The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ კედია

მიხეილ კედია
Other name:მიშელ კოგლერი  (Pseudonym)
Date of birth:1902
Date of death:1953  (at 51 years)
Burial location:ჟენევა, შვეიცარია
Category:Lawyer

Biography

მიხეილ კედია 1902 წელს დაიბადა ზუგდიდში.  მამა – მელქისედეკ (მექი) კედია დამოუკიდებელ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს „საგანგებო რაზმის“ მეთაური იყო. თბილისის I გიმნაზიის დამთავრების შემდეგ  მიხეილ კედია საქართველოს მთავრობამ სხვა ახალგაზრდებთან ერთად სასწავლებლად საზღვარგარეთ გაგზავნა. სწვალობდა ბერლინსა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. 1921 წლიდან ემიგრაციაშია, ცხოვრობდა პარიზში, მუშაობდა უნივერმაღ „ბომარშეში“, სხვადასხვა დროს იყო სოციალ–ფედერალისტთა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების წევრი, ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, მონაწილეობდა „კავკასიის კონფედერაციის“ საქმიანობაში, თანამშრომლობდა ჰაიდარ ბამატის ჟურნალ „კავკასიასთან“.

 მიხეილ ახმეტელის, ალექსანდრე ნიკურაძის, გიორგი მაღალაშვილის და  შალვა მაღლაკელიძის მსგავსად,  გერმანელთა ნდობით, პოლიტიკური გავლენითა და მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა, „აბვერისა“ და „გესტაპოს თანამშრომელი, მიხეილ კედია, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს „ქართველი შინდლერი“.  1940 წლის შემოდგომაზე, როდესაც ოკუპირებულ პარიზში გერმანიის საგანგებო წარმომადგენელმა გააუქმა პარიზში მოქმედი ქართული წარმომადგენლობა და დააპატიმრეს „ლტოლვილთა ოფისის“ მდივანი სოსიპატრე ასათიანი აუცილებელი გახდა, სასწრაფოდ გამოენახათ ისეთი ვინმე, ვინც გერმანიის ხელისუფლების წინაშე შეძლებდა ქართული ემიგრაციის დაცვას. ეს მისია მიხეილ კედიას დაეკისრა.

მან დეპორტაციისაგან  იხსნა ქართველი მაჰმადიანები,  გერმანელებს დაუმტკიცა, რომ ისინი ისლამის მიმდევარი ქართველები იყვნენ. მალევე გერმანელებმა ქართველი ებრაელების დაპატიმრებებიც დაიწყეს, მათ შორის იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა–მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე იოსებ ელიგულაშვილი (ერთ–ერთი ორგანიზატორი ეროვნული საგანძურის ევაკუაციისა საფარნგეთში). ქართველი ემიგრანტების ჩარევითა და მიხეილ კედიას მოხერხების წყალობით, გერმენელებმა პატიმრობიდან გაანთავისუფლეს იოსებ ელიგულაშვილი.  მიხეილ კედიამ შექმნა მითი, რომ ქართველ მაჰმადიანთა მსგავსად, ქართველი ებრაელებიც ეთნიკურად ქართველები იყვნენ, ხოლო რწმენით მოსეს რჯულის მიმდევარნი. ნოე ჟორდანიას, ალექსანდრე ქორქიას, კონსტანტინე კანდელაკის, ევგენი გეგეჭკორისა და მიხეილ კედიას მიერ გაკეთებული ყალბი საბუთებით ათასზე მეტი ქართველი და ევროპელი ებრაელი გადარჩა სიკვდილს. საშიშროების მიუხედავად ქართველებს უკან არ დაუხევიათ და სწორედ ამ აქციის გამო მიხეილ კედიამ პარიზის დიდი რაბინის ვაისის და ებრაული კულტურის ასოციაციის ხელმძღვანელის მოსერის მადლობა დაიმსახურა.

ქართული ემიგრაციის ნაწილის მსგავსად მიხეილ კედია ფიქრობდა, რომ გერმანელების მხარდაჭერით შეიძლებოდა საქართველოს განთავისუფლება. ამიტომ მისი შუამდგომლობით მოამზადეს საქართველოში გადმოსასხმელი პარაშუტისტთა ჯგუფი „თამარ პირველი“ და „თამარ მეორე“. მათი უმრავლესობა მისიის შესრულებისას დაიღუპა, ნაწილი კი  დააპატიმრეს.

1943 წლის ოქტომბერში მიხეილ კედიას ხელმძღვანელობით დაარსდა „სამეკავშირეო შტაბი“, რომელსაც წესრიგში უნდა მოეყვანა ის სამხედრო ერთეულები, რომელშიც ირიცხებოდნენ, გერმანელთა ინიციატივით ბანაკებიდან გამოყვანილი ქართველები, ასევე ტყვეთა ბანაკებიდან უნდა გამოეყვანა ქართველები და სამსახურით უზრუნველყო ისინი. ექვს თვეში შტაბმა მოახერხა ქართველი და კავკასიელი მუშები გამოეყვანა „აღმოსავლეთის მუშების“ პირობებიდან  და უფლებრივად ევროპელი მუშებისთვის გაეთანაბრებინა, ხოლო ქართველი ჯარისკაცები –  გერმანელებისთვის.

მიხეილ კედია ხშირად ჩადიოდა ბერლინში საქართველოს მოქალქეთა დასაცავად. მისთვის ეს ადამიანები იყვნენო „ჩვენი მებრძოლები, ჩვენი მუშები, ჩვენი ტყვეები“. 1944 წელს დიდი რისკის მიუხედავად, იგი ძალ–ღონეს არ იშურებდა, რომ ტყვედ ჩავარდნილი ქართველი წითელარმიელები ვლასოვის არმიაში არ მოხვედრილიყვნენ.

მიხეილ კედია არ ეთანხმებოდა „ნაცისტების მხეცურ პოლიტიკას“, ითვლებოდა ანტიკომუნისტ და ანტისაბჭოთა პატრიოტად, მეგობრობდა ჰიტლერთან დაპირისპირებულ გავლენიან გერმანელებთან. ერთ–ერთი მათგანი იყო გრაფი ფონ შულენბურგი, რომელიც 1944 წლის 20 აგვისტოს წარუმატებელი შეთქულების შემდეგ ჩამოახრჩვეს. 1944 წლის აპრილში მიხეილ კედიამ გავლენიანი მეგობრების დახმარებით გერმანია დატოვა და თავი შვეიცარიას შეაფარა. ამგვარად იგი ცდილობდა თავიდან აეცილებინა სასამართლო პროცესი. მას ბრალად ედებოდა გერმანელებთან თანამშრომლობა და ფრანგები „სამხედრო დამნაშავედ“ თვლიდნენ. საბჭოთა მთავრობა მოითხოვდა მიხეილ კედიას ინტერნირებას. მას საცხოვრებლად ჟენევა განუსაზღვრეს. 1946 წლის 3 მაისს მან ფიცის ქვეშ მისცა წერილობითი ჩვენება: გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის განმავლობაში მე შევძელი უამრავი ქართველი და სხვა ეროვნების ებრაელი მეხსნა ზოგიერთი გერმანელი ფუნქციონერის დასჯისაგან.“ მიხეილ კედიას ჩვენებას თან ახლდა დოკუმენტები, რომლებიც მის  სიმართლეს ადასტურებდა.

ემიგრაციაში წასვლამდე მიხეილ კედიამ იქორწინა ვალია ფაჩულიაზე, რომელთანაც ქალ–ვაჟი დიკა და ზურაბი შეეძინა.

მიხეილ კედია სიცოცხლის ბოლომდე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ადამიანებთან ურთიერთობისა და მოქმედების ნებისმიერი ფორმა გამართლებული იყო იმ პატრიოტიზმით, რომლითაც იგი „ებრძოდა ბოლშევიკებს“ და იცავდა თანამემამულეებს.

1953 წ. არტერიოსკლეროზით დაავადებულმა და იმედგაცრუებულმა მიხეილ კედიამ თავი მოიკლა.

წყარო:

1. ქართველები უცხოეთში. წ. 1. თბ., 2012. – გვ. 113-115.

2. ნიკოლაძე, ფრანსუაზ. ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში: 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები. - [თბ.]. –[2009]. – გვ. 114-126.

3.ნიჟარაძე, ე. (ენვერ).გრიგოლ Avalon რობაქიძე და ორი "წიგნაკის" ერთი საიდუმლოება. თბილისი, 2014.– გვ. 358-388.

4. ჯავახიშვილი, ნიკო. "ქართველი შინდლერი" / ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2011. - მარტი. - N3. - გვ.42-49. 

5. georoyal.ge/?m=1000&id=1751

6. https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_კედია


Share: