შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
არკადი სხირტლაძე![]()
ბიოგრაფიაარკადი სხირტლაძე გორში დაიბადა, სპირიდონ და მარიამ სხირტლაძეების ოჯახში. ბოლშევიკურ რუსეთთან წარმოებული ხანმოკლე ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) ოკუპაციის შემდეგ სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. თავდაპირველად თურქეთში გაჩერდნენ, შემდეგ კი ბევრი მათგანი, მათ შორის არკადი სხირტლაძეც პოლონეთის სამხედრო სკოლებში ჩაირიცხა. არკადი ბიდგოშჩის მფრინავთა სკოლაში სწავლობდა და შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში. პოლონეთში ცოლად შეირთო იანინა კიჩინსკა. შეეძინათ ორი ქალიშვილი. 1937 წელს ოჯახი ლვოვიდან დებლინში გადავიდა საცხოვრებლად. 1937-1939 წლებში არკადი სხირტლაძე მფრინავ-ინსტრუქტორად მუშაობდა დებლინის საავიაციო სკოლაში „არწივის მართვეები“. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კაპიტანი სხირტლაძე ჩაერთო 1939 წლის სექტემბრის კამპანიაში და პირველივე დღეებში დებლინის აეროპორტზე გერმანელთა მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს დაიჭრა. იგი ჯერ ვარშავაში, შემდეგ კი აღმოსავლეთით გადაიყვანეს, რათა ფრონტის წინა ხაზისთვის გაერიდებინათ. 1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთს აღმოსავლეთიდან უკვე საბჭოთა კავშირი დაესხა თავს და გერმანელთა ფრონტს გარიდებული დაჭრილი კაპიტანი სხირტლაძე ბრესტის მისადგომებთან წითელარმიელებს ჩაუვარდა ტყვედ. თითქმის ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ პოლონეთის არმიის ქართველი მფრინავი სტარობელსკის, ოსტაშკოვისა და კოჟელსკის ტყვე ოცი ათასზე მეტ პოლონელ სამხედრო ტყვესთან ერთად დახვრიტეს კატინში 1940 წლის გაზაფხულზე. კაპიტან სხირტლაძესთან ერთად კატინის ტყეში დახვრიტეს აგრეთვე პოლონეთის არმიის კიდევ რამდენიმე ქართველი ოფიცერი, მათ შორის, მაიორი გიორგი მამალაძე და კაპიტანი მიხეილ რუსიაშვილი. კატინში დახვრეტილებს ტყვია უკნიდან, კეფაში ჰქონდათ მოხვედრილი. კაპიტან სხირტლაძის უფროსი ქალიშვილი ირინა სხირტლაძე გმირულად დაიღუპა 1944 წლის 14 სექტემბერს, ვარშავის აჯანყების დროს. 2007 წლის 10 მაისს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა, ლეხ კაჩინსკიმ და მიხეილ სააკაშვილმა, საზეიმოდ გახსნეს პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების ხსოვნისადმი მიძღვნილი სტელა, რომლის სამენოვანი (პოლონური, ქართული და ინგლისური) წარწერა გვამცნობს, რომ მემორიალი ეძღვნება პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცრებს, რომლებმაც 1939–1945 წლებში სიცოცხლე გაწირეს პოლონეთის რესპუბლიკისთვის, ორ ოკუპანტთან ბრძოლაში. წყარო: 1. ტოროტაძე, ქეთი. კატინის ტყეში დახვრეტილი ქართველი ოფიცრები : და ვარშავის აჯანყების გმირი ქართველი გოგონა / ქეთი ტოროტაძე // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2012. - თებერვალი. - N2 (14). - გვ.36-39 2. https://ka.wikipedia.org/wiki/არკადი_სხირტლაძე 3. anguage:"GEO\/KAT"'>არსენალი : სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი. - თბილისი, 2012. - 17-30 აგვისტო. - N17(164). - გვ.36-38.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |