The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თინათინ ასათიანი

თინათინ ასათიანი
Date of birth:12 March, 1918
Date of death:20 July, 2011  (at 93 years)
Category:Physicist

Biography

თინათინ ასათიანი დაიბადა 1918 წლის 12 მარტს, თბილისში, პროფესორ ლევან ასათიანის ოჯახში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლა, ხოლო 1940 წელს წარჩინებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1941 წელს მიავლინეს ლენინგრადის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში აკადემიკოს არტემ ალიხანიანთან ასპირანტად, მაგრამ II მსოფლიო ომის დაწყების გამო თინათინ ასათიანი იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო.

1942 წელს ძმებმა აბრამ და არტემ ალიხანიანებმა საფუძველი ჩაუყარეს კოსმოსური სხივების საკვლევ მაღალმთიან სადგურს არარატის მთაზე. 1943 წელს სადგურ არაგაცზე კოსმოსური სხივების კვლევაში მონაწილეობის მისაღებად თინათინ ასათიანიც მიიწვიეს. იგი გამოკვლევების ახალი ფიზიკური მეთოდიკის შემუშავებაზე მუშაობდა, აწარმოებდა დაკვირვებებს კოსმოსური სხივების ფართო ატმოსფერულ ღვარებზე. ამ დაკვირვებების საფუძველზე თინათინ ასათიანმა არტემ ალიხანიანთან ერთად აჩვენა კოსმოსური სხივების ე.წ. ვიწრო ღვარების არსებობა და შექმნა ფართო ატმოსფერული ღვარების მიერ წარმოქმნილი პირველადი ნაწილაკების ენერგიის განსაზღვრის ახალი მეთოდი. სწორედ ეს გამოკვლევები დაედო საფუძვლად მის საკანდიდატო დისერტაციას, რომელიც მან დაიცვა მოსკოვის ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე 1945 წელს.

შემდგომში თინათინ ასათიანი ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც თავის თანამშრომლებთან ერთად განაგრძო კოსმოსური სხივების ნაკადში მიუონების პოლარიზაციის შესწავლა. 60-იანი წლების დასაწყისში ინსტიტუტში გაფართოვდა მუშაობა ნაწილაკების დეტექტორების მეთოდიკის შემდგომი გაუმჯობესებისთვის. შეიქმნა მთელი რიგი ექსპერიმენტული დანადგარები. მათზე ჩატარებული დაკვირვებებით მიღებული შედეგებიდან ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვანია ელემენტარული ნაწილაკების გამოკვლევებისათვის ნაპერწკლური კამერების მეთოდიკის შემუშავება, კერძოდ, ისეთი ნაპერწკლური კამერებისა, რომლებსაც საკმაოდ დიდი განმუხტვის შუალედი გააჩნიათ. გაირკვა, რომ მაგნიტურ ველში განიერღრეჩოიანი კამერის მოთავსებისას ნაპერწკალი შეიძლება განვითარდეს დამუხტულ ნაწილაკთა წინასწარ არმოცემული წრიული ტრაექტორიის გასწვრივ. ამან განაპირობა კამერების ფართო გამოყენება ნაწილაკების იმპულსის გასაზომ ხელსაწყოებად. 

თინათინ ასათიანს, სხვა ფიზიკოსებთან ერთად, განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნისათვის 1970 წელს მიანიჭეს ლენინური პრემია. ამავე წელს გახდა  ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. იგი წლების მანძილზე მოღვაწეობდა ლექტორად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1971 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. ხელმღვანელობდა სადიპლომო და საკურსო შრომებს ფიზიკის კათედრაზე. 1996 წელს აირჩიეს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

თინათინ ასათიანმა გამოაქვეყნა დაახლოებით 200-მდე სამეცნიერო შრომა სამამულო და საზღვარგარეთის ჟურნალებში. ის არაერთხელ გამოსულა სამეცნიერო მოხსენებებით როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ასე, მაგ. სამეცნიერო კონფერეციებში კოსმოსური სხივების შესახებ - იაპონიაში (1961 წ.), ინდოეთში (1963 წ.), კანადაში (1967 წ.); საერთაშორისო კონფერენციებზე მაღალი ენერგიის ნაწილაკებზე და საერთაშორისო სიმპოზიუმებზე ბირთვულ ელექტრონიკაში - საფრანგეთში (1968 წ.). 1980 წელს მიენიჭა სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ტიტული. 1994 წლიდან იყო სოროსის ფონდის საპატიო პროფესორი.

სომხეთში შექმნა ქალბატონმა თინამ შესანიშნავი ოჯახი სომეხ კოლეგასთან პროფესორ დადაიანთან, ასევე თვალსაჩინო მეცნიერთან. 1997 წელს მან ერევანში დააარსა ქართული სათვისტომო ,,ივერია”, რომლის პრეზიდენტიც იყო 2006 წლამდე, ხოლო გარდაცვალებამდე სათვისტომოს საპატიო პრეზიდენტი.

2008 წლის 12 მარტს სომხეთის მეცნერებათა ეროვნული აკადემიის (სმეკ) სხდომათა დარბაზში გაიმართა სმეკ-ის ნამდვილი წევრის აკადემიკოს თინათინ ასათიანის 90 წლის იუბილის აღსანიშნავი სხდომა, იუბილესთან დაკავშირებით ერევანში რუსულ ენაზე გამოიცა მისი მემუარების წიგნი (Асатиани Тина Левановна. Воспоминания:  Литературная запись Ваагна Саркисяна. - Ереван, 2008).

თინათინ ასათიანი საქართველოს ღირსების ორდენის კავალერია. 1987 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. გარდაიცვალა სომხეთში, 2011 წლის 20 ივლისს.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/თინათინ_ასათიანი 

2. https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=327

3. makasarashvili.blogspot.com/

4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, . 1, გვ. 621, თბ., 1975 წელი.


Share: