The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ყიფიანი

გიორგი ყიფიანი
Other name:ტუხია
Date of birth:1908
Date of death:1986  (at 78 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Poet

Biography

გიორგი (ტუხია) ყიფიანი დაიბადა 1908 წელს ქუთაისში, ვაჭრის ოჯახში. მის გარდა დედ–მამას ორი უფროსი ქალიშვილი და ერთი უმცროსი ვაჟი ჰყავდა. მამა ადრე გარდაეცვალა, მაგრამ დედას ძალისხმევა არ დაუკლია, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა. 1918–20 წლებში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიასთან არსებულ მე–7 დაწყებით სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1920 წელს, სწავლა განაგრძო ვაჟთა პირველ გიმნაზიაში (ყოფილი კლასიკური გიმნაზია).

მწერლობისადმი ინტერესი გიორგი ყიფიანმა მოწაფეობის წლებშივე გამოავლინა. ჭაბუკობიდანვე ჩაება ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სრულიად ახალგაზრდა მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, 1929 წელს კი იძულებული გახდა სამშობლოდან გახიზნულიყო.

პარიზში ჩასული ჭაბუკი პოეტი დაუახლოვდა ცნობილ ქართველ ლიტერატორებს – ვიქტორ ნოზაძეს, ედუარდ პაპავასა და ისიდორე მანწკავას. მათი დახმარებით  მისი პირველი ლექსები უკვე 1930 წლიდან იბეჭდება ჟურნალ „კავკასიონში“.

1935 წელს დავით ხელაძის მიერ პარიზში გამოიცა გიორგი ყიფიანის ლექსების პირველი წიგნი. მას შემდეგ იგი კიდევ ხუთი პოეტური კრებულის ავტორი გახდა: კერძოდ, 1951 წელს, ასევე დავით ხელაძის მიერ, პარიზში დაიბეჭდა მისი „რჩეული შაირების კრებული“. 1965 და 1973 წლებში ვიქტორ ნოზაძემ განახორციელა გიორგი ყიფიანის კიდევ ორი პოეტური კრებულის გამოცემა – „ლექსები, 1930–1965“ და „პოეზიის და სიცოცხლის ვაზი, 1965–1973“. 

1975 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოვიდა გიორგი ყიფიანის ლექსების წიგნი სათაურით:  “In Poète gèorgien à Paris” (ერთი ქართველი პოეტი პარიზში). თარგმანები შესრულებულია ირინე ყიფიანის, ასმათ ფაღავასა და ლევან ზურაბიშვილის მიერ.

1979 წელს გამოიცა ირინე და გიორგი ყიფიანების ერთობლივი ნამუშევარი – „საზიარო პოეზია“. წიგნი ეძღვნება ვიქტორ ნოზაძის ხსოვნას (ყდა შესრულებულია გუჯი ამაშუკელის მიერ).

გიორგი ყიფიანს ხანგრძლივი და ერთგული მეგობრობა აკავშირებდა ვიქტორ ნოზაძესთან, რაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა მისი გარდაცვალების (1975 წ.) შემდეგ გიორგი ნოზაძესა და მიხეილ ქავთარაძესთან ერთად, აკაკი შავგულიძის დახმარებით, გააგრძელა ჟურნალ „კავკასიონის“ გამოცემა. 1976 –1986 წლებში პარიზში გამოიცა ჟურნალის მე–18, მე–19 და მე–20 ნომრები, ხოლო უკანასკნელი 21–ე ნომერი თურმე გიორგი ყიფიანის დასაფლავების დღეს გამოსულა სტამბიდან.   

ემიგრანტ შოთა ბერეჟიანის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გიორგი ყიფიანი თურმე ერთხანს დიაკონის მოვალეობასაც ასრულებდა. იგი იყო აქტიური წევრი „ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოებისა“ და სამოციანი წლებიდან სიკვდილამდე მისი თავმჯდომარე.

გიორგი ყიფიანი ადრე დაოჯახებულა. მისი პირველი მეუღლე ფრანგი ყოფილა, რომელთანაც შეეძინა ვაჟიშვილი – გივი ყიფიანი. ისინი მალე გაყრილან, მაგრამ შვილი მამამ დაიტოვა აღსაზრდელად. მეორედ გიორგი ყიფიანმა იქორწინა ირინე დიმიტრის ასულ დათიაშვილზე, რომელთანაც მას პოეზიის სიყვარული აკავშირებდა. აკი მათ მოგვიანებით გამოსცეს კიდეც ლექსების ერთობლივი კრებული.

გიორგი ყიფიანის რძალი გახდა თინა ელისეს ასული პატარიძე. გივიმ და თინამ მას სამი შვილიშვილი – ნათელა, თამაზი და გიორგი ყიფიანები აჩუქეს.

გიორგი ყიფიანი გარდაიცვალა 1986 წელს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. მის საფლავს ამშვენებს მარმარილოს ქვის ძეგლი, რომელზედაც ამოტვიფრულია ეტრატის გრაგნილი კალმით და ფრანგული წარწერით: „პოეტი“ (“Le Poete”)…

წყარო: 

1. შარაძე გურამ. გიორგი ყიფიანი // უცხოეთის ცის ქვეშ. წ. 1 / გურამ შარაძე. – თბ., 1991. – გვ. 280–304.

2. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. გიორგი ყიფიანი // ქართული ემიგრანტული მწერლობა : [ლექციების კურსი] / ავთანდილ ნიკოლეიშვილი. - ქუთაისი, 2006. – გვ. 529–546. 


Share: