The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გია ყორიაული

გია ყორიაული
Date of birth:198?
Category:Physicist

Biography

გია ყორიაული ერთ-ერთია იმ ქართველ მეცნიერთა შორის, ვინც წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებში განხორციელებულ მსოფლიო მნიშვნელობის კვლევებში. მის ბიოგრაფიაში უჩვეული არაფერია. დაიბადა და გაიზარდა თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში. საშუალო სკოლაც აქვე დაამთავრა. მრავალმხრივი ინტერესების გამო მომავალი პროფესიის არჩევა გაუჭირდა. მეათე კლასში იყო როცა ფიზიკოსობა გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, ეს მისი ფიზიკის პედაგოგის, ქალბატონი ციალა ქოქოშვილის დამსახურებაა. წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  სტუდენტობის წლები უმძიმეს 1990–იანებს დაემთხვა, მაგრამ ამას სწავლების ხარისხზე არ უმოქმედია. უნივერსიტეტის პედაგოგებს დღემდე დიდი მადლიერებით იხსენებს.  ბაკალავრიატი ზოგადი ფიზიკის განხრით დაამთავრა და სპეციალობად ბირთვული და ატომური ფიზიკა აირჩია. 2002 წელს, რუსეთში, დუბნაში გაემგზავრა, სადაც მდებარეობს ბირთვული კვლევების საერთაშორისო ცენტრი, რომლის წევრი საქართველოც არის. რეკომენდაცია ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგემ, ლერი ქურდაძემ და მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, სიმონ წერეთელმა გაუწიეს. დუბნაში იგი შეუერთდა ე. წ. „ატლასის“ ჯგუფს (ფიზიკოსთა ჯგუფი აგებს­ დეტექტორს („ატლასი“) და მასზე ექსპერიმენტებს ატარებს). „ატლასი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელების შედეგად მოხდა ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა. ამ ნაწილაკის აღმოსაჩენად რამდენიმე ათეული წელი ტარდებოდა ექსპერიმენტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰიგსის ბოზ­ონის არსებობა დადასტურდა. ესე იგი, ამოიხსნა ბუნების ერთ-ერთი საიდუმლო, თუ როგორ გაუჩნდა მატერიას მასა. ამ თეორიას ჰქვია „ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელი“. ამ თეორიის ერთ-ერთმა შემქმნელმა, რომლის სახელსაც ატარებს ჰიგსის ბოზონი, პიტერ ჰიგსმა,  აღმოჩენისთვის  ნობელის პრემიაც მიიღო.

დუბნის ექსპერიმენტში ათასობით ფიზიკოსი და ტექნიკური პერსონალი იყო ჩართული.  გია ყორიაული სხვადასხვა ამოცანის გადაჭრაში იღებდა მონაწილეობას. ძირითადად ეს იყო პროგრამული უზრუნველყოფის წერა „ატლასის“ ერთ-ერთი დეტექტორისთვის, რომელსაც ჰქვია ადრონული კალორიმეტრი. პროექტში 2013 წლის ოქტომბრამდე იყო ჩართული და სადოქტოროც ამ ექსპერიმენტის ირგვლივ  დაიცვა ბონის უნივერსიტეტში, გერმანიაში. 

დუბნის შემდეგ იყო კანადა, შემდეგ გერმანია. ამჟამად ქალაქ მაინცში იოჰან გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელია. იმავდროულად, ჟენევაში, ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორია CERN-ში მიმდინარე ერთ–ერთ უდიდესი მასშტაბის ექსპერიმენტში მონაწილეობს ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში, რომლის მიზანიც ახალი ფიზიკური პროცესებისა დანაწილაკების აღმოჩენაა. ბატონი გია ხელმძღვანელობდა ამ პროექტისთვის­ ერთ-ერთი ფიზიკური დეტექტორის აწყო­ბ­ას­ მაინცში. ეს დეტექ­ტორი უკვე CERN-შია და წარმატებულად მუშაობს. ამ ექსპერიმენტშიც­ დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი იხარჯება. კვლევის მიზანია პასუხი გაეცეს კითხვას, რა არის იმის მიღმა, რაც უკვე ვიცით სამყაროს შესახებ?  ასეთი კვლევები ახალი ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველია.

დღესდღეობით საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ფიზიკოსთა უმრავლესობა  ელემენტარული ნაწილაკების, იგივე მაღალი ენერგიების ფიზიკაში მუშაობს. რა თქმა უნდა, ერთმანეთის სამუშაოზე და მიღწევებზე ყველაფერი იციან და ინტენსიური კონტაქტებიც აქვთ, მაგრამ ყველა ერთად ოცნებობს იმ დროზე როცა საქართველოში ყველანაირად შეუწყობენ ხელს ახალგაზრდების მოზიდვას მეცნიერებაში, რადგან ქვეყნის მომავალი ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებაზე დგას. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დიდძალ ფინანსურ რესურსს დებენ სამეცნიერო კვლევებში, რადგან იციან, რომ ეს ძალისხმევა, საბოლოოდ, ტექნოლოგიურ განვითარებასა და კვალიფიციური კადრების რაოდენობის ზრდას მოიტანს, კადრების, რომლებიც ნებისმიერ სფეროში შექმნიან რაღაც ახალსა და ღირებულს.

გია ყორიაული იმედით ელოდება იმ დროს როცა საქართველოშიც შეძლებს მეცნიერული ექსპერიმენტების ჩატარებას, მანამდე კი წელიწადში ერთხელ, როცა შვებულება აქვს, სიამოვნებით მოიჩქარის სამშობლოსკენ, სადაც ელოდებიან მშობლები, და-ძმა, ნათესავები და მეგობრები. მეუღლეც ქართველი ჰყავს. ერთმანეთი გერმანიაში გაიცნეს. მათი ვაჟი ჯერ სულ პატარაა. ხევსური წინაპრების საპატივცემულოდ მშობლებმა სახელად თორღვა დაარქვეს და თიანეთში, არჩილის მონასტერში მონათლეს.

წყარო: 

1. www.tbiliselebi.ge/?mas_id=268445051&year=2015&rubr... 

2. http://www.kvirispalitra.ge/public/26085-qbunebis-saidumlo-amoikhsnaq.html 

2. www.gzapress.ge/.../1668-msoflio-mnishvnelobis-eqsperimentebshi-mon...


Share: