| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ალექსი ჩხენკელი![]()
Biographyინჟინერი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი ალექსი ჩხენკელი დაიბადა 1905 წლის 12 ივნისს საქართველოში, სოფელ ოქუმში (ამჟ. გალის მუნიციპალიტეტი) ქართველ სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის ოჯახში. დედაც აფხაზეთიდან, სოხუმიდან გახლდათ - მარიამ (მაშო) სიმონის ასული თურქია. 1921 წლის დასაწყისში აკაკი საფრანგეთში საქართველოს ელჩად დანიშნეს და ალექსიც მშობლებთან ერთად გაემგზავრა. რამდენიმე თვის შემდეგ ბოლშევიკური რუსეთის ჯარმა საქართველო დაიპყრო და მათი ოჯახი უკან ვეღარ დაბრუნდა. ალექსიმ განათლება იანსონ დე საილის საშუალო სკოლაში მიიღო. 1923-1925 წლებში სწავლობდა სენ–სირის სამხედრო აკადემიაში (შევალიე ბაიარის გამოშვება) და მისი დამთავრებისთანავე ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ლეიტენანტის წოდებით. მისი სამხედრო კარიერა მაროკოში დაიწყო. შემდგომში ასეულისა და ათასეულის მეთაურად მსახურობდა ალჟირსა და ინდო–ჩინეთში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1939-1940 წლებში ალექსი ჩხენკელი საიდუმლო მისიით მიავლინეს ნორვეგიაში. იქიდან ჩრდილოეთ აფრიკაში ჩავიდა. მონაწილეობდა ნარვიკის სამხედრო–საზღვაო ექსპედიციაში. 1941 წელს ალჟირიდან პარიზში დაბრუნდა, მაგრამ ლეგიტიმისტ ოფიცრებთან კონფლიქტის გამო, რომლებიც გენერალ დე გოლს არ შეუერთდნენ, იქ ვეღარ გაჩერდა, საფრანგეთი დატოვა და ლონდონში „თავისუფალი საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს“ შეუერთდა. 1942 წელს იგი ჩაირიცხა ბრიგადაში, რომელმაც განსაკუთრებით ისახელა თავი ეგვიპტესა და ლიბიაში გენერალ ერვინ რომელის საექსპედიციო კორპუსის წინააღმდეგ ბრძოლებში. ამის შემდეგ ის მიავლინეს მოკავშირე ოფიცრად ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში. 1943 წლის ზაფხულში მონაწილეობას იღებდა სადესანტო ოპერაციებში კორსიკაზე და იტალიაში. ასევე, იყო ერიტრეის, ლიბიის, ჩრდილოეთ აფრიკის, იტალიის კამპანიისა და ეპოპეათა მონაწილე. ალექსი ჩხენკელი მონაწილეობდა საფრანგეთის გათავისუფლებაში, მეთაურობდა მე–5 დივიზიონს. შემდეგ, პირადი თხოვნის საფუძველზე, იგი ჩარიცხეს უცხოური ლეგიონის გაერთიანებულ პოლკში. ომის დასასრულს მიენიჭა საფრანგეთის არმიის კოლონელის (ვიცე–პოლკოვნიკი) წოდება და დაინიშნა ლიბიაში განლაგებული ბრიგადის მეთაურად. 1945 წელს პარიზში სამხედრო სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა.1946 წელს დანიშნეს მოკავშირეთა წარმომადგენლად კუბაზე და იუგოსლავიაში, ხოლო შემდეგ გერმანიაში. დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენით, სამხედრო ჯვრით, აგრეთვე, აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის მედლებით.. 1946-1952 წლებში ალექსი ჩხენკელი პარიზში ცხოვრობდა. 1952 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ–იორკში, სადაც დაინიშნა თავისუფალ ფრანგულ ძალთა პრეზიდენტად. მოღვაწეობდა, როგორც სამოქალაქო ინჟინერი. აშშ–ის ქართულ სათვისტომოში არჩეულ იქნა გამგეობის წევრად და აქტიურად ჩაება ემიგრაციის პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო ქართველთა წარმომადგენელი „ბოლშევიზმისაგან გათავისუფლების ამერიკულ კომიტეტსა“ (ანტიბოლშევიკური ბლოკი) და „ანტიკომუნისტურ ინტერნაციონალში“, 1952-1955 წლებში ნიუ–იორკში შექმნილი „ქართველთა დემოკრატიული კავშირისა“ (საქ. დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭო“) და „ქართველთა ეროვნული ერთობის“ აქტიური წევრი. 1953 წლის 1 მარტს მიუნხენში რაჟდენ არსენიძის ხელმძღვანელობით მაუწყებლობა დაიწყო რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართულმა რედაქციამ, რომლის ნიუ–იორკელ კორესპონდენტად ალექსი ჩხენკელი შეარჩიეს. მან არაერთი საინტერესო გადაცემა მოამზადა „ამერიკელი ქართველების“ თემაზე. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთანაც. იყო ინგლისურენოვანი ჟურნალის, "თავისუფალი საქართველოს ხმის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ალექსი ჩხენკელი გარდაიცვალა 1985 წელს, საფრანგეთში. მისი ნეშთი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის საპატიო ყარაულის თანდასწრებით, ლევილის მიწას მიაბარეს. აქვეა დაკრძალული მისი მეუღლე, ქეთევან ვაჩნაძე (1905-1973). მათ ორი შვილი დარჩათ – გივი (დ. 1927) და თამარ (დ.1935) ჩხენკელები.
წყარო: დაუშვილი, რუსუდან. ალექსი ჩხენკელი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბილისი, 2012. - გვ.160–161. ნიკოლაძე ფრ. უცხოური ლეგიონის მეომრები; ალექსი ჩხენკელი // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში: 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები.-[თბილისი, 2009].– გვ. 41–42. ურუშაძე, ლევან. ქართველები ევროპის ჯარში - საფრანგეთი: ალექსი ჩხენკელი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 33–34. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსი_ჩხენკელი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

