The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ამირან რევიშვილი

ამირან რევიშვილი
Date of birth:1956  (68 years)
Category:Medical Doctor

Biography

2016 წლის იანვარში რუსეთის უმსხვილესი და უძველესი სამედიცინო დაწესებულების „ა.ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის" დირექტორად ამირან შოთას ძე რევიშვილი დაინიშნა. რევიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვორცოვამ მოაწერა. „ბატონი ამირანის კომპეტენტურობა და გამოცდილება ეჭვს არ იწვევს", - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოლეგ სალაგაიმ.

ამირან რევიშვილი დაიბადა 1956 წლის 11 თებერვალს, მოსკოვში. 1979 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის ი. მ. სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტი. იყო ლენინური სტიპენდიატი. იმავე წელს ჩაირიცხა ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც გამოიკვეთა მისი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება – კლინიკური ელექტროფიზიოლოგია, დიაგნოსტიკა და გულის რითმის დარღვევებისა და გამტარიანობის შეზღუდვების მკურნალობა. 1986 წელს, 30 წლის ასაკში, გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში ჯგუფთან ერთად, რომელსაც მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი ლეო ბოკერია თავკაცობდა. 34 წლისამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მალე პროფესორიც გახდა.

1995 წლიდან ამირან რევიშვილი მუშაობდა „ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის" ტექიამიტრიის ქირურგიული მკურნალობის განყოფილების ხელმძღვანელად. 1998 წელს რუსეთის ჯანდაცვის ქირურგიული და ინტერვენციული არითმოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს. 2001 წელს მიენიჭა აკადემიკოს ვ. ი. ბურაკოვსკის სახელობის პრემია გამორჩეული მიღწევებისთვის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში. 2002 წელს აირჩიეს რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად, 2011 წელს კი – აკადემიკოსად.  2013 წელს გახდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.   

ამირან რევიშვილს მიღებული აქვს 7 პატენტი გამოგონებებისთვის. აქედან ხუთი  საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ერთ–ერთი მათგანი – უნიკალური დეფიბრილატორი  „TachosDR“ არითმიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, შეიქმნა მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში, რომელსაც აკადემიკოსი ლეო ბოკერია ხელმძღვანელობს, მის შექმნაზე ამირან რევიშვილთან ერთად მუშაობდნენ  ამერიკელი და გერმანელი მეცნიერებიც. მინიატურული კომპიუტერი იწონის  90 გრამს. იგი თვითონ პოულობს იმ წერტილს, რომელიც გულის არასწორ რითმს იწვევს, მერე კი არკვევს არითმიის ტიპს და როგორც კი გულის რითმი დაირღვევა, გულის კუნთის საჭირო წერტილს  მაშინვე აწვდის ელექტრონულ მუხტს. თუ გული მაინც გაჩერდა, მოწყობილობა თვითონვე რთავს ელექტროშოკს  და ადამიანს სიცოცხლეს უბრუნებს. კომპიუტერი მუშაობს ელემენტზე, რომელიც 5-6 წელი წელი ყოფნის. კომპიუტერს აქვს მეხსიერება, რომელშიც ინახავს ყველა ელექტროკარდიოგრამას. საკმარისია, ექიმმა მხოლოდ სკანერი მიადოს პაციენტის გულს  და მაშინვე ცხადი ხდება, როგორ „იქცეოდა“ თქვენი გული.

ამირან რევიშვილმა პირადად ჩაატარა 2500–ზე მეტი პროცედურა და ოპერაცია სხვადასხვა სახის არითმიულ დარღვევებზე. მას გამოქვეყნებული აქვს 750–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: 7 მონოგრაფია და 7 წიგნი, გამოცემული როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ. მისი ხელმძღვანელობით 30–მა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო, ოთხმა კი სადოქტორო დისერტაცია. იგი არის პრეზიდენტი სრულიად რუსეთის სამეცნიერო ორგანიზაციისა, რომელშიც გაერთიანებული არიან კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის, არითმოლოგიისა და კარდიოსტიმულაციის სპეციალისტები.

ამირანი ცნობილი ფილოლოგი-მეცნიერის, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის  მკვლევარის, აწ განსვენებული შოთა რევიშვილის ვაჟიშვილია.

წყარო:
1. http://www.ras.ru/news/shownews.aspx?id=1341476a 

2. https://en.wikipedia.org/.../Amiran_Revishv...

www.doctrina.ge/Geo/2013-02-23-17-18-31/.../1154-2016-02-22-10-04-03

 

 

 


Share: