The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


აკაკი ჩხენკელი

აკაკი ჩხენკელი
Date of birth:1874
Date of death:5 January, 1959  (at 85 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Lawyer, Political Leader, Publicist

Biography

გრიგოლ წერეთელი 1971 წელს პარიზში გამოცემულ თავის წიგნში – „ქართული ემიგრაცია და ადამიანები“ შემდეგნაირად ახასიათებს აკაკი ჩხენკელის პიროვნებას: „ადამიანი არაჩვეულებრივი ზრდილობის და სიდარბაისლის. ჩვენ პარტიაში ითვლებოდა დისციპლინის კაცად, მაგრამ იდეოლოგიურად იცავდა  ყველა ქართველების ერთობას, ყოველ პირობებში. თუ სოციალიზმის ეკონომიურ პროგრამას იზიარებდა ურეზერვოდ, სამაგიეროდ, ეროვნულ საკითხში მას ჰქონდა სულ სხვა მიდგომა, რომელსაც ნიჭიერათ იცავდა. საფრანგეთში იყო ჩვენი რესპუბლიკის პირველი ელჩი და დიდი ღირსებით ასრულებდა მოვალეობას. ჰქონდა დიდი ცოდნა და კულტურა. როგორც ორატორი არავის არ ჰგავდა. მისი კრებაზე გამოსვლა ყოველთვის დამაჯერებელი  იყო. თუმცა მისი ლაპარაკი მუსაიფის ტონს ატარებდა; ეხერხებოდა და წერდა ნიჭიერად. უაღრესად აფასებდა ნ. ჟორდანიას, ი. წერეთელს და კ. ჩხეიძეს, მაგრამ განსაკუთრებული კულტი ჰქონდა ი. წერეთლის, მის ნიჭსა და ორატორობის უნარს ყველაზე მაღლა აყენებდა, მისი აზრით ამგვარი ორატორი იშვიათია ცხოვრებაში.“

აკაკი ჩხენკელი 1874 წელს, ხონში დაიბადა. მის მშობლებს ცხრა შვილი ჰყავდათ. მამამისი ივანე მღვდელი იყო, უაღრესად კულტურული და განათლებული პიროვნება. სასულიერო მოღვაწეობას აფხაზეთში ეწეოდა. მისმა ყველა შვილმა კარგი განათლება მიიღო.     

ხონის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აკაკი თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი გახდა, საიდანაც 1898 წელს გარიცხეს სემინარიაში გამეფებული ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ გაფიცვაში მონაწილეობის გამო. იმავე წლიდან სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრია.  სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მალე ცოლად შეირთო მაკრინე სიმონის ასული თურქია და მასთან ერთად გაემგზავრა სასწავლებლად ევროპაში.

აკაკი ჩხენკელმა 1907 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ჟენევაში. 1909 წელს საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ჟურნალისტურ საქმიანობაში. უმთავრესად წერდა ეროვნულ და საპარლამენტო საარჩევნო საკითხებზე. 1910 წელს, მასიური დაპატიმრებების დროს, ისიც დაუტუსაღებიათ და მეტეხის ციხეში ჩაუსვამთ, აგვისტოს თვეში კი როსტოვში გაუსახლებიათ, სადაც მაშინ სხვა სოციალ–დემოკრატებიც იმყოფებოდნენ: ნოე რამიშვილი, ნესტორ ჩხიკვაძე, უშანგი და ნიკო ელიავები და სხვა.

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს IV მოწვევის არჩევნების წინ, 1912 წელს, აკაკი ჩხენკელი საქართველოში დაბრუნდა. იგი აირჩიეს დუმის დეპუტატად ბათუმ–ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. შედიოდა სათათბიროს მენშევიკთა ფრაქციაში. ეკავა ცენტრისტული პოზიცია. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი მენშევიკია, რომელმაც ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას დაუჭირა მხარი. ამ მოთხოვნით იგი სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდანაც კი გამოვიდა.

დუმაში გამოსვლებმა აკაკი ჩხენკელს დიდი პოპულარობა მოუტანა. განსაკუთრებით გაითქვა სახელი 1914 წელს სამხედრო ბიუჯეტის წინააღმდეგ გამოსვლის შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირა ყველა მემარცხენე დეპუტატმა. ამის გამო განრისხებულმა მთავრობამ საკრებულო გარეკა.

1914 წელს აკაკი ჩხენკელი მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ. მის ეროვნულ მოღვაწეობას განსაკუთრებით ფართო ასპარეზი მიეცა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. იგი გახდა რუსეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, „ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის“ (ОЗАКОМ) წევრი. ეს კომიტეტი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გაუქმდა.

1918 წლის იანვარში შეიქმნა „ამიერკავკასიის სეიმი", რომლის თავმჯდომარე იყო კარლო ჩხეიძე, სამხედრო მინისტრი - ევგენი გეგეჭკორი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტი - აკაკი ჩხენკელი. 1918 წლის 22 აპრილს სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება: „აღიარებულ იქნას ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერატიული დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს ეცნობოს სხვა სახელმწიფოებს“. შედგა ამიერკავკასიის ახალი მთავრობა, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა აკაკი ჩხენკელი, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც დაიკავა. მალე აშკარა გახდა ამიერკავკასიის სეიმის დაშლისა და ფედერატიული რესპუბლიკისაგან საქართველოს გამოყოფის აუცილებლობა, რაც განხორციელდა კიდეც 1918 წლის 26 მაისს.

აკაკი ჩხენკელმა დიდი დახმარება გაუწია საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის, ხოლო ივანე ჯავახიშვილს თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. მას წილად ხვდა ბედნიერება, 1918 წლის 26 იანვარს, საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელით გაეხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი.

1919–1921 წლებში აკაკი ჩხენკელი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.1918-1921 წლებში, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეთაურობდა საზავო მოლაპარაკებას თურქეთთან და გერმანიის მთავრობასთან (ამავე დელეგაციაში შედიოდნენ: ზურაბ ავალიშვილი, სპირიდონ კედია, ნიკო ნიკოლაძე და სხვ.). 1921 წლის იანვრიდან იგი საქართველოს ელჩია საფრანგეთში. იმავე წლიდან ემიგრაციაშია. მისი ელჩად ყოფნა საქართველოს გასაბჭოებიდან კიდევ 13 წელს (1933 წლამდე) გაგრძელდა. საელჩოს უმთავრესი დანიშნულება იყო ლტოლვილების დაცვა, რასაც პირნათლად ასრულებდა. ემიგრაციაში პოლიტიკურ და დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1939 წელს, ანჩინის ფსევდონიმით პარიზში გამოქვეყნდა მისი წიგნი – „სახელმწიფო და ერი“.

აკაკი ჩხენკელი გარდაიცვალა 1959 წლის 5 იანვარს, პარიზში. დაკრძალეს ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე. ჰყავდა ერთი ვაჟი-ალექსი, რომელიც სამხედრო იყო და იბრძოდა გენერალ დე გოლის არმიაში. პენსიაში გასვლის შემდეგ გადასახლდა ამერიკაში. აკაკის უმცროსი ძმა -კიტა ჩხენკელი იყო ცნობილი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი.

აკაკი ჩხენკელის მეუღლემ, მაკრინემ, ქართველოლოგ ლეა ფლურს (კიტა ჩხენკელის მოწაფეს) გადასცა ოჯახში დაცული არქივი, მათ შორის: დამოუკიდებლობის აქტი (ორიგინალი), კონსტიტუცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო შტანდარტი. ეს რელიქვიები საქართველოს დაუბრუნდა.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_ჩხენკელი 

2. ჩხენკელი აკაკი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუმუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.204-205.

3. შარაძე გურამ. აკაკი ჩხენკელი // შარაძე, გურამ. უცხოეთის ცის ქვეშ. . 1.- თბ.,1991.– გვ. 67–83.




Share: