1 მარტს. დაკრძალულია ლევილში, ქართული სათვისტომოს სასაფლაოზე.

საფრანგეთის ჯარში მებრძოლი ქართველების ბედით დაინტერესდა ამერიკაში მცხოვრები ისტორიკოსი ალექსანდრე მიქაბერიძე. მან შეისწავლა არქივებში დაცული მასალები და ინგლისურ ენაზე გამოსცა პოლკოვნიკ თოხაძის ბიოგრაფია. ოჯახებში დაცული დოკუმენტები და ფოტოსურათები მას მიაწოდეს ნიკოლოზ თოხაძის შვილიშვილებმა – იზაბელ სეიდნერმა და დამიენ თოხაძემ.

წყარო: 

1. მიქაბერიძე, ალექსანდრე "ღირსებითა და ერთგულებით" : საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის, ნიკოლოზ თოხაძის სამხედრო თავგადასავალი: ინტერვიუ / ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე // ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2015. -  N3(51). - გვ.12-19.

2. თოხაძე ნიკოლოზ // ქართველები უცხოეთში : წ.1. - თბ., 2012. - გვ. 99–100.  

3. ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_თოხაძე


Share: