The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


შალვა ნებიერიძე

შალვა ნებიერიძე
Date of birth:20 December, 1903
Date of death:1942  (at 38 years)
Category:Military Person

Biography

შალვა ალექსანდრეს ძე ნებიერიძე 1903 წ. 20 დეკემბერს დაიბადა საქართველოში. 18 წლის ასაკში ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულებს“ შეუერთდა. იგი „შეფიცულთა“ შორის ასაკით ყველაზე პატარა იყო. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ შალვა ნებიერიძემ ქაქუცა ჩოლოყაშვილის 30 კაციან რაზმთან ერთად საიდუმლოდ გადალახა თურქეთის საზღვარი და სტამბოლიდან საფრანგეთში გემით გაემგზავრა. შეფუცულები რომ არ დაფანტულიყვნენ ქაქუცამ პარიზთან ახლოს, ვიროფლეიში იქირავა სახლი, სადაც ყველანი ერთად დასახლდნენ. შალვა ნებიერიძემ პარიზში ტაქსის მძღოლად დაიყო მუშაობა და პარალელურად დამატებითი შემოსავლისთვის მაწვნის დამზადება დაიწყო.

1929 წ. შალვა ნებიერიძე დაქორწინდა საფრანგეთში დაბადებულ მართა ამილახვარზე, რომელთანაც ქალ–ვაჟი  – ნელი და გივი შეეძინა. შალვა იყო პირველი შეფიცული ვინც დაქორწინდა და ამიტომ პირველი შვილი ქაქუცას უნდა მოენათლა, თუმცა ქაქუცა ბავშვის დაბადებამდე გარდაიცვალა. ნელი ნებიერიძე მიხეილ კეიდიამ, ხოლო გივი ალექსანდრე ბადურაშვილმა (შალვას მეწყვილე ტაქსზე) მონათლეს.

1931 წ. შალვა ნებიერიძის თაოსნობით პარიზში დაარსდა დრამატული წრე, შემდეგ მუდმივი დასი. დასმა აკაკი წერეთლის „პატარა კახი“, ალ. სუმბათაშვილ–იუჟინის „ღალატი“, დ. ერისთავის „სამშობლო“, ს. შანშიაშვილის „ლატავრა“ დადგა ტრისტან ბერნარის, ლანკორისა და ალბერტის თეატრებში. დრამატული საზოგადოება ხშირად მართავდა საღამოებსა და კონცერტებს.

II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ქართველ ემიგრანტთა ნაწილი მიხეილ კედიასთან ერთად გერმანიაში წავიდა ქართულ ლეგიონში ჩასაწერად. მათი მიზანი გერმანელების დახმარებით საქართველოს განთავისუფლება იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებიდან (1918-1921) მოყოლებული ქართველთა ძველი მეგობრის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისრის, გრაფი შულემბურგის გეგმით გერმანიის კავკასიაში შესვლისთანავე საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. ქართული სამხედრო ნაწილები, გერმანულ ჯართან ერთად, წესრიგსა და საზღვრებს დაიცავდნენ, შემდეგ კი მომავალი არმიის ბირთვი გახდებოდნენ. ეს ამბავი საქართველოშიც უნდა შეეტყოთ. ამ მიზნით შტეტინში მომზადებულ ქართველ მედესანტეთა ჯგუფში შალვა ნებიერიძეც შედიოდა. საჰაერო–სადესანტო ნაწილს შემდეგ თამარ პირველი ეწოდა. მედესანტეებს წვრთიდნენ როგორც პარტიზანულ რაზმს, ასწავლიდნენ აფთიაქში ნაყიდი წამლებით ბომბების დამზადებას, კავშირგაბმულობას, რუკების კითხვას, ორიენტირებას და ა. შ.

1942 წლის ზაფხულში საქართველოს რამდენიმე რაიონში დესანტის ჩასხმის შემდეგ მისი წევრების დიდი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს გამანადგურებელმა ბატალიონებმა ან საბჭოთა მოქალაქეებმა გადასცეს ხელისუფლებას. შალვა ნებიერიძე ჰაერშივე მოკლეს, მისი ორი თანამებრძოლი კი შეიპყრეს.

1945 წელს შალვა ნებიერიძის ქალიშვილი გერმანიაში რუსულ ზონაში მოხვდა, რეპატრიანტთა სიაში იგი ძალით ჩაწერეს, საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს და ციმბირში გადაასახლეს. ნელი ნებირიძემ მხოლოდ 1974 წელს მოახერხა პარიზში ჩასვლა და დედის და ძმის მონახულება.

წყარო:

1. ქართველები უცხოეთში. წ. 1. თბ., 2012. – გვ. 149-150.

2.  https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_ნებიერიძე


Share: