The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რუბენ ყიფიანი

რუბენ ყიფიანი
Other name:რ. ლეჩხუმელი  (Pseudonym)
რალფი  (Pseudonym)
Date of birth:1882
Date of death:16 February, 1965  (at 83 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Poet, Politician

Biography

რუბენ ყიფიანი დაიბადა 1882 წელს, სოფელ ქვედა ჟოშხაში (ლეჩხუმის მაზრა, ახლანდელი ამბროლაურის რაიონი), წვრილი აზნაურის ლუარსაბ ყიფიანის ოჯახში. დედა – მაკა ცხვედიანი, ქვიშარიდან იყო. ცოლ–ქმარს ოთხი შვილი ჰყავდა: შამშე (ახალგაზრდა გარდაიცვალა), რუბენი, ტარასი და მატრონა. ბავშვებს წერა–კითხვა დედისგან უსწავლიათ. პატარა რუბენი თავიდანვე გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და სწავლის სიყვარულით. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ოჯახის დიდ მეგობარს, ლეჩხუმელ თავად–აზნაურთა წინამძღოლს, მარშალ იასონ გელოვანს. რუბენი ხშირად სტუმრობდა გელოვანის ოჯახს და მის შვილებთან ერთად კითხულობდა „ბუნების კარს“ და „ვეფხისტყაოსანს“. ქართული პოეზიის სიყვარული რუბენ ყიფიანს სიკვდილამდე გაჰყოლია. ვიქტორ ნოზაძის სიტყვებით, „მისი სათაყვანებელი იყო ბესიკი; დიდ პატივს სცემდა გურამიშვილს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ორბელიანებსა და ბარათაშვილს, ხოლო მეტისმეტად უყვარდა აკაკი წერეთელი და კიდევ განსაკუთრებით, ილია ჭავჭავაძე. რუბენმა ზეპირად იცოდა ილია ჭავჭავაძის მთელი პოეზია და მის მოთხრობებს თითქმის სიტყვა–სიტყვით მოგიყვებოდათ..."  („კავკასიონი“, პარიზი, 1965, X, გვ. 171).

ლაილაშის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იასონ გელოვანის გავლენით, რუბენ ყიფიანმა თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. მონდომებით შეუდგა სწავლას და 16 წლისამ უკვე ზეპირად იცოდა რუსთაველი, ილია, აკაკი, ნ. ბარათაშვილი და სხვა. თავად ასე იხსენებს ამ წლებს ძმისშვილთან, ეკატერინე ყიფიან–კობახიძესთან გაგზავნილ წერილში; „მქონდა საუცხოო ხსოვნა, წვალებით ვშოულობდი წიგნებსა და ბევრს ვკითხულობდი. ეს კითხვა იყო და აქამდე დარჩა მთელი ჩემი ავლადიდება. მალე შევიძელი გაზეთებში პატარა წერილების წერა“.

1909 წლიდან რუბენ ყიფიანი, რ. ლეჩხუმელის ფსევდონიმით, აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს ჟურნალ–გაზეთებში: „მომავალი“, ჩვენი აზრი“, „მოგზაური“, „სხივი“, „ჩვენი წყარო“, ეშმაკის მათრახი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ახალი დროება“, „მათრახი და სალამური“ და სხვა. 23 წლისა უკვე საკმაოდ განსწავლული იყო. თავისუფლად კითხულობდა დედანში რუს კლასიკოსთა ნაწარმოებებს. სწორედ ქართველ და რუს კლასიკოსთა შემოქმედების სიღრმისეულმა ცოდნამ, უცხოელ ავტორთა ნაწერების გაცნობამ და მათი გამონათქვამების თუ იგავ–არაკების საუბარში აზრიანად ჩართვამ აღზარდა იგი საინტერესო მოსაუბრედ და კარგ ორატორად.

რუბენ ყიფიანი იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. აქტიურად მონაწილეობდა საგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობაში. იგი მეგობრობდა იასონ გელოვანის ვაჟთან შამშესთან, ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტთან, რომელმაც აზიარა სოციალ–დემოკრატიულ იდეებს. მასთან და სხვა ლეჩხუმელ ახალგაზრდებთან (ლევან დადეშქელიანი, სოსიპატრე ასათიანი, ვიქტორ და პლატონ ახვლედიანები, არტემ ბოჭორიშვილი და სხვ.) ერთად რუბენ ყიფიანი შეუერთდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე ახალგამოსულ სოციალ–დემოკრატიულ მოძრაობას. ეს ახალგაზრდობა ხელმძღვანელობდა 1905 წელს რაჭა–ლეჩხუმ–სვანეთის ამბოხებას.  

აჯანყების დამარცხების შემდეგ რუბენი თბილისში ჩამოვიდა, დედაქალაქის მუშათა მოძრაობას დაუახლოვდა და პარტიის ხელმძღვანელობასაც გაეცნო. ჟანდარმერია მასზე მუდმივად ნადირობდა და ბევრჯერ გააციმბირეს კიდეც, მაგრამ იგი ყოველთვის ახერხებდა გამოპარვას. ერთ–ერთი ასეთი გამოქცევისას, 1907 წელს, ბაქოს გავლით საქართველოში მოდიოდა და სწორედ ბაქოში გაუგია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ამბავი. ძალიან სწყინდა როცა ესმოდა, რომ ილიას მკვლელობას სოციალ–დემოკრატებს აბრალებდნენ. სიტუაციაში გასარკვევად თავადაც სცადა გამოძიების ჩატარება, სასამართლოს ოქმების ასლების ხელში ჩაგდება მოახერხა, მაგრამ ამ  მცდელობისა და ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო ჟანდარმერიამ კიდევ ერთხელ გააციმბირა.

რუბენ ყიფიანი ახლო ურთიერთობაში იყო აკაკი წერეთელთან, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ რაჭა–ლეჩხუმში 1912 წლის ზაფხულში დიდი პოეტის ისტორიული მოგზაურობის დროს იგი აკაკის მხლებელთა შორის ყოფილა.

1917  წლის რევოლუციის დროს რუბენ ყიფიანი კვლავ გაციმბირებული იყო, უკვე მეშვიდედ.

ამჯერად გამოქცევა აღარ დასჭირდა, კანონიერად გათავისუფლდა და პარტიული  მუშაობა რაჭა–ლეჩხუმ–სვანეთში განაგრძო. 1918–1921 წლებში რუბენი საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის მენშევიკების ფრთის ერთ–ერთი თვალსაჩინო და გავლენიანი მოღვაწე იყო, დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მისი ხელმოწერაც ამშვენებს.

1921 წლის თებერვლის ცნობილი მოვლენების შემდეგ რუბენ ყიფიანი ლტოლვილია. სტამბოლი, ბერლინი, პარიზი, სოშო და ბოლოს ლევილი... იმ საბედისწერო დღეს, როცა სხვებთან ერთად ტოვებდა სამშობლოს, მან ქვაშვეთის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა მშვენიერ ქალბატონზე, გუგულა კვიტაშვილზე. ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან, მაგრამ ურთიერთ სიყვარული და ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს და სხვა ოჯახი არცერთს შეუქმნია.

II მსოფლიო ომის დროს რუბენ ყიფიანი საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა. გერმანელებმა დააპატიმრეს და ერთი წელი ციხეში გაატარა. რაც ჰქონდა ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ერთადერთი რაც ენანებოდა მისი ბიბლიოთეკა იყო. ომის შემდეგ ქალაქ  სოშოში დასახლდა და ცხოვრება კვლავ ნულიდან დაიწყო. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან, კერძოდ, იყო „კავკასიონის“ თანამშრომელი. ლექსებს აქვეყნებდა „რალფის“ ფსევდონიმით. უმთავრესად სოციალურ საკითხებს ეხებოდა, მაგრამ მის პოეზიას არც ბუნება და სიყვარული აკლდა. „ემიგრაციაში რუბენ ყიფიანი დაკარგული თავისუფლების დამტირებელი იყო და დაკარგულ სამშობლოს გულდამწვარი ეტრფოდა...“, – წერდა პოეტისადმი მიძღვნილ  გამოსათხოვარ წერილში ვიქტორ ნოზაძე („კავკასიონი“, პარიზი, 1965,  X, გვ. 174).

სიცოცხლის ბოლო წლები რუბენ ყიფიანმა ლევილში გაატარა. დაიღუპა 1965 წლის 16 თებერვალს უბედური შემთხვევის შედეგად, მანქანა დაეჯახა თავისი ბინის სიახლოვეს პარიზიდან ახალჩამოსულს. დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

რუბენ ყიფიანს ხანგრძლივი დროის მანძილზე ჰქონდა მიმოწერა ოჯახის წევრებთან. ეპატიჟებოდნენ, თუმცა ჩამოსვლაზე უარი თქვა, როგორც ჩანს ეს მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. „როცა ჩემი ცხოვრების დასასრული მოვა და თავის სიცივეში შემახვევს, მე მირჩევნია და შენთვისაც უკეთესია ისე ფიქრობდე, რომ რაც მწამდა სამარის კარს უკომპრომისოდ მივიტანე და რომ ცხოვრებიდან წავედი მედიდური და მოუხრელი, თანაც იმ წარმოდგენით, რომ სიმართლეში დამარცხება სჯობს უსამართლო გამარჯვებას“, – წერდა რუბენ ყიფიანი თავის ძმისშვილისადმი მიწერილ ერთ–ერთ წერილში. 

წყარო: 

1. შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 7. –თბ., 2005.– გვ. 363–365.

2. კობახიძე ნანული. ბაბუაჩემი – რუბენ ყიფიანი // რაეო.–1998.– იანვარ,თებერვალი, #1,#2. 


Share: