The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ბაგრატიონ–მუხრანელი

გიორგი ბაგრატიონ–მუხრანელი
Other name:ხორხე
Date of birth:22 February, 1944
Date of death:16 January, 2008  (at 63 years)
Burial location:სვეტიცხოვლის ტაძარი, მცხეთა
Category:Royalty

Biography

2008 წლის 16 იანვარს თბილისში გარდაიცვალა მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონი. იგი სამეფო გვარის მუხრანელთა შტოს წარმომადგენელი იყო. მუხრანელთა შტო ბაგრატიონთა უფროს შტოს წარმოადგენს, თუმცა ქართლ–კახეთის ბოლო მეფეები ბაგრატიონთა უმცროსი, კახეთის შტოს წარმომადგენლები იყვნენ.

გიორგი ბაგრატიონი დაიბადა რომში, 1944 წლის 22 თებერვალს, ირაკლი ბაგრატიონ–მუხრანელის ოჯახში. დედამისი, იტალიელი გრაფინია მარია ანტუანეტა პასკუინი მშობიარობას გადაჰყვა. ობლად დარჩენილი პატარა გიორგის აღზრდა ითავა მისმა მამიდამ ლეონიდა ბაგრატიონმა, რუსეთის დიდმა მთავრინამ.
1977 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ირაკლის ძე საქართველოს ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა. მანვე ჩაიბარა საქართველოს სამეფო სახლის თავკაცობაც და გარდაცვალებამდე უძღვებოდა მას.

ხორხე ბაგრატიონი, როგორც მას ესპანეთში ეძახდნენ, ავტო-მოტო სპორტით იყო გატაცებული. მისი სპორტული კარიერა დაიწყო 1959 წელს, მაშინ ის მხოლოდ 15 წლის იყო. რბოლებში ესპანეთის სახელით ასპარეზობდა. თავდაპირველად მონაწილეობდა მოტორბოლებში, 1963 წლიდან კი გადავიდა ავტოსპორტში. გამოდიოდა სხვადასხვა კლასის ავტომობილების შეჯიბრებებში. ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილების („ფორმულა–2“, „ფორმულა–3“) რბოლებში (1969, 1971 წწ.), მაგრამ ნამდვილ წარმატებას ავტორალში მიაღწია. ხორხე ბაგრატიონმა 1968 და  1974 წლებში სცადა ფორმულა ერთში მოხვედრა, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. ამის შემდეგ იგი ავტორალიზე გადაერთო და 1979 და 1981 წლების ესპანეთის რალის გამარჯვებული გახდა (ასპარეზობდა „ლანჩია სტრატოსით“, Lancia Stratos HF). 1982 წელს მან საბოლოოდ მიატოვა სპორტი და დაიკავა პიარ–დირექტორის თანამდებობა კონცერნ „ფიატის“ ესპანურ–პორტუგალიურ განყოფილებაში.

გიორგი ბაგრატიონ–მუხრანელმა 1968 წელს იქორწინა მარია დე ლას მერსედეს დე ზორნოზა ი პონსე დე ლეონზე. ამ ქორწინების შედეგად მას სამი შვილი – მარია ანტუანეტა (1969), ირაკლი (1972) და დავითი (1976) ეყოლა. 1982 წელს მეორედ დაქორწინდა, ცოლად შეირთო ნურია ლოპეს ი ოლიარტი, რომელთანაც 1985 წელს შეეძინა კიდევ ერთი შვილი – ჰუგო (გურამი).

გიორგი ბაგრატიონი თავის ისტორიულ მიწა-წყალს პირველად 1995 წელს ეწვია მამის ნეშტის ქართული მიწისთვის მისაბარებლად. ამის შემდეგ იგი კიდევ არაერთხელ ესტუმრა საქართველოს. 2004 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. სამშობლოში ხშირად ჩამოდიან და ხანგრძლივი დროით ცხოვრობენ მისი შვილებიც.
თბილისში უკანასკნელი ვიზიტის დროს გიორგი ბაგტატიონი ავად გახდა და  2008 წლის 16 იანვარს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიაბარეს მიწას. 

გიორგი ბაგრატიონ–მუხრანელი ქართული ემიგრანტული ორგანიზაციების მიერ ოფიციალურად იყო აღიარებული საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერ მემკვიდრედ. ეს წოდება გადავიდა მის მეორე ვაჟზე დავით ბაგრატიონზე, რადგან უფროსი ვაჟი – ირაკლი ბაგრატიონ–მუხრანელი არ გამოთქვამს პრეტენზიას სამეფო მემკვიდრეობაზე. 2003 წელს დავითი თბილისში დასახლდა, 2004 წელს კი საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო.

2009 წელს 8 თებერვალს დავით ბაგრატიონ–მუხრანელმა იქორწინა ანა ბაგრატიონზე. იგი ბაგრატიონ–გრუზინსკების დინასტიის მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონის ქალიშვილია. ამ ქორწინებით სამეფო ტახტის მემკვიდრეთა ეს ორი შტო გაერთიანდა. 2011 წლის 27 სექტემბერს დავითსა და ანას შეეძინათ ვაჟი – გიორგი ბაგრატიონ–ბაგრატიონი.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/.../გიორგი_(ხორხე)_ბაგრატიონ-მუხრანელ...

2. www.amerikiskhma.com/content/a-54-2008-01-21.../524082.html 

3. ka.rodovid.org/wk/პიროვნება:264259

4. http://life.mediamall.ge/?id=90476




Share: