The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივანე ყაზბეგი

ივანე ყაზბეგი
Date of birth:11 June, 1860
Date of death:2 December, 1944  (at 84 years)
Burial location:ვარშავა, პოლონეთი
Category:Military Person

Biography

თავადი ივანე ყაზბეგი 1860 წლის 11 ივნისს დაიბადა. დაამთავრა სანკტ–პეტერბურგის I სამხედრო გიმნაზია, კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1878 წლს 11 სექტემბრიდან მსახურობდა მე–20 საარტილერიო ბრიგადაში. 1880 წელს გახდა პრაპორშჩიკი, 1882 წელს – პოდპოპუჩიკი და 1985 წელს – პორუჩიკი; 1892 წელს ივანე ყაზბეგმა მიაღწია შტაბს–კაპიტნის, ხოლო 1896 წელს კაპიტნის წოდებას. 1904 წლის 21 ივნისიდან პოდპოლკოვნიკის წოდებას ატარებდა. 1904–1912 წლებში მეთაურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის 6 ბატარეას. 1912–1916 წლებში 1–ლ დივიზიონს, ხოლო 1916 წლის 12 მაისიდან – მთლიანად ბრიგადას.

1912 წლის 2 ოქტომბერს ივანე ყაზბეგს წარჩინებისთვის მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1912 წლიდან ხელმძღვანელობდა ოფიცერთა საარტილერიო სკოლას. 1913 წელს კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მეთაურის მოადგილედ მსახურობდა.

ივანე ყაზბეგი მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. 1916 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით მას გენერალ–მაიორის წოდება ებოძა.

1918–1921 წლებში ივანე ყაზბეგი მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში (სტამბოლი), 1922 წლიდან კი ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის ჯარში, სადაც მსახურობდა კონტრაქტით.

1923 წლის იანვარ–მარტში, მსმენელის რანგში მან გაიარა გადამზადება საპოლკო მეთაურთა მე–4 კურსზე, ქ. რემბერტოვოს კადრების მომზადების სასწავლო ცენტრში. ამავე წლის აპრილ–ოქტომბერში ასევე გაიარა გადამზადება საარტილეირო კურსებზე, ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქ. ტორუნში. აუცილებელი პრაქტიკის დამთავრების შემდეგ მიღებულ იქნა ქ. ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად, სადაც სავარაუდოდ დაჰყო 1926 წლამდე. 1928 წელს ივანე ყაზბეგი ირიცხებოდა ქ. რემბერტოვოს სასწავლო ცენტრის შტატში, სადაც მოგვიანებით მსახურობდა ლექტორად ქვეითთა მომზადების ხაზით. პოლონეთის არმიაში მან დაიმსახურა ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება. 1931 წლის 31 აგვისტოს, კონტრაქტის დასრულების გამო, არმიიდან დათხოვილ იქნა თადარიგში.

ივანე ყაზბეგი, კირილე ქუთათელაძე და ზაქარია ბაქრაძე ერთადერთნი არიან საქართველოდან, ვინც სამი სახელმწიფოს გენერალი გახდა. ყველა მათგანი პოლონეთში ტრაგიკულად დაიღუპა.

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგს მიღებული ჰქონდა შემდეგი ორდენები: წმინდა ანას III ხარისხის (1901); წმინდა ანას II ხარისხის (1902);  ); წმინდა ვლადიმერის IV  ხარისხის (1914); წმინდა ვლადიმერის III ხარისხის მახვილებით (1915); წმინდა ვლადიმერის IV  ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (1915); წმინდა სტანისლავის II  ხარისხის მახვილებით (1915); წმინდა ანას III ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (1916).

 ივანე ყაზბეგი 1944 წლის 2 დეკემბერს გარადაიცვლა ქ. ვარშავაში. დაკრძალულია „Powazkowskim“–ის სასაფლაოზე.

ივანე ყაზბეგს მეუღლე, ეკატერინე ჩიჩუა ემიგრაციაში არ გაჰყოლია. იგი სამშობლოში დარჩა უმცროს შვილთან, ნიკასთან ერთად. ნიკა ყაზბეგი 1908 წლის 26 დეკემბერს დაიბადა. 1926 წელს მოეწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა 1930  წელს, როგორც ემიგრანტისა და ხალხის მტრის შვილი, იძულებული გახდა დაეტოვებინა აკადემია. 1930 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან თეატრში. 1951 წელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1959 წლიდან დამდგმელ მხატვრად მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, სადაც გააფორმა 17-მდე ფილმი, მათ შორის: „ნინო“, „ჯარისკაცის მამა“, „შეხვედრა წარსულთან“, „სამკაულები ჩემი სატრფოსათვის“, „ჩარირამა“ და სხვა. გარდაიცვალა 1983 წელს.

წყარო:

1. გოგიტიძემამუკა. ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგი // სამხედრო ფიცის ერთგულნი : (ბიოგრაფიული ცნობარი/ მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 93-94

2. www.grwar.ru/persons/persons.html?id.. 

3. www.baiagallery.ge/index.php?id=122&lang=geo&is...1&is...

 




Share: