The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ახმეტელი

მიხეილ ახმეტელი
Date of birth:1895
Date of death:October, 1963  (at 68 years)
Burial location:მიუნხენის სასფლაო, გერმანია
Category:Politician

Biography

მიხეილ ახმეტელი დაიბადა 1895 წელს ბორჯომში. მისი მამა, კონსტანტინე ახმეტელი (1869–1934)  ქიზიყიდან, სოფელ ანაგიდან იყო. იგი კახეთში ფრიად დაფასებული სასულიერო პირის, გიორგი მღვდლის უფროსი ვაჟი გახლდათ. კოტე ახალგაზრდობაში დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის სამსახურში ჩამდგარა, რომელიც გარკვეულ დროს ბორჯომში, ლიკანის რეზიდენციაში ატარებდა. აქ გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ბორჯომში ცნობილი ოჯახის შვილი, ოლღა ჯომარჯიძე (1874–1942). ახალგაზრდები შეუღლდნენ და გარკვეული ხნის შემდეგ თბილისში დასახლდნენ. კოტემ მუშაობა დაიწყო  რკინიგზის დეპარტამენტში. შეეძინათ ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი. მიხეილი მათ შორის უფროსი იყო.

მიხეილ ახმეტელმა 1914 წელს დაასრულა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. 1915–1917 წწ. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1917 წლიდან აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჯერ კიდევ ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლისას დაწერა მან თავისი პირველი პოლიტოლოგიური ნაშრომი – „დამოუკიდებელი საქართველო“. ნაშრომში იგი მეცნიერული ანალიზის საფუძველზე აკეთებდა დასკვნას –  რუსეთის იმპერიის დანგრევა გარდაუვალია, საქართველოსთვის კი ერთადერთი ხსნა დამოუკიდებლობის მოპოვებაა.

მიხეილ ახმეტელი ხარკოვში სწავლისას დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატებს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც თავდაპირველად მენშევიკებთან თანამშრომლობდა, თუმცა მალე მიხვდა, რომ მენშევიკები  საქართველოს დამოუკიდებლობაზე მეტ მნიშვნელობას რუსეთის დემოკრატიზაციას ანიჭებდნენ.  ახმეტელისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც მტკიცე პატრიოტულ პოზიციებზე  იდგა. სწორედ ედპ-ს ლიდერმა სპირიდონ კედიამ ურჩია მას განათლების მისაღებად ევროპაში წასულიყო. 1919  წელს მიხეილ ახმეტელი გერმანიაში გაემგზავრა  და იენის  უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. საქართველოს გასაბჭოებამდე იგი სამთავრობო სტიპენდიას იღებდა.

1922 წელს მიხეილ ახმეტელი არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში, რათა მონაწილეობა მიეღო რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლებში. 1923 წელს „ჩეკამ” ქართველი პატრიოტების რიგებში  აგენტი-პროვოკატორი  შეგზავნა, მეტსახელად „ჰეცი“. მიხეილის უშუალო ხელმძღვანელობით იგი ამხილეს. ამის შემდეგ „ჩეკამ” ახმეტელის შეპყრობისა ან მოკვლისათვის ჯილდო დააწესა.  მიუხედავად ამისა, მან ყველა ხაფანგს დააღწია თავი. 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი საქართველო დატოვა.

მიხეილ ახმეტელი გერმანიაში დაბრუნდა. თან სწავლობდა და თან მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა იენის უნივერსიტეტი და მცირე ხნის შემდეგ იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკის დარგში  – „ამიერკავკასიის ეკონომიკური მნიშვნელობა“. 1925 წლიდან ახმეტელი შეუდგა აგრარულ მეცნიერებათა შესწავლას. 1926 წელს  ბრესლაუში (ამჟამინდელი  ვროცლავი) გადავიდა საცხოვრებლად და ბრესლაუს უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი გახდა. სწორედ იქ გაიცნო მან ვალტერ გელენი, ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (ბნდ) მომავალი დამაარსებლის, რაინჰარდ გელენის მამა. ამ ნაცნობობამ მისი შემდგომი ბედიც დიდად განსაზღვრა. 

ვალტერ გელენს ბრესლაუში პატარა გამომცემლობა ჰქონდა. ახალგაზრდა ახმეტელმაც  მას მიმართა და წიგნის გამოქვეყნებაში დახმარება სთხოვა. წიგნი  საქართველოში 1920–21 წლებში დატრიალებულ მოვლენებს ეძღვნებოდა. ახმეტელმა  ამ პროცესების ამომწურავი ანალიზი გააკეთა. გელენს გავლენიანი კავშირები ჰქონდა გერმანულ ანტიკომუნისტურ წრეებში.  მისი რეკომენდაციით, მიხეილი ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი გახდა. 1927 წელს იგი აირჩიეს ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის ნამდვილ წევრად და აქტიურად შეუდგა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა იმპერიის აგრარული პოლიტიკის შესწავლას. იმავდროულად სწავლობდა ბოლშევიზმის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, დაპყრობილ ერთა მდგომარეობას საბჭოთა კავშირში. 1932 წელს მან ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ამჯერად სოფლის მეურნეობის დარგში და გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე ექსპერტი ამიერკავკასიის საკითხებში.

1934 წლიდან მიხეილ ახმეტელი  გახლდათ ბრესლაუს უნივერსიტეტის ჯერ ექსტრაორდინალური, შემდეგ კი ორდინარული პროფესორი. კითხულობდა ლექციების კურსს საბჭოთა რუსეთის პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებზე. 1935 წლიდან მასვე დაევალა პარალელურად სახალხო მეურნეობის ორგანიზაციისა და ფინანსების კურსის გაძღოლა.

1937 წელს მიხეილ ახმეტელი დანიშნეს გერმანიაში სოვეტოლოგიისა და პოლიტოლოგიის ერთ–ერთი უმთავრესი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის, ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის დირექტორად. პარალელურად 1939 წლიდან იგი მიიწვიეს  ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ორდინალურ პროფესორად. აქ იგი უძღვებოდა საბჭოთა აგრარული პოლიტიკის კურსს.

პროფესორ მიხეილ ახმეტელს ეკუთვნის ასამდე სტატია საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის აგრარული პოლიტიკის, ბოლშევიზმის ისტორიის, საბჭოთა იმპერიაში შემავალ ერთა პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მან გამოსცა ხუთი ფუნდამენტური მონოგრაფია. ფართოდაა ცნობილი და დასავლეთის პოლიტოლოგიურ წრეებში დღესაც პოპულარობით სარგებლობს მისი სამასგვერდიანი მონოგრაფია – „აგრარული პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და მისი შედეგები“ (1942 წ., ბერლინი). მასში ავტორი დეტალური ანალიზის საფუძველზე ამტკიცებს საბჭოთა აგრარული იმპერიული პოლიტიკის სრული ფიასკოს გარდუვალობას.

აღსანიშნავია, რომ 1940–იანი წლების დამდეგს მიხეილ ახმეტელისა და ალექსანდრე ნიკურაძის თაოსნობითა და აქტიური მონაწილეობით ბერლინში შეიქმნა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის შემსწავლელი მსხვილი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი („ვანზეე“), რომელსაც ისინი II მსოფლიო ომის დამთავრებამდე ხელმძღვანელობდნენ. მოგვიანებით მიხეილ ახმეტელი მიუნხენში გადავიდა და აქაც დააარსა ანალოგიური ინსტიტუტი. იგი წლების მანძილზე იყო ამ ინსტიტუტის მეცნიერ–კონსულტანტი. პარალელურად ასრულებდა მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორის მოვალეობას.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მიხეილ ახმეტელი ითვლება გერმანელ სოვეტოლოგთა განთქმული სამეცნიერო სკოლის ერთ–ერთ ფუძემდებლად.

ახმეტელს მეტად დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა ისეთ პიროვნებებთან, როგორებიც იყვნენ ჰიმლერი, გერინგი და გებელსი. სამაგიეროდ, მას მფარველობდა III რაიხის იდეოლოგი ალფრედ როზენბერგი. ეს მოღვაწე, როგორც ცნობილია, მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის დანგრევას და ნანგრევებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნას.  

1942 წელს  ახმეტელი უკრაინელ ნაციონალისტებთან, სტეპან ბანდერას მომხრეებთან ამყარებს კავშირს, რომლებიც, როგორც გერმანიის, ისე რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებდნენ  შეიარაღებულ ბრძოლას. ახმეტელი მთლიანად იზიარებდა სტეპან ბანდერას კონცეფციას, რომლის ძალითაც, საბჭოთა კავშირის ვერც ერთი რესპუბლიკა  მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ მოიპოვებდა  დამოუკიდებლობას, საამისოდ ნაციონალური რევოლუცია და საბჭოთა კავშირის დარბევა იყო აუცილებელი. ამ მიზნით, 1942 წელს, ჟიტომირის მახლობლად შეიქმნა „დაპყრობილ ერთა კოალიცია,” მოგვიანებით ეს პროცესი ემიგრაციაშიც გაგრძელდა. ასე აღმოცენდა ხალხთა ანტიბოლშევიკური ბლოკი (აბნ), სადაც გაერთიანდნენ როგორც საბჭოთა კავშირის, ისე აღმოსავლეთ ევროპის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ახმეტელი „აბნის” საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა. მას გვერდს უმშვენებდნენ ქართული ემიგრაციის სასიქადულო წარმომადგენლები: ნიკო ნაკაშიძე, აკაკი რამიშვილი და სხვები.

1943 წელს ახმეტელმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინაში გაულაიტერ კოხის პოლიტიკა და ამის გამო დაპატიმრების საფრთხე დაემუქრა. გელენმა მისი დახსნა რის ვაივაგლახით შეძლო,  თუმცა, პრობლემები ამით როდი დამთავრდა. 1943 წლის ნოემბერში კვლავ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ გელენმა ახმეტელის დახსნა მაინც მოახერხა. 1944 წელს „გესტაპო” კვლავ ცდილობს ახმეტელის დაპატიმრებას, თუმცა ამჯერად შელენბერგი დაეხმარა და იგი კვლავ გადარჩა.  

1945 წლის ბოლოს, როცა გერმანია ფაქტიურად აღარ არსებობდა, შეიქმნა ნახევრად ლეგალური ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკა აფინანსებდა და რომლის ძირითადი ფუნქციაც საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტების წინააღმდეგ დაზვერვის ორგანიზება იქნებოდა. ამ ორგანიზაციის შეფი რაინჰარდ გელენი გახდა, მისი შტაბ-ბინა პულაჰში განთავსდა, ახმეტელი კი მის მრჩევლად დაინიშნა. 1956 წელს ორგანიზაციამ ფედერალური სადაზვერვო სამსახურის სტატუსი მიიღო, მთლიანად ფედერაციული გერმანიის მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა და ამერიკელებმაც მისი დაფინანსება შეწყვიტეს. ახმეტელი ბოლომდე  გენერალ გელენის მრჩევლად  დარჩა.

1953 წელს „ბოლშევიკებისაგან განთავისუფლების ამერიკის კომიტეტმა“ გადაწყვიტა მიხეილ ახმეტელის ჩართვა მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციაში „სსრ კავშირის შემსწავლელ ინსტიტუტში“, რომლის შტაბ– ბინაც განთავსებული იყო მიუნხენში. ახმეტელმა ამასთან დაკავშირებით წამოაყენა თავისი პირობები: ჯერ ერთი ის უნდა დარწმუნებულიყო ამერიკელთა პოლიტიკაში, რომლის მიზანიც საბჭოთა რუსეთის დაშლა იყო. ამ შემთხვევაში ამერიკელებს უნდა ეცნოთ და მხარი დაეჭირათ სსრკ–ის დაშლის მისეული ვარიანტისთვის და მეორეც, მათ უნდა ეცნოთ კავკასია სუვერენულ და თავისუფალ სახელმწიფოდ.

1953–1954 წლებში მიუნხენში ჩამოყალიბდა „კავკასიის დამოუკიდებლობის ინსტიტუტი“. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ახმეტელი ამ ორგანიზაციის მმართველ ორგანოში არ შედიოდა და მხოლოდ მრჩევლის სტატუსით შემოიფარგლებოდა, მან დიდი როლი ითამაშა მის შექმნაში. პირადად შეადგინა „კავკასიის დამოუკიდებლობის ინსტიტუსის დეკლარაცია“, შეიმუშავა წესდების პროექტი, ამზადებდა წინასწარ მოხსენებებს ამ ორგანიზაციის დამფუძნებელთა მოკლე წრისათვის მომავალი „დამოუკიდებელი კონფედერაციული კავკასიის“ შექმნისთვის.

სამეცნიერო და პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად მიხეილ ახმეტელი ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. 1939 წელს ის ქართული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დროს მან და მისმა თანამებრძოლებმა გერმანული საკონცენტრაციო ბანაკებიდან უამრავი ქართველი იხსნეს,  ლეგიონერის ფორმა ჩააცვეს და გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს. იგი იყო გერმანიაში ქართული სათვისტომოს გამგეობის უცვლელი წევრი. გერმანიაში გამომავალი ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის მუდმივი თანამშრომელი (ზოგჯერ წერდა ფსევდონიმით „კონსტანტინ მიხაილი“).

მიხეილ ახმეტელი მეორე მსოფლიო ომის წინ დაოჯახებულა. ცოლად შეურთავს თავისი პროფესორის ქალიშვილი. შესძენიათ გოგონა, რომელსაც თამარი დაარქვეს. მისი თბილისში დარჩენილი ნათესავები მუდმივ რეპრესიებს განიცდიდნენ. 1920–იან წლებში მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ მიმოწერა, მერე ეს შეუძლებელი გახდა. მშობლები მის უნახავად გარდაიცვალნენ, 1951 წელს კი მისი დები ნინო და ლიზა, უმცროსი ძმა გიორგი და დისწული მერაბი ყაზახეთში გადაასახლეს. გიორგი უკან აღარ დაბრუნებულა, ყაზახეთში გარდაიცვალა. ახმეტელების მრავალრიცხოვანი ოჯახიდან ბევრი გარდაიცვალა უცხო ქვეყანაში. ბერლინში განისვენებს მიხეილის ბიძა (მამის ძმა), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი გერმანიაში ვლადიმერ (ლადო) ახმეტელი.

მიხეილ ახმეტელი 1963 წელს, 68 წლის ასაკში,  მიუნხენში გარდაიცვალა,  დაკრძალულია მიუნხენის სასაფლაოზე.

წყარო:

1. ურუშაძე, ლევან. მიხეილ ახმეტელი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 7-9

2. ნიჟარაძე, ენვერ. პროქართული კავკასიური პროექტისა და გავლენიანი ქართველების შესახებ // გრიგოლ AVALON რობაქიძე და ორი "წიგნაკის" ერთი საიდუმლოება / ენვერ ნიჟარაძე. - თბილისი, 2014. - გვ. 350-354

3. არველაძე, ნათელა. გიორგი მღვდლის ჯალაბობა // ახმეტელები ასწლიან ომში / ნათელა არველაძე. - თბილისი, 2006. - გვ. 29-155.

4. ბეჟიტაშვილი, გიორგი. ქართული ემიგრანტული ლეგიონების შექმნა // ქართული ემიგრაცია ევროპაში (1921-1953) / გ. ბეჟიტაშვილი. - თბ., 2012. - გვ.133-134

5. თევზაძე, ნიკა. როგორ გადაარჩინა თბილისი დაბომბვას მიხეილ ახმეტელმა და როგორ შექმნა მან ნაცისტურ გერმანიაში ქართული ლეგიონი : ინტერვიუ / ნიკა თევზაძე ; ესაუბრა თეონა ტალახაძე // თბილისელები. - თბილისი, 2014. - 9-15 ივნისი. - N23(702). - გვ.16; 31 


Share: