The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სვიმონ მდივანი

სვიმონ მდივანი
Date of birth:20 October, 1876
Date of death:13 December, 1937  (at 61 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

სვიმონ გურგენის ძე მდივანი დაიბადა 1876 წლის 20 ოქტომბერს, ხონში, ადგილობრივი ინტელიგენტების ოჯახში. პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ გადაინაცვლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება მიიღო ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა არალეგალური ჯგუფის წევრი იყო. სწავლის დამთავრებიდან პირველ ხანებში ოდესაში დარჩა და ქალაქის თვითმმართველობაში მსახურობდა, როგორც ქიმიკოსი.  

1905 წლის საერთო სახალხო მოძრაობის დროს სვიმონ მდივანი ოდესიდან სამშობლოში დაბრუნდა, სოციალისტ–ფედერალისტური პარტიის რიგებში ჩადგა და ენერგიულად ჩაება რევოლუციური პროცესების ორომტრიალში. იგი მონაწილეობას იღებდა ისეთ სახიფათო საქმეებში, როგორიც იყო უცხოეთიდან იარაღის ფარულად მიღება და მებრძოლთა რაზმების შექმნა.

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ სვიმონ მდივანი ბათუმში დასახლდა, სადაც აირჩიეს „საურთიერთობო ნდობის საზოგადოების“ ქართული ბანკის დირექტორად. განაგრძო საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობაც – რედაქტორობდა ადგილობრივ ყოველდღიურ გაზეთს, იყო ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ხმოსანი, სოციალისტ–ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და ბათუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ კვლავ შეცვალა სვიმონ მდივნის ცხოვრების მიმართულება. მან თავი დაანება ბათუმში კერძო სამსახურს და თბილისში დაბრუნდა. ამავე წლის ნოემბერში იგი აირჩიეს „ეროვნული საბჭოს“ წევრად, ხოლო 1918 წელს ქართული პარლამენტის წევრად.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სვიმონ მდივანი დაინიშნა პირველ ელჩად სომხეთის რესპუბლიკაში. 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების სხდომაზე იგი სოციალისტ–ფედერალისტების კვოტით თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ამ დროს ის უკვე ცნობილი პოლიტიკოსი და დიპლომატია. 1921 წლის დასაწყისში მთავრობამ სწორედ იგი წარგზავნა ელჩად თურქეთში. მას ისტორიული დავალება ჰქონდა – ქემალის მთავრობისთვის უნდა მიეტანა საქართველოსგან ცნობის ფირმანი. ანკარაში მასთან ერთად საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაში იყვნენ: გენერალი ალ. ერისთავი – სამხედრო მრჩეველი; არისტო ჭუმბაძე –საქმეთა მწარმოებელი; მელიტონ (ოსმან–ბეი) ქარცივაძე; ზია ბეი აბაშიძე –ატაშე; ოფიცრები საგანგებო დავალებებისთვის – ემხვარი და ლეიტენენტი დიმიტრი შალიკაშვილი. სვიმონ მდივანი მთელი ცხოვრება ამაყობდა, რომ იგი პირველი იყო ელჩებს შორის, ვინც ახალ ოსმალეთს თავისუფლება მიულოცა და საქართველოს მიერ მისი ცნობა ახარა.

მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ვერაგული თავდასხმის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და სვიმონ მდივანი იძულებული გახდა ანკარიდან ჯერ სტამბულს, ხოლო შემდეგ მთავრობასთან ერთად საფრანგეთში წასულიყო ემიგრაციაში. ალბათ ბედის ირონია იყო, რომ იმ დროს როცა სვიმონი თურქეთში საქართველოს წარმოადგენდა, მისი ძმა –  ბოლშევიკი ბუდუ მდივანი – საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი იყო.

სვიმონ მდივანი ოკუპირებული სამშობლოს ინტერესებს იცავდა გენუის 1922 წლის კონფერენციაზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციაში მის გარდა იყვნენ: აკაკი ჩხენკელი (თავმჯდომარე), ირაკლი წერეთელი, გრიგოლ ვეშაპელი და ზურაბ ავალიშვილი.

ემიგრაციის წლებში სვიმონ მდივანი თურქეთისა და საფრანგეთის გარდა, როგორც დიპლომატი მოღვაწეობდა პოლონეთშიც. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი საქართველოს ეროვნული ინტერესების ერთგული და შეუპოვარი დამცველი იყო. მან მონაწილეობა მიიღო „კავკასიის კონფედერაციის პაქტის“ შედგენაში და ეწეოდა მის პოპულარიზაციას. იგი იდგა „პრომეთეისტული“ მოძრაობის სათავეებთან, იყო კავკასიის ერთიანობის აპოლოგეტი და იმ დროს მოქმედი თითქმის ყველა ანტიბოლშევიკური გაერთიანების წევრი (ვარშავის „პრომეთეს კლუბი“, „კავკასიის კონფედერაციის საბჭო“, „ხუთთა მეგობრობის კომიტეტი“).

ასეთი დატვირთვის მიუხედავად სვიმონ მდივანი არ ივიწყებდა თავის საყვარელ პარტიას და სამსონ ფირცხალავასთან ერთად უცხოეთში სოციალისტ–ფედერალისტური პარტიის ლიდერად ითვლებოდა.

სიცოცხლის ბოლო დღეებში სვიმონ მდივანი ახალგაზრდული ენერგიით ემზადებოდა სორბონის უნივერსიტეტში რუსთაველისადმი მიძღვნილი დღეების გამართვისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ მოესწრო. გარდაიცვალა 1937 წლის 13 დეკემბერს, საფრანგეთში, ქალაქ სოშოში. დაკრძალეს ლევილში. ნეკროლოგები გამოქვეყნადა ქართულ ემიგრანტულ პრესასა და პოლონურ გაზეთებში. მას დარჩა შესანიშნავი მეუღლე–ნელი (ელენე) ნაკაშიძე და შვილები: ირინე, ელისაბედი, ელენე და ნინო.

წყარო:

1. შარაძე გურამ. სვიმონ მდივანი// უცხოეთის ცის ქვეშ. ტ. III / გურამ შარაძე. – თბ. 1993. – გვ. 31–38.

2. მდივანი სვიმონ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.136-137. 


Share: