The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ბილანიშვილი

მიხეილ ბილანიშვილი
Date of birth:1901
Date of death:8 March, 1934  (at 33 years)
Burial location:ტიეს სასაფლაო, პარიზი
Category:Painter

Biography

მიხეილ ბილანიშვილი 1901 წ. დაიბადა. მამა – პოლკოვნიკი იოსებ ზაალის ძე ბილანიშვილი (რუსეთ–თურქეთის 1877-78 წწ. ომის მონაწილე) წარმოშობით სოფელ პატარძეულიდან იყო, დედა – ეკატერინე თარახნიშვილი. მიხეილი ოჯახში უმცროსი შვილი იყო. უფროსი ვაჟი სოსო ადარევე დაეღუპათ დიფტერიით, ხოლო ქალიშვილი ნინო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ჯერ გიგო გაბაშვილის კლასში, შემდეგ იაკობ ნიკოლაძესთან ქანდაკების განყოფილებაზე.  ბილანიშვილები რამოდენიმე წელს სარაყამისში ცხოვრობდნენ, შემდეგ თბილისში ჩამოვიდნენ და დღევანდელი ყაზბეგის ქუჩაზე დასახლდნენ.

მიხეილ ბილანიშვილმა თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. სწავლობდა გიგო გაბაშვილის კლასში, შემდეგ იაკობ ნიკოლაძესთან. ითვლებოდა ევგენი ლანსერეს მოწაფედ. როგორც ნიჭიერი მხატვარი მეორე კურსის დასრულების შემდეგ 1924 წ. გაგზავნეს პარიზში, სადაც ფრანგი მხატვრის ანდრე ლოტის სკოლაში სწავლობდა.

1927 წ. მიხეილ ბილანიშვილმა დავით კაკაბაძესა და ელენე ახვლედიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო პარიზის დამოუკიდბელ მხატვართა 38-ე გამოფენაში.

1928 წელს პარიზში მოეწყო მიხეილ ბილანიშვილის ნამუშევრების გამოფენა.

მიხეილ ბილანიშვილი 1929-1932 წლებში აფორმებდა პარიზში გამოცემულ ქართულს ჟურნალს „კავკასიონი“. მხატვრის შესრულებულია ჟურნალის სახელწოდების მხატვრული ასოები, გარეკანის გაფორმება და ყდის ორიგინალური სამკაული. მიხეილ ბილანიშვილს ეკუთვნის ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული წერილი „ხელოვნების პრინციპები და ნიკო ფიროსმანაშვილი. 1930-იან წლებში იგი აფორმებდა გაზეთს „თეთრი გიორგი“.

მიხეილ ბილანიშვილის ორი ფერწერული ნამუშევარი (შოთა რუსთაველისა და ალექსანდრე ბტონიშვილის პორტრეტები) გამოფენილი იყო პარიზის ვალენტინეს ქართულ სმკითხველოში. 1933 წ. მისი ფერწერული პეიზაჟი შეიძინა პარიზის კულტურისა და ხელოვნების ქალთა საზოგადოებამ.

ემიგრანტულმა ცხოვრეაბამ მალე დაასვა თავისი დაღი მიხეილ ბილანიშვილს. ემიგრციაში მატერიალურად  ძლიერ  უჭირდა, რის გამოც ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა, სადაც ტუპერკულიოზით დაავადდა. ტუპერკულიოზით დაავადებულთა კომიტეტისა და მეგობრების დახმარებით ალპაბში სანატორიუმშიც მკურნალობდა.

1934 წლის 8 მარტს მიხეილ ბილნიშვილი პარიზში, ნეკერის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 11 მარტს ტიეს სასაფლაოზე დაკრძალეს. მიუხედავად საშინელი ამინდისა, დაკრძალვას ბევრი ხალხი დაესწრო.

მიხეილ ბილანიშვილის მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ქუჩა პარიზში“ (1925 წ.). „პარიზი – სატრიუმფო თაღი“ (1926), „ქართველი ქალის პორტრეტი“ (1928 წ.). მიხეილ ბილანიშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოსა და ევროპის კერძო კოლექციებში.

წყარო: 

1. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. - თბ., 2003. -. 3. - გვ. 45-58.

2. ციციშვილი, მაია. ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია : XVIII-XX საუკუნეები. თბ., 2013. – გვ. 221. 

3.http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002974/


Share: