The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბაქრაძე ივანე

ბაქრაძე ივანე
Other name:ვანო  (Acronym)
Date of birth:1900
Date of death:27 June, 1970  (at 70 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

1900 წელს ონის რაიონის სოფელ ხეითში ვექილ ტრიფონ ბაქრაძის ოჯახში დაიბადა მეექვსე შვილი – ვანო ბაქრაძე. დედა – ეკატერინე ჯაფარიძე. 7 წლის ვანო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში შეიყვანეს, რომელიც 1918 წელს დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას ახალდაარსებულ ქართულ უნივერსიტეტში აპირებდა, მაგრამ სამხედრო გაწვევამ მოუსწრო. 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი გახდა და პირველი საბრძოლო ნათლობა 1921 წლის თებერვალში, კოჯორ–ტაბახმელის ბრძოლებში მიიღო.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვანო ბაქრაძე გენერალ გიორგი კვინიტაძესა და იუნკრებს გაჰყვა სტამბოლში, შემდეგ სხვა ოცდაათ იუნკერთან ერთად პოლონეთში მოხვდა. აქ სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა, ოფიცრის ჩინი მიიღო და ულანთა მე–17 პოლკის როტმისტრი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ვანო ბაქრაძე პოლონეთის არმიაში იბრძოდა. 1939 წლის რიბენტროპ–მოლოტოვის პაქტით პოლონეთის აღმოსავლეთის მიწები საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ მოექცა. მეომართა ნაწილი იატაკქვეშეთში გადავიდა, ან პარტიზანებს შეუერთდა. ვანო ბაქრაძეს უკვე პოლონეთის არმიის კაპიტნის წოდება ჰქონდა. გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ მისთვის საბჭოთა უშიშროებაში მოხვედრაც სახიფათო იყო. ამიტომ პარტიზანებს შეუერთდა, რომლებიც გერმანელებსაც ებრძოდნენ და საბჭოელებსაც.

პოლონეთის გერმანულ ზონაში ჩატარებული ერთ–ერთი ოპერაციისას ვანო ბაქრაძე გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს და ვარშავის მახლობლად საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტყვეობიდან ქართველი ემიგრანტების დახმარებით განთავისუფლდა. მათივე რჩევით ჩაეწერა გერმანიის არმიაში მოქმედ ქართულ სამხედრო ნაწილში. მალე ობერლეიტენანტის სამხედრო წოდებაც მიიღო. ჯერ საბადრაგო ბატალიონ „თამარ ll“–ში მსახურობდა, შემდეგ ჰოლანდიაში დისლოცირებულ ბატალიონ №799–ის მეთაურად გადაიყვანეს.

გერმანიის დამარცხების შემდეგ ვანო ბაქრაძე ამერიკულ ზონაში მოხვდა. იქიდან მეგობრების დახმარებით საფრანგეთში გადავიდა და პარიზში დასახლდა. მუშაობა დაიწყო პეჟოს ქარხანაში. თანამშრომლობდა ემიგრანტულ საზოგადოებებთან. წლების მანძილზე იყო საფრანგეთის ქართული სათვისტომოს გამგეობისა და ყოფილ ქართველ იუნკერთა კავშირის წევრი.

საქართველოში დარჩენილ ოჯახთან ურთიერთობა ვანო ბაქრაძემ 1959 წლიდან აღადგინა, თავდაპირველად წერილობითი კავშირი ჰქონდათ, შემდეგ ნათესავებიც ესტუმრნენ. თავად მას შანსი ჰქონდა 1968 წელს ჩამოსულიყო სამშობლოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 წლის იუბილეზე საპატიო სტუმრად მიიწვიეს მედეა ღამბაშიძე–ნიკოლაძისა, როგორც უნივერსიტეტის №1 სტუდბილეთის მფლობელი. ვანო ბაქრაძე მისი თანმხლები უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოსკოვმა ბოლო მომენტში უარი უთხრა, რადგან საფრანგეთის პასპორტი არ ჰქონდა და ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდა. მთელი ცხოვრების მანძილზე მას არც ქონების შეძენაზე უზრუნია, არც ოჯახის შექმნაზე, არც საფრანგეთის ქვეშევრდომობა მიიღო, რათა არაფერს დაეკავებინა თუკი სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემოდა.

ვანო ბაქრაძე 1970 წლის 27 ივნისს გულის შეტევით გარდაიცვალა. შთამომავლობა არ დარჩენია. განისვენებს ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

გამოყენებული ლიტერატურა: 

1. ბაქრაძე ვანო // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.44-45.

2. ურუშაძე, ლევან. ივანე ბაქრაძე // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 27

3. ვანო ბაქრაძე // რაჭველები. - თბილისი, 2012. - 1 სექტემბერი-1 ოქტომბერი. - N20(36). - გვ.38-40 


Share: