The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამარ რევია

თამარ რევია
Date of birth:1907
Date of death:August, 1983  (at 76 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Philanthropist

Biography

თამარ რევიას ცხოვრების ისტორიას ემიგრანტულ ჟურნალ "თავისუფლების ტრიბუნაში" ლუბა აბდუშელის მიერ ხელმოწერილი ნეკროლოგიდან ვეცნობით. აქვეა პოეტ გიორგი ყიფიანის ლექსი "თამარ ბერეჟიანის ხსოვნა" და ყოფილი ლტოლვილის მოგონებები, რომელშიც თამარის ღვაწლია წარმოჩენილი.

"სილამაზის სხივთა ფრქვევა

 თავს გვევლება ვით სიზმარი,

სიკეთის და სიყვარულის

თვით ჩვენება ჩვენთან არის", - წერდა გიორგი ყიფიანი თამარისადმი მიძღვნილ ლექსში. ლუბა აბდუშელი ხაზს უსვამს თამარის გულღია, მხიარულ ხასიათს, მის გულისხმიერებასა და სიკეთეს, რომელიც შერწყმული იყო მშვენიერ გარეგნობასთან: "თამარი იყო შესანიშნავი ემბლემა სიყვარულისა, სიკეთისა და სილამაზისა. ჩვენ ყველა, როგორც ფუტკარი თაფლს, მის გარშემო ვტრიალებდით. ჩვენ ის გვიზიდავდა მისი იუმორით, მისი სიკეთით, მისი მომხიბლველობით, თავისი განუმეორებელი ხუმრობით ის ჩვენ გვართობდა, გვახალისებდა, დუხჭირ ცხოვრებას გვიმსუბუქებდა... ჩვენს სახელგანთქმულ მწერალსა და მოაზროვნეს გრიგოლ რობაქიძეს თამარი რომ პირველად უნახავს ბერლინის ერთ ქართულ შეკრებილობაში, აღტაცებით წამოუძახია: "აი, ჩემი მეგიო". ბერლინის ქართული კოლონიის ეს შეკრება 1933 წელს გამართულა და თამარ რევია რობაქიძეს სწორედ იქ უნახავს.

თამარის მეუღლე შოთა ბერეჟიანის  მოგონებებში ვკითხულობთ: "თამარი პირველად ვნახე ბერლინში 1942 წელს დათა კავსაძის მიერ ლეგიონერებისგან შექმნილი გუნდის კონცერტზე. მაშინვე შევამჩნიე ეს ულამაზესი ქალი. ვიკითხე. მითხრეს, მადამ ტიცი არისო. აბა, რას მივხვდებოდი. რომ გამოველაპარაკე, თვითონ მიცნო. თბილისში ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და ჩემზე 2 წლით უფროსი იყო. თამარის პირველი ქმარი მანჯგალაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. რაღაც დანაშაულისათვის 32 კაცთან ერთად გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. თამარი გადასახლებას რომ გადაერჩინა, მისმა ძმამ, ლევან რევიამ, ენუქიძეს სთხოვა დახმარება. აბელმა ურჩია, სასწრაფოდ უცხოელზე გაეთხოვებინათ. მართლაც, ერთ ახალგაზრდა გერმანელ სამხედრო ინჟინერს, კარლ ტიცს გააყოლეს, რომელიც საქართველოში მუშაობდა. ამ დროს ჰიტლერმა გამოსცა ბრძანება, ყველა გერმანელი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, თორემ დაკარგავს მოქალაქეობასო. ტიციც წავიდა გერმანიაში და ცოლიც თან წაიყვანა. მე რომ შევხვდი თამარს, მაშინ ქმართან გართულებული ჰქონდა ურთიერთობა. კარლი სმოლენსკთან ავარიაში მოხვდა და დასახიჩრებული იყო. ორი შვილი ჰყავდათ - კარლი და ვივიანი. ამ დროს გამოვიდა ბრძანება, რომ ვინც ომში იმყოფებოდა, იმ გერმანელთა ცოლებს უნდა ემუშავათ. თამარმა ქართულ შტაბში, გიორგი მაღალაშვილის სოციალურ განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. ამ დროს ქმარი გაეყარა და ბავშვებიც წაართვა, სტალინი ქართველია და მაგის ბრალია ომიც და ჩემი ხეიბრობაცო".

1944 წლის ივნისში, მეორე ფრონტის გახსნის შემდეგ, როცა რუსების შეტევა დაიწყო, დასავლეთს პოლონეთიდან და ჩეხოსლოვაკიიდან ლტოლვილი ქართველები მიაწყდნენ. საჭირო იყო მათთვის ბინის შოვნა. ქართულმა შტაბმა ავსტრიაში ბავშვებისა და ავადმყოფი ტყვეებისათვის ბანაკის მოწყობა გადაწყვიტა. თამარ რევიას ნაცნობობა ჰქონდა ავსტრიაში, სადაც სააგარაკოდ დადიოდა, ამიტომაც ბანაკისათვის ადგილის გამოძებნა მიანდეს. მას დამხმარედ შოთა ბერეჟიანიც გააყოლეს. ზალცბურგში მაზრის უფროსისა და ზალცბურგის გაულაიტერის ბრძანებით, სოფელ მიტერზინში ორი სკოლა გაათავისუფლეს და იქ 1944 წელს ახალი ქართული სათვისტომო შეიქმნა. მალე იქ მთელი მეურნეობა მოეწყო, სასადილოში მზარეულები სადილებს ყველასთვის ამზადებდნენ. ბანაკს, რომელიც სხვებთან ერთად, ირაკლი ბაგრატიონმაც მოინახულა, თამარი "მადამ ტიცის" სახელით განაგებდა. ბანაკის ერთ-ერთი მცხოვრები იხსენებდა: "პირდაპირ საოცარი იყო ამ ქალის ენერგია, იმ გაჭირვების ჟამს სად შოულობდა დეფიციტურ წამლებს, ჩვილ ბავშვთა საკვებს ან ტანსაცმელს. ყველა პრობლემას აგვარებდა და ყველას ეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, თამარ რევიამ მაშინ ბევრ ჩვენგანს შეუნარჩუნა სიცოცხლე".

1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. შეიქმნა იმის საშიშროება, რომ ავსტრიას რუსები დაიკავებდნენ. ამიტომ დიმიტრი შალიკაშვილმა ბანაკის მცხოვრებთა ნაწილი იტალიაში გადაიყვანა. ამასობაში ომიც დამთავრდა. ტყვეებისა და ლტოლვილთა ნაწილი მიტერზინის ბანაკში დარჩა. რუსეთის სარდლობამ ორი ქართველი ოფიცერი გამოგზავნა. ტყვეების ნაწილი მათ სამშობლოში წაიყვანეს,  რომლებიც შემდეგ ციმბირსა და შუა აზიაში გადაასახლეს. თამარიც აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ შოთამ გადააფიქრებინა. 9 მაისს მიტერზინი ამერიკულმა ნაწილმა დაიკავა. 1945 წლის იალტის ხელშეკრულებით ყველა იქ უნდა წასულიყო, საიდანაც იყო ჩამოსული. შოთა პარიზში უნდა დაბრუნებულიყო, თამარი - ბერლინში. იქ კი უკვე რუსები იყვნენ. მიტერზინის ყოფილი მერის რჩევით 15 სექტემბერს თამარმა და შოთამ ჯვარი ფიქტიურად დაიწერეს და საფრანგეთში გაემგზავრნენ. მცირე დანაზოგს დაამატეს თამარის სამკაულების გაყიდვით მიღებული საფასური და პარიზში დუქანი იყიდეს. ამასობაში თამარს და შოთას ერთმანეთი შეუყვარდათ და უკვე ნამდვილად დაქორწინდნენ. ექვსი წელი დუქანი ჰქონდათ, მერე რესტორანი "ფრანკო-ჟორჟიენი". რესტორანი გაკოტრდა, რადგან ქართველებს ხშირად ნისიად ემსახურებოდა. რესტორანი გაყიდეს. შოთა კარგა ხანს უმუშევარი იყო. თამარმა შვილები მოძებნა და ამერიკიდან ახალგათხოვილი ქალიშვილი ჩამოიყვანა. ლევილში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. გაჭირვების გამო მიწა ჰქონდათ აღებული და კიტრი მოჰყავდათ.  შემდეგ გაუმართლათ და შოთამ მუშაობა დაიწყო ჯერ "ალჟირის ღვინოების" წარმომადგენლობაში, 1954 წელს კი - "რიპოლის" საღებავების ქარხანაში.

ეკონომიკურად რომ მომაგრდნენ, არპაჟონსა და ლევილთან ახლოს, ლინასში დაიწყეს სახლის მშენებლობა, რომელიც ლატარიაში მოგებული 600 ათასი ფრანკის წყალობით დაამთავრეს.

ბერეჟიანების სტუმართმოყვარე სახლი ყველას იზიდავდა. მათ სტუმრობდა გრიგოლ რობაქიძეც, თამარს "მეგი-მედეას" უწოდებდა და თავის წიგნებს უგზავნიდა. როცა თამარის ქალიშვილი, ვივიანი მონათლა, გოგონასაც "მედეა" უწოდა.

თამარ რევიას მშვენიერება არაერთისთვის გამხდარა შთაგონების წყარო. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჟურნალ "ივერიის" რედაქტორმა მიხეილ ქავთარაძემ მას პოემა – "ჩვენი დროის მედეას" –  უძღვნა.

"მისმა ეშხმა დამძლია

და პოეტად მაქცია,

 თორემ ლექსი აკლია?

პოეზია აცვია", - ეს სტრიქონები გიორგი ყიფიანმა ექსპრომტად უძღვნა თამარ რევიას.. ლექსებს უძღვნიდნენ უცხოელებიც.

38 წელი იყვნენ ერთად შოთა ბერეჟიანი და თამარ რევია. მშვენიერი აღნაგობა, ახალგაზრდული იერი და ხალისიანი ბუნება მან სამოცდაათი წლის ასაკშიც შეინარჩუნა. 1982 წელს თამარმა ოპერაცია გაიკეთა. თითქოს მომჯობინდა კიდეც, მაგრამ 1983 წელს დაეცა და მალე გარდაიცვალა. ქართულმა სათვისტომომ გულით დაიტირა “მშვენიერი თამარი” და რობაქიძის “მეგი”, ყოფილმა ტყვეებმა და ლტოლვილებმა დიდი პატივი მიაგეს მათი მხსნელი “მადამ ტიცის” ხსოვნას, რომლის ნეშტიც ლევილის ქართულმა სასაფლაომ მიიბარა.

წყარო: 

1. დაუშვილი, რუსუდან. თამარ რევია - "მადამ ტიცი" და გრიგოლ რობაქიძის "მეგი" // პრაიმტაიმი. - , 2011. - 17 ოქტომბერი. - N42. - გვ.44-45

2. აბდუშელი ლუბა. თამარა ბერეჟიანის გამოსათხოვარი // თავისუფლების ტრიბუნა. - პარიზი, 1984. - N42. - გვ. 26

3. ჟღენტი მელიტონ. მოგონება თამარ ბერეჟიანზე // გუშაგი. - პარიზი, 1984. – N1. - გვ. 63–64 


Share: