The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მერაბ ჯორჯაძე

მერაბ ჯორჯაძე
Date of birth:8 June, 1899
Date of death:26 February, 1943  (at 43 years)
Burial location:იქსელის სასაფლაო, ბრიუსელი, ბელგია
Category:Military Person

Biography

მერაბ ჯორჯაძე - ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი, ნინო დავითის ასული (1859-1936) ჭავჭავაძისა და დავით გიორგის ძე ჯორჯაძის (1867-1928) ვაჟიშვილი, 1899 წლის 8 ივნისს ბაქოში დაიბადა. თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან გადასახლებაში გაატარა და სიცოცხლის ბოლომდე პარტიზანული წესით ებრძოდა ბოლშევიკურ რეჟიმს.

არისტოკრატულ ოჯახში დაბადებულმა მერაბმა განათლება თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კერძო სასწავლებელში, კეთილშობილთა გიმნაზიაში მიიღო, რომელიც მამამისის, დავით ჯორჯაძის შემწეობით იქნა დაარსებული. 1919 წელს გიმნაზია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილად გადაკეთდა და დავით ჯორჯაძემ მას თავისი ბიბლიოთეკა გადასცა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მერაბ ჯორჯაძე იატაკქვეშა ბრძოლაზე გადავიდა. 1922 წელს შეუერთდა პარტიზანულ რაზმს, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი მეთაურობდა. ერთ ღამეს დასაპატიმრებლად სახლში მიადგნენ, მაგრამ შემთხვევის წყალობით გადარჩა. საფრთხის ასაცილებლად თბილისს გაერიდა და მცირე ხნით დუშეთს შეაფარა თავი. 1924 წელს, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის აღსრულებას დუშეთის ციხეში ელოდებოდა. ღამით ციხეს ქაქუცა დაესხა თავს და პატიმრები გაათავისუფლა. წინააღმდეგობის მოძრაობის გადარჩენილმა წევრებმა თურქეთში გააღწიეს. მოგვიანებით კი საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდნენ.

მერაბ ჯორჯაძე განათლებით ეკონომისტი იყო და სამშობლოში წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ უცხოეთში არჩია სამხედრო გზას გაჰყოლოდა. 1926 წელს პარიზის განთქმულ სენ–სირის სამხედრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მას საფრანგეთის სამხედრო ძალებში შესთავაზეს კარიერის გაგრძელება იმ პირობით, თუ საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებდა. მან ეს წინადადება უარყო და უმუშევრად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე სამხედრო განათლება და საკმაოდ ღირებული საველე გამოცდილება ჰქონდა მიღებული, 1920-იანი და 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის დროს იძულებული გახდა, თავის გადარჩენის მიზნით, ნებისმიერი სამუშაო შეესრულებინა. 1935 წელს უცხოურ ლეგიონში შევიდა. იბრძოდა მაროკოში. საბრძოლო დამსახურებისთვის მიღებული აქვს საფრანგეთის ჯილდოები.

1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. ნაციონალისტებს ფრანცისკო ფრანკო ხელმძღვანელობდა, რომელიც მონარქიას უჭერდა მხარს. მისი ლოზუნგი იყო „უფალი, სამშობლო და მეფე“. მიუხედავად იმისა, რომ ფრანკოს მიზნები და ქმედებები დიდწილად შელახული იყო იმ ფაქტით, რომ სიმპათიებს ამჟღავნებდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა მუსოლინისა და ჰიტლერის მომხრეებთან, ჯორჯაძე ნათლად ხედავდა, რომ ფრანკო, არსებითად, საბჭოელების მიერ შეგულიანებულ სოციალისტურ ძალებს ებრძოდა და ამიტომაც გაემგზავრა ესპანეთში ნაციონალისტების მხარეს საბრძოლველად.

როდესაც მერაბ ჯორჯაძე საფრანგეთში დაბრუნდა, ამ ქვეყანას უკვე მემარცხენე სოციალისტური პარტია მართავდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ გაარკვია, რომ იგი ესპანეთში სოციალისტი თანამოძმეების წინააღმდეგ იბრძოდა, ჯორჯაძის იქ დარჩენა შეუძლებელი გახდა. საფრანგეთმა დაინდო და არ განახორციელა საბჭოთა კავშირში მისი დეპორტაცია. პირადი თხოვნის საფუძველზე უფლება მისცეს ლუქსემბურგში გამგზავრებულიყო, სადაც დაუკავშირდა ამ ქვეყნის პრინცს, რომელთანაც ერთად სენ–სირის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. პრინცის დახმარებით მას მალე გადაეცა საჭირო დოკუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ბელგიის მოქალაქობა მიიღო.

ბელგიაში მერაბ ჯორჯაძემ გაიცნო ხელოვნებათმცოდნე ოლგა შჩერბატოვა და 1940 წელს მასზე დაქორწინდა. ოლგა რუს დიდგვაროვანთა გამოჩენილი ოჯახის წარმომადგენელი იყო. მამამისმა, პავლე შჩერბატოვმა, მოსკოვში ისტორიის მუზეუმი დააარსა, რომელიც დღესაც წითელ მოედანზე მდებარეობს. დედის პაპა, 1856–1863  წლებში — განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი და მეფისნაცვალი კავკასიაში ალექსანდრე ბარიატინსკი, იყო ის გენერალი, რომელსაც შამილი დანებდა. სხვა საოჯახო რელიქვიებთან ერთად, რომლებიც ოლგამ რუსეთიდან გაიტანა მას შემდეგ, რაც იქ ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა, იყო ჯვარი, რომელიც ალექსანდრე ბარიატინსკიმ დედამისს აჩუქა. ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ქართული ჯვარი  XVII-XVIII საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშია. ალბათ, უფლის ნება იყო, რომ ეს ჯვარი მერაბ ჯორჯაძის მეუღლის ოჯახში მოხვდა.

ამ წყვილის ქორწინების პირველი წლები მეორე მსოფლიო ომს დაემთხვა. პარიზის ოკუპირების შემდეგ გერმანულმა ჯარებმა ბელგიაც დაიკავეს და მერაბი და ოლგა ანტიფაშისტურ ბრძოლაში ჩაებნენ.

მერაბ ჯორჯაძე ბელგიის განთავისუფლებას ვერ მოესწრო. 1943 წლის 26 თებერვალს იგი სიმსივნით გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა, მეუღლეს სთხოვა, მოეტანა ის ქართული ჯვარი, რომელიც ოლგამ დედისაგან მიიღო, აკოცა ჯვარს და თქვა: „ის, რაც ერს ეკუთვნის, მასვე უნდა დაუბრუნდეს“. დაკრძალულია ბრიუსელში, იქსელის სასაფლაოზე.

ოლგა შჩერბატოვა-ჯორჯაძემ 1950 წელს საქართველოში იმოგზაურა. მას სურდა თბილისში ის სახლი ენახა, რომელშიც მერაბი ახალგაზრდობაში ცხოვრობდა. მეუღლის ნათესავებს არ დაუკავშირდა, რადგან ეს მათთვის საშიში იყო და მალევე უკან გაემგზავრა.

მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ შეძლო ოლგამ მეუღლის უკანასკნელი სურვილის აღსრულება და ჯვარი საქართველოში დააბრუნა. მერაბ ჯორჯაძის დის, მარინეს (მაკა) ვაჟი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ამ ამბავს ასე იგონებს, – „ათწლეულების შემდეგ, როდესაც ევროპაში გამგზავრება შესაძლებელი გახდა, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ბელგიაში წავიდნენ. უკან დაბრუნებისას ბიცოლაჩემმა ჯვარი ჩემს ქალიშვილს დაჰკიდა და უთხრა: სულითა და გულით ვლოცულობ, რომ ეს ჯვარი საქართველოში დაბრუნდეს, რადგან ეს მერაბის სანუკვარი ოცნება იყოო. რადგან საბჭოთა სისტემა ჯერ კიდევ ძლიერი იყო, ეშინოდათ, რომ ძვირფას ჯვარს გზაში წაართმევდნენ. მართლაც, მატარებელი ბრესტში რომ შესულა, მესაზღვრეებს მთელი კუპე გაუჩხრეკიათ, ყველა ჩემოდანი გაუხსნიათ. საბედნიეროდ, ჯვარი ვერ უპოვიათ, რადგან ის ჩემს ქალიშვილს, მაიას ეკეთა ყელზე. ბედნიერი ვარ, რომ საამაყო წინაპრის ანდერძი შევასრულეთ და მარგალიტის, ალმასისა და ლალის თვლებით შემკული ხელოვნების ეს ძვირფასი ნიმუში დღეს საქართველოშია".
2007 წელს, ოლგა შჩერაბატოვა-ჯორჯაძის სიკვდილის შემდეგ, მაია კოკოჩაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, რათა ოლგას ანდერძის წაკითხვას დასწრებოდა. ანდერძში მისთვის შემდეგი ნივთები იყო დატოვებული: რუსთა ხელმწიფის, ნიკოლოზ I-ის გრავიურა; გრავიურა, რომელზედაც შავ ზღვაში განლაგებული რუსეთის ფლოტის სამხედო გემია გამოსახული; გრავიურა ალექსანდრე ბარიატინსკის, კავკასიის გენერალ-გუბერნატორის გამოსახულებით; რამდენიმე რუსული ქალაქის გრავიურა; რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ნათლიის გრავიურა; ალექსანდრე ბარიატინსკის პორტრეტი; იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და მისი მეუღლის ფოტოები; 1771-1857 წლებში ფრანგულ და რუსულ ენაზე დაბეჭდილი წიგნები.

ეს ნივთები წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს გადაეცა.

წყარო: 
1. www.nplg.gov.ge/chavchavadze/merab.html

2. www.dommuseum.ru/index.php?m... 

3. ჩიგოგიძეხათუნააღსრულებული ანდერძი  // კვირის პალიტრა. - 2009. - 7-13 დეკემბერი. - N49(801). - გვ.18


Share: