The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლევან იაშვილი

ლევან იაშვილი
Other name:ლევ  (Acronym)
Date of birth:6 August, 1768
Date of death:19 April, 1836  (at 67 years)
Burial location:ვიდუბიცკის მონასტერი, კიევი, უკრაინა
Category:Military Person

Biography

ქართული თავადური საგვარეულოს წარმომადგენელი ლევან (ლევ) მიხეილის ძე იაშვილი, ვლადიმერ იაშვილის უმცროსი ძმა, 1768 წლის 6 აგვისტოს დაიბადა. ძმები სულ პატარები ჩაუყვანიათ რუსეთში. აქ მიიღეს სამხედრო განათლება და თანდათანობით ცნობილი ოფიცრები გახდნენ.

ლევან იაშვილი იბრძოდა ბალკანეთში, პოლონეთში, პრუსიისა და საფრანგეთის ჯარების წინააღმდეგ. უამრავი სამხედრო ჯილდო დაიმსახურა და რუსეთის არმიის არტილერიის გენერლის წოდებას მიაღწია. მისი სამხედრო კარიერის ნაბიჯები ასეთი იყო: 1786 წელს დაამთავრა არტილერიის კადეტთა კორპუსი. იმავე წლის 12 მაისს გაანაწილეს შტიკ–იუნკერად ბომბარდირთა პოლკში. 1787-1791 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, კერძოდ აკერმანის, ბენდერის და იზმაილის აღებაში. კინბურნის დაცვისა და ოჩაკოვის ალყის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა პოდპორუჩიკის, შემდეგ პორუჩიკის ჩინი. 1792-1795 წლებში პოლონეთის კამპანიის მონაწილეა. ვარშავის ალყისა და მისი შემოგარენის აღების ოპერაციაში გამოვლენილი სიმამაცისთვის 1794 წელს დაჯილდოვდა  წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის ჯვრით.

1794-1799 წლებში ლევან იაშვილი მსახურობდა ცხენოსან არტილერიაში. 1799 წელს კაპიტნის ჩინით გადაიყვანეს ლაიბ –გვარდიის საარტილერიო ბატალიონში, შემდეგ – საცხენოსნო–საარტილერიო ბატალიონში. 1800 წლის 5 მაისიდან პოლკოვნიკია.

1805–1807 წლებში მიავლინეს ავსტრიის სამფლობელოებში, სადაც იბრძოდა ფრანგების წინააღმდეგ. ჰაილსბერგის, პროისიშ-აილაუს, გეილსბერგის, გუტშტადტისა და  ფრიდლანდში ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიიღო მესამე ხარისხის წმ.გიორგის ჯვარი და ორჯერ ოქროს იარაღი. 1808 წლის 16 მარტიდან  გენერალ-მაიორია. 1812 წელს სამამულო ომის დასაწყისში მეთაურობდა მე–4 საარტილერიო ბრიგადას პ. გ. ვიტგენშტეინის 1–ლი ფეხოსანთა კორპუსის შემადგენლობაში. მონაწილეობდა არიერგარდულ ბრძოლებში იაკუბოვში, გოლოვჩიცაში, სმოლიანებში, ბორისოვში. 1812 წლის 18 ივლისს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. დაიმსახურა წმ. ანას ორდენის I ხარისხი ალმასებით და წმ. ვლადიმერის – II ხარისხი.

პეტრე ვიტგენშტეინის კორპუსის წარმატებაში მნიშვნელოვანი დამსახურება ლევან იაშვილს და მის არტილერისტებს ეკუთვნით. აი რას სწერდა გრაფი ვიტგენშტეინი იმპერატორ ალექსანდრეს გენერალ იაშვილის საბრძოლო ღირსებებისა და 1812 წლის ომში მისი პირადი დამსახურების შესახებ: „ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, უმორჩილესად მოგახსენოთ, რომ თავადი იაშვილი სწორედ ის გენერალია, რომელმაც ამ ომში ჩინებული სამსახური გასწია და ყველაზე მეტად შემიწყო ხელი მტერზე მოპოვებულ ყველა გამარჯვებაში“.

ლევან იაშვილმა 1813 წელს დაიკავა მთავარი მოქმედი არმიის არტილერიის მეთაურის პოსტი და ამ წოდწბით იღებდა მონაწილეობას 1813–14 წლების კამპანიაში პრუსიასა და საქსონიაში. მონაწილეობდა ლიუცენის, ბაუცენის, შამპანის ლაშქრობებში. ლიუცენთან ბრძოლაში დაჯილდოვდა ალექსანდრე ნეველის ორდენით, ბაუცენისთვის ბრძოლაში ამ ორდენს დაემატა ალმასები, შამპანის ველებზე ლაშქრობის დროს კი წმ. ვლადიმერის I ხარისხის ორდენი მოიპოვა. 1814 წელს გენერალი იაშვილი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევიდა პარიზში.

რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1816 წელს, ლევან იაშვილი დაინიშნა პირველი არმიის არტილერიის უფროსად და 17 წლის განმავლობაში ეკავა ეს თანამდებობა. 1819 წელს მიიღო არტილერიის გენერლის ჩინი. 1831 წელს მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში. 1832 წლის 11 ივნისიდან გახდა რუსეთის სამხედრო საბჭოს წევრი. 1833 წელს, ხანგრძლივი და წარმატებული სამხედრო სამსახურისთვის, მიენიჭა რუსეთის უმაღლესი ჯილდო – ანდრია პირველწოდებულის ორდენი. ამავე წლიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გავიდა თადარიგში.

ლევან იაშვილი გარდაიცვალა 1836 წლის 19 აპრილს, კიევში. დაკრძალულია იქვე, ვიდუბიცკის მონასტერში.

წყარო: 

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Яшвиль,_Лев_Михайлович 

2. nobility.pro/ru/statya/680-yashvili-lev-mikhajlovich

3. regiment.ru/bio/Y/43.htm

4. georoyal.ge/?MTID=104&TID=84&id=440

5. იაშვილი ლევან // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.104.

6. ლევან იაშვილი - გენერალ-ლეიტენანტი // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2012. - სექტემბერი. - N1(26), სპეციალური გამოშვება. - გვ.30-32


Share: