The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გრიგოლ ურატაძე

გრიგოლ ურატაძე
Other name:Сатан  (Pseudonym)
გალიორკა  (Pseudonym)
გან  (Pseudonym)
გრ. აცანელი  (Pseudonym)
გრ. ურ.  (Pseudonym)
გრიშა  (Pseudonym)
გრიშინი  (Pseudonym)
ვანო  (Pseudonym)
Date of birth:10 February, 1878
Date of death:13 February, 1959  (at 81 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Writer, Politician, Publicist

Biography

პოლიტიკოსი, დიპლომატი, რუსეთში საქართველოს პირველი ელჩი, ჟურნალისტი გრიგოლ (გრიშა) ილარიონის ძე ურატაძე დაიბადა 1878 წლის 10 თებერვალს, ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ აცანაში, გლეხის ოჯახში.

დაამთავრა ჯერ სოფლის, ხოლო შემდეგ ოზურგეთის ოთხკლასიანი სასწავლებელი და  სწავლა განაგრძო სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც არ დაუსრულებია. სემინარიის ბოლოსწინა კურსზე ყოფნისას მან სოფელში გაიცნო ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი და მისი გავლენით გადაწყვიტა თავადაც ესწავლა უნივერსიტეტში. ამის გამო მან მიატოვა სემინარია და დაიწყო მასწავლებლობა სოფლად, რათა კერძო მომზადებით ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში.

ბათუმში შესაბამისი კურსების გავლის შემდეგ გრიშა ურატაძე დანიშნეს მასწავლებლად ლანჩხუთის სკოლაში, სადაც მან მოაწყო წრე, რომელიც განიხილავდა გაზეთ „კვალის“ სტატიებს.

1900 წელს ლანჩხუთში გაიცნო და დაუახლოვდა „კვალის“ რედაქტორს ნოე ჟორდანიას.

გრიშა ურატაძეს უნივერსიტეტზე ფიქრი არ მიუტოვებია და ჩააბარა კიდეც პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში. თუმცა მხოლოდ ერთ კურსს დაესწრო და მეორეზე აღარ გაემგზავრა, გადავიდა ლანჩხუთში საცხოვრებლად და განაგრძო სახალხო მასწავლებლად მუშაობა.

რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში სწავლის დროს გრიშა ურატაძე რევოლუციურ ლიტერატურას დაეწაფა და სტუდენტურ გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მთელი ენერგიით ჩაება რევოლუციურ-პოლიტიკურ მოძრაობაში, განსაკუთრებით გურიასა და ბათუმში.

1902 წელს დატოვა ლანჩხუთის სკოლა, გადავიდა ნიგოითში და სათავეში ჩაუდგა გლეხთა გამოსვლებს მემამულეების წინააღმდეგ.

გრიშა ურატაძემ შეადგინა მოთხოვნები, რომელთა ერთგულებაზე ფიცი დადეს ნიგოითისა და სუფსის გლეხებმა. მან მიმართა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტს, რათა მას ეხელმძღვანელა გურიაში გლეხთა მოძრაობისთვის, მაგრამ კომიტეტმა, კარლო ჩხეიძის ხელმძღვანელობით, უარი უთხრა, რადგანაც ეს მოძრაობა პროლეტარიატისა არ იყო. შემდეგ იმავე თხოვნით მიმართა ქუთაისის კომიტეტს, თუმცა პარმენ ჭიჭინაძისა და მიხა ცხაკაიასგან, ასევე, უარყოფითი პასუხი მიიღო.

1903 წლის მაისში გრიგოლ ურატაძე მონაწილეობდა გურიის კომიტეტის დაფუძნებაში. იყო ლანჩხუთის რაიონის წარმომადგენელი. შემდეგ დაპატიმრების შიშით დატოვა გურია და გადავიდა ქუთაისში, სადაც შეუერთდა რსდმპ-ის ქუთაისის კომიტეტს.

პირველად დააპატიმრეს 1903 წლის ზაფხულში. იჯდა ქუთაისის ციხეში. იქაც ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას. ციხეში ყოფნისას გაიცნო სტალინი (ფსევდონიმით - კობა). სექტემბრის დასაწყისში გადაასახლეს ხარკოვში, იქიდან კი ეტაპით- ორენბურგში, საიდანაც გაიქცა და გურიაში დაბრუნდა. აქ იგი, როგორც სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე, იყო გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში გურიის რესპუბლიკის დამარცხებამდე.

 

 

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში.

1906 წლის თებერვალში, გურიის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაპატიმრების საფრთხის გამო, გერასიმე მახარაძესთან ერთად დატოვა გურია და განაგრძო არალეგალური საქმიანობა ქუთაისსა და თბილისში..თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან - ფსევდონიმებით „გალიორკა“, „გან“, „გრ. ურ.“ და „გრ. აცანელი“.

ცნობილი იყო პარტიული ფსევდონიმებით „გრიშა“, „გრიშინი“, „ვანო“.

ოხრანკის თვალთვალის ჟურნალებში გატარებული იყო მეტსახელით „Сатан“.

1906 წელს იყო რსდმპ IV სტოკჰოლმის ყრილობის დელეგატი პარტიის თბილისის ორგანიზაციიდან, ხოლო 1907 წელს -  V ლონდონის ყრილობის დელეგატი ფოთის ორგანიზაციიდან

1909 წლის 6 მაისს კვლავ დააპატიმრეს.

1909-1910 წლებში იყო გაზეთ „მომავლის“ ფაქტობრივი რედაქტორი.

1911 წელს არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ. ცხოვრობდა შვეიცარიაში, ჟენევაში. მონაწილეობდა პარიზის „პარტიული სკოლის“  (ლონჟიუმო) მუშაობაში, სადაც ამიერკავკასიის ორგანიზაციამ გაგზავნა, როგორც სოციალ–დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე. აქტიურად იყო ჩართული რუსეთის იმპერიიდან დევნილი სოციალისტების პარტიულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

1912 წლის აგვისტოში ამიერკავკასიის ორგანიზაციის მანდატით, ვლასა მგელაძესთან ერთად, მონაწილეობდა რსდმპ-ის ვენის კონფერენციაში. თბილისში დაბრუნებისთანავე კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს.

მეფის რეჟიმის დროს გრიგოლ ურატაძე პოლიტიკური საბაბით კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული; ორჯერ გააძევეს კავკასიის საზღვრებიდან; ბოლოს დააპატიმრეს 1912 წელს პეტერბურგში და გადაასახლეს პერმის გუბერნიის ჩერდინის მაზრაში.

1915 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისში ხელმძღვანელობდა გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემას.

1917 წელს, რუსეთში რევოლუციის დაწყების პერიოდში, გრიშა ურატაძე ლანჩხუთში იმყოფებოდა.  მალე ქუთაისში გაემგზავრა და მუშათა დეპუტატების საბჭოს ჩაუდგა სათავეში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული საბჭოს წევრად.

1918 წელს იყო ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგი და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქუთაისის კომიტეტის წევრი; პარტიის ქუთაისის ბეჭდვითი ორგანოს - „სოციალ-დემოკრატის“ რედაქტორი.

1918 წლის განმავლობაში გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1919 წლის 12 მარტს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამანდატო კომისიის თავმჯდომარე, საბიუჯეტო-საფინანსო, საპროპაგანდო და ხელოვნების კომისიების წევრი.

ამავე დროს, აქტიურად მუშაობდა გაზეთ „ერთობის“ რედაქციაში.

1920 წელს დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებულად რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან დიპლომატიური მოლაპარაკების გასამართად, რაც 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულებით და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებით დასრულდა. ამ დოკუმენტს საქართველოს სახელით ხელს აწერს გრიგოლ ურატაძე.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ პოლიტიკოსი დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

გრიგოლ ურატაძე საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დააპატიმრა 1921 წლის 22 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისათვის მოსალოდნელი დემონსტრაციების თავიდან ასაცილებლად; მოთავსებული იყო მეტეხის #2 „გამასწორებელ სახლში“ იზოლაციის წესით.

ავადმყოფობის გამო გრიგოლ ურატაძე ციხიდან გაათავისუფლეს 1921 წლის ივლისში; გურიაში დაბრუნების შემდეგ კვლავ დააპატიმრეს და იჯდა ოზურგეთის ციხეში; რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს და გურიიდან გააძევეს.

თბილისში დაბრუნებული გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაზე და 1922 წლის დასაწყისისათვის ფარულად გაემგზავრა საზღვარგარეთ.

1922 წელს ესწრებოდა სოციალისტური ინტერნაციონალის ჰამბურგის კონგრესს დელეგატის სტატუსით.

ემიგრაციაში თავდაპირველად ცხოვრობდა პრაღაში, შემდგომ საფრანგეთში - პარიზში; აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან;

1929-1936 წლებში რედაქტორობდა ქართული პოლიტიკური პარტიების „ერთიანი ფრონტის“ პერიოდულ ორგანოს - გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოს“.

ბეჭდავდა პუბლიცისტურ და ანალიტიკურ წერილებს ქართულ და უცხოურ ჟურნალ–გაზეთებში. ასევე, მან გამოაქვეყნა XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი ნაშრომი.

გრიგოლ ურატაძე გარდაიცვალა 1959 წლის 12 თებერვალს, პარიზში. დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, მეუღლის არიანა (ელენე) წულუკიძის (1895-1955) გვერდით. მათ დარჩათ ერთი ქალიშვილი მედეა (მედუნია) ურატაძე.

ემიგრაციაში გრიგოლ ურატაძემ  წაიყვანა თავისი ძმისშვილიც, დავით (დათიკო) გიორგის ძე ურატაძე (1916-1978). დათიკო გაიზარდა პარიზში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, 1950-ანების დასაწყისიდან გარდაცვალებამდე იყო „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის თანამშრომელი მიუნხენში.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_ურატაძე

https://archive.ge/ka/biography/204

გრიგოლ (გრიშა) ურატაძე // ჩვენი დროშა = NOTRE DRAPEAU : ორგანო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარ-გარეთელ ბიუროსი. პარიზი, 1959. აპრილი. N 30. გვ. 3.-18.


Share: