The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე შათირიშვილი

ალექსანდრე შათირიშვილი
Date of birth:1900
Date of death:16 April, 1972  (at 72 years)
Burial location:საფრანგეთი
Category:Psychologist

Biography

თავის წიგნზე გაკეთებულ ეპიგრაფში ალექსანდრე შათირიშვილმა შვილებს ასეთი სიტყვებით მიმართა: „მარად გახსოვდეთ თქვენი მამის სამშობლო – საქართველო, როგორც თქვენი დედის ქვეყანა საფრანგეთი, სადაც თქვენ დაიბადეთ და სადაც იზრდებოდით; ერთიც და მეორეც ღირსი არიან თქვენი სიყვარულისა და აღტაცების“...

ალექსანდრე ნოეს ძე შათირიშვილი 1900 წ. გურიაში დაიბადა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სიბრძნიმეტყველების ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის განხრით. იგი დიმიტრი უზნაძის სკოლის ღირსეული წარმომადგენელი იყო. სწავლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში უპირებდნენ დატოვებას, მაგრამ 1924 წლის. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობის გამო არ დასცალდა.

თავის პოლიტიკური შეხედულებებით ალექსანდრე შათირიშვილი სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიას ეკუთვნოდა და ახალგაზრდა ფედერალისტთა კომიტეტის წევრი იყო. 1924 წლის აჯანყების წინ ამ კომიტეტის წევრების უმრავლესობა დაპატიმრებული და დახვრეტილი იქნა.  ალექსნდრე შათირიშვილი შემთხვევით გადაურჩა დაჭერას და გურიაში იმალებოდა. აჯანყებამაც გურიაში მოუსწრო და აქ მიიღო მონაწილეობა. აჯანყების დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა სამშობლოდან გადახვეწილიყო. ემიგრაციაში თავს ფიზიკური შრომით ირჩენდა და შეძლებისდაგვარად სწავლას ფსიქოლოგიის განხრით სორბონის უნივერსიტეტში განაგრძობდა.

ემიგრაციაში ალექსანდრე შათირიშვილს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თავის ძველ პოლიტიკურ თანაპარტიელებთან – სამსონ ფირცხალავასთან, აკაკი პაპავასთან, ნიკო ურუშაძესთან, ფილიპე შარაძესთან, გიორგი ნაკაშიძესთან, მარკოზ ტუღუშთან და სხვ.

1962 წ. პარიზში ცალკე წიგნად გამოიცა ალექსანდრე შათირიშვილის მონოგრაფია „ერის რაობა  და მშობლიური გრძნობა“, სადაც ეროვნული პრობლემა ახლებურ საწყისზეა გაშუქებული, სამშობლოს განცდა განხილულია არა პოლიტიკური, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ალექსანდრე შათირიშვილის წერილები იბეჭდებოდა ემიგრაციაში გამომავალ სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის ორგანოში – ჟურნალ „სახალხო საქმეში“, სოციალ–დემოკრატიული მიმრთულების ჟურნალებში „ჩვენი დროშა“ და „მებრძოლი საქართველო“, აგრეთვე ჟურნალ „კავკასიონში“.

საფრანგეთში ალექსანდრე შათირიშვილი ცხოვრობდა მონბელიარის მხარეში, სადაც ცოლად შეირთო ფრანგის ქალი. ჰყავდათ ექვსი შვილი – ნინო, ბრენო, გილენ, კატო, ნათელა და არნო.

ალექსანდრე შათირიშვილი ემიგრაციში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, იყო სოშოს ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე და ამ საპატიო თანამდებობაზე გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობოს შემდეგ დაბა ბოლიოში (დუბის დეპარტამენტი) 1972 წლის 16 აპრილს.

 წყარო: 

1. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია . თბ., 2003. –. 3. - გვ. 97-99


Share: