The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ლოლუა

გიორგი ლოლუა
Date of birth:19 June, 1919
Date of death:21 December, 1990  (at 71 years)
Burial location:კანადა
Category:Engineer, Poet

Biography

გიორგი ლოლუა 1919 წ. 19 ივნისს დაიბადა სამეგრელოში, სოფელ ზემო ქვალონში, ალექსანდრე ლოლუასა და მინადორა ფანცულაიას ოჯახში. 1920 წელს მამა გარდაეცვალა და დედამ გაზარდა. 1936 წ. დაამთავრა თბილისის  N1 სკოლა, 1941 წელს კი – საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი ინჟინერ–ელექტრიკოსის სპეციალობით.

II მსოფლიო ომში 1941 წ. გიორგი ლოლუა მოხალისედ წავიდა, იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, მალე ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან ემიგრანტმა ქათველებმა იხსნეს და ქართულ ბატალიონში ჩაწერეს. 1944 წ. ნაწილი, რომელშიც გიორგი ლოლუა ირიცხებოდა, გერმანელებმა ჩრდილოეთ იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, ომის შემდეგ საბჭოთა მხარემ ყოფილი ტყვეებისა და ლეგიონერების გადაცემა მოითხოვა. ინტერნირებულებს საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ბანაკებში უყრიდნენ თავს, იქიდან კი ისინი ხშირად პირდაპირ ციმბირში ხვდებოდნენ. გიორგი ლოლუა იტალიაში დარჩა და მიუხედავად დიდი ეკონომიკური სიდუხჭირისა მილანელ ქალიშვილზე დაქორწინა, რომელთანაც ომის წლებში ჰქონდა მიმოწერა. 1947 წ. საბჭოთა კავშირის მხარის მოთხოვნით საფრანგეთისა და იტალიის სოციალუსტურმა მთავრობებმა „კოლაბორაციონიზმის“ ბრალდებით დააპატიმრეს გერმანიის მხარეს მებრძოლი ქართველები. 1950 წ. იტალიაში კუნძულა ლიპარის ბანაკში ტყვედ იყო და შველას ითხოვდა 11 ქართველი, რომელთა შორისაც იყო გიორგი ლოლუა. 1951 წ. საერთაშორისო ორგანიზაციის შუამდგომლობით და მიუნხენის კოლონიის თავმჯდომარის ალექსანდრე კორძიას აქტიურობით ქართველი ტყვეები გაანთავისუფლეს და ნეაპოლთან სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, საიდანაც ემიგრანტებმა გამოიხსნეს, ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გადაგზავნეს.

გიორგი ლულუა კანადაში, ქალაქ ჰამილტონში დასახლდა და 33 წლის მანძილზე უდიდეს მეტალურგიულ ქარანაში ერთ–ერთი საამქროს მთავარ ინჟინრად მუშაობდა, საიდანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით გააცილეს პენსიაში.

ლექსების წერა გიორგი ლოლუამ საქართველოში დაიწყო. მისი ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება. 1941-1942 წლებში მისი რამდენიმე ლექსი გაზეთებში „კომუნისტსა“ და „თბილისში“ დაიბეჭდა. ასევე რამდენიმე ლექსი ომის წლებში ემიგრანტულ გაზეთებში „ქართველი ერი“ და „საქართველო“ დაიბეჭდა. ომის შემდეგ კი ერთი ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალ „ბედი ქართლისაში“. „მამულში“ გამოქვეყნებულმა მისმა ორმა ლექსმა გრიგოლ რობაქიძის ყურადღება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1939-1990 წლებში დაწერილი ლექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუამ გურამ შარაძეს გამოუგზავნა.

გიორგი ლოლუამ თავისი ერთი ლექსი ინგლისურად თარგმნა და ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა. წერდა მოთხრობებსაც, თუმცა მათი ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოასწრო.

1990 წ. 21 დეკემბერს გიორგი ლოლუა გარდაიცვალა. იგი პოლიგლოტი იყო, საუბრობდა რამდენიმე ენაზე (ქართული, რუსული, გერმანული, ფრანგული ინგლისური, იტალიური), მაგრამ სიკვდილის წინ მშობლიურის გარდა ყველა ენა დაავიწყდა და მეუღლეს ქართულად საუბარს სთხოვდა. მისი მეუღლე იტალიელი ნატალია (ლია) დელლა პიეტრა პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი იყო და მუშაობდა ციურიხში თეატრში.

გიორგი ლოლუას სამი შვილი – სანდრო, ლეილა და სანდრა კანადაში ცხოვრობენ. 2013 წელს ლეილა ლოლუა პირველად ეწვია საქართველოს.

წყარო:

1. დაუშვილი, რუსუდან. ცნობილი ქართველები ამერიკაში : კანადა : ლოლუა გიორგი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. გვ. 207-209.

2. ლოლუა გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.126.

3. ლოლუა, ლუკა. გიორგი ლოლუა // ქართული ემიგრაცია . - 2020 . - N 9 . - გვ. 210-214.


Share: