The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ბარათაშვილი (ბარათაევი)

მიხეილ ბარათაშვილი (ბარათაევი)
Date of birth:25 January, 1784
Date of death:30 July, 1856  (at 72 years)
Burial location:ქ. სიმბირსკი, რუსეთი
Category:Historian, Military Person

Biography

ისტორიკოსი, ნუმიზმატი, განმანათლებელი და სამხედრო პირი მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილი 1784 წლის 25 იანვარს, ქალაქ სიმბირსკში დაიბადა. იგი რუსეთში ვახტანგ VI-თან ერთად გადახვეწილი ქართველი თავადის, მელქისედეკ (მიხეილ) ბარათაშვილის შთამომავალი იყო. ვახტანგ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ მისი ამალის წევრებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს და იმპერიის სხვადასხვა მხარეში გაიფანტნენ. მელქისედეკ ბარათაშვილმა სამემკვიდრეოდ სიმბირსკის გუბერნიაში შეიძინა ყმა და მამული და იქვე დასახლდა. მას ოთხი ვაჟი შეეძინა: ივანე, სიმონი, ანდრია და პეტრე. სწორედ ამ უკანასკნელის ერთადერთი ვაჟი გახლდათ მიხეილ ბარათაევი. პეტრე სიმბირსკის გუბერნიის მეფისნაცვალი იყო 1780–1789 წლებში და ჰქონდა გენერალ-პორუჩიკის წოდება. 1782 წელს მან ქ. სიმბირსკიდან 12 კილომეტრის დაშორებით შეიძინა 600 დესეტინა მიწა, დაასახლა იქ გლეხები და დააფუძნა ახალი სოფელი – ბარათაევკა. მისი მეუღლე იყო – ეკატერინე საბას ასული ნაზიმოვა.

დაწყებითი განათლება მიხეილ ბარათაშვილმა ოჯახში მიიღო. საუკეთესო აღმზრდელ–მასწავლებლებმა მიხეილს, რუსულ ენასთან ერთად, სამაგალითოდ შეასწავლეს ევროპული ენებიც. სამხედრო სამსახური დაიწყო 1798 წლის 4 ოქტომბერს მე–11 საარტილერიო ბატალიონში იუნკერად. ერთი წლის შემდეგ 1799 წლის 17 ნოემბერს  პოდპორუჩიკის წოდება მიანიჭეს და მე–5 საარტილერიო პოლკში გადაიყვანეს. 1803 წლის 23 ივნისს გადაინაცვლა მე–7 საარტილერიო პოლკში. 1805 წლის 30 იანვარს, 21 წლის მიხეილ ბარათაშვილი, პორუჩიკის წოდების მიღების შემდეგ, სამსახურიდან გადადგა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და ჩაირიცხა პავლოგრადის ჰუსართა პოლკში (1806, 12/ 06). 1807 წლის 27 აპრილს დაიკავა გენერალ–მაიორ ეფიმ იგნატის ძე ჩაპლიცის ადიუტანტის თანამდებობა პორუჩიკის ჩინით. მონაწილეობდა 1806–1809 წლების ბრძოლებში ფრანგების წინააღმდეგ და  გამოჩენილი მხედრული ვაჟკაცობისთვის დაჯილდოვდა წმ. ვლადიმერის მე–4 ხარისხის ორდენით ბაფთით (1807, 23/11) და ოქროს ჯვრით პრეისიშ–ეილაუს აღების დროს გამოვლენილი სიმამაცისთვის ( 1807, 30/11), აგრეთვე, პრუსიული ორდენით „დამსახურებისათვის“.

1809 წლის 5 თებერვალს ბარათაევი ომში მიღებული ჭრილობების გამო შტაბს–როტმისტრის ჩინში მყოფი გადადგა სამსახურიდან სრული პენსიით. 1810 წელს მან ჯვარი დაიწერა საიდუმლო მრჩევლის (ტაინი სოვეტნიკის) ქალზე, ალექსანდრა ნიკოლოზის ასულ ჩოგლოკოვაზე და ბარათაევკაში დაფუძნდა. მაგრამ 1812 წლის სამამულო ომის პერიოდში, როცა რუსეთს ნაპოლეონის ჯარები შემოესია, იგი სხვა ყოფილ სამხედროებთან ერთად სიმბირსკის სახალხო ლაშქარში გაწევრიანდა და სამშობლოში მხოლოდ 1914 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა.  

1815-1835 წლებში მიხეილ ბარათაშვილი სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო. 1815 წლის 21 დეკემბერს იგი გახდა სიმბირსკის მაზრის თავადაზნაურობის, ხოლო 1820 წლის 1 იანვრიდან გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პოსტზე მიხეილი სამ–სამი წლის ვადით ხუთჯერ აირჩიეს და 15 წლის მანძილზე თავდადებითა და უანგაროდ ემსახურებოდა სიმბირსკის გუბერნიის მოსახლეობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით 1818 წლის 3 მარტს დაარსებული ქალთა ქრისტიანული მოწყალების საზოგადოება, ხოლო 1820 წლის 2 მაისს –  თავადაზნაურ ღარიბ ქალთა შრომისმოყვარულთა სახლი. ეს სახლი შემდეგში გადაკეთდა დედოფალ ელისაბედის სახელობის მეორე თანრიგის ქალთა სასწავლებლად, რომლის დარბაზს ამშვენებდა მიხეილის პორტრეტი წარწერით: „სიმბირსკის შრომისმოყვარულთა სახლის ფუძემდებელი მ. პ. ბარათაშვილი (ბარათაევი)“. მეტად მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე, მიხეილის ინიციატივისა და ზრუნვის შედეგად, თავადაზნაურთა შეწირულებებით შეგროვილი სახსრებით, 1834 წლის 18 თებერვალს სიმბირსკის გიმნაზიის პანსიონის გახსნა. წლების განმავლობაში მიხეილ ბარათაშვილი იყო სიმბირსკის გიმნაზიის პირველი ზედამხედველი, შემდეგ კი საპატიო მზრუნველი, 1835 წლის პირველ ნახევრამდე.

მიხეილ ბარათაევმა სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა სახელწოდებით „სათნოების გასაღები“  („Ключ добродетели“), რომელიც ექვემდებარებოდა ლოჟა „ასტრეას“. რუსეთში არსებული მასონური სალონების საქმიანობასა და მიმართულებებს იგი ჯერ კიდევ გენერალ ჩაპლიცთან სამსახურის პერიოდში გაეცნო, მაგრამ მასონთა რიგებში მხოლოდ 1816 წელს გაერთიანდა. ამ წელს იგი გახდა პეტერბურგის „შეერთებული მეგობრების“ მასონური სალონის წევრი. იმავე წელს, მოსკოვში, ამ სალონის რუსული ენის განყოფილების გახსნისას მიხეილი ოსტატის მოადგილედ აირჩიეს. მასონური სალონი სიმბირსკში მან პეტერბურგის მთავარი სალონის – „ასტრეას“ დავალებით დააარსა და თავადვე გახდა მისი ხელმძღვანელი – „დიდი მამამთავარი“. ამ თანამდებობაზე სალონის წევრებმა იგი დაუსწრებლად აირჩიეს.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ ბარათაევი პირველი ქართველი მასონი იყო. იმ სალონების მიზანი, რომელთა ან დამფუძნებელი ან წევრი იყო მიხეილ ბარათაევი, მდგომარეობდა ქრისტიანულ სათნოებათა მკაცრად დაცვაში, საღვთო სჯულის ჭეშმარიტ აღსარებასა და პატივისცემაში, მეფისადმი ქვეშევრდომულ ერთგულებაში. ამ მიზანდასახულობის აღსრულება ხდებოდა დამრიგებლობით, რაც ჩვეულებრივ სრულდებოდა სალონის წევრთა შეკრებებზე შეგონებათა წაკითხვით. შინაგან საქმეთა სამინისტროს 1822 წლის 21 აგვისტოს  ბრძანებით რუსეთში   მასონური სალონები აიკრძალა.

1826 წელს მიხეილ ბარათაევი დეკაბრისტების აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ მამხილებელი მასალის უქონლობის გამო (ბარათაშვილმა გაანადგურა თავისი მიმოწერა და სხვა საბუთები) მალე გაათავისუფლეს, თუმცა  დეკაბრისტებთან მისი იდეური სიახლოვე ეჭვგარეშეა.

1826 წლის 26 ივნისს მიხეილ ბარათაევმა მიიღო „სტატსკი სოვეტნიკის“ ჩინი,  1838 წლის 21 აგვისტოს კი „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის” (მე–5 კლასის სამოქალაქო ჩინი რუსეთში) წოდება მიენიჭა. 1835 წლის 22 სექტემბერს მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1839 წლის 13 აპრილს ფინანსთა სამინისტროში გადაიყვანეს, ხოლო 1839 წლის 9 ივნისს კავკასიაში განამწესეს ამიერკავკასიის საოლქო საბაჟოს სამმართველოს უფროსად.  ამით ასრულდა მისი დიდი ხნის ოცნება - წინაპართა სამშობლოში მუშაობის საშუალება მიეცა, სადაც 2 წელი და 10 თვე დაჰყო და  წარჩინებული სამსახურისთვის წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

საქართველოში მიხეილ ბარათაევი დაინტერესდა ქართული მონეტებით და ძვირფასი კოლექცია შექმნა. 1844 წელს იგი სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა და დროებით პეტერბურგში გაჩერდა, სადაც წინასწარ შეგროვილი მასალების საფუძველზე დაწერა ფუნდამენტური ნაშრომი: «Нумизматические факты Грузинского царства» = „ნუმიზმატიკის ფაქტები, ანუ ძველნი ფულნი საქართველოს სამეფოსანი“. ეს ნაშრომი ავტორმა საკუთარი სახსრებით გამოსცა 1844 წელს, პეტერბურგში, ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. წიგნი რეკომენდებული იყო თეიმურაზ ბატონიშვილის, მარი ბროსესა და დავით ჩუბინაშვილის მიერ. მასში 157 მონეტაა განხილული, მოცემულია ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება. ქართული ფულის ძვირფას კოლექციასთან ერთად, წარმოდგენილია, აგრეთვე, ბერძნული, არაბული, თურქული, ირანული და სომხური ფულისა და სხვა ექსპონატების მდიდარი კოლექციები, რაც ნაჩვენებია შესანიშნავი ილუსტრაციებით, შენიშვნებითა და კომენტარებით.  

წიგნის სატიტულო ფურცელზე ავტორი ხელმწიფე იმპერატორს ამცნობდა თავისი ნაშრომისა და გამოგონების შესახებ: „უღრმესი მოწიწების გრძნობით ვიღებ თავზე გამბედაობას, უძველესი ქართული მონეტებიდან, მეტალიდან სურათების გადმოღების ჩემს მიერ  გამოგონებული წესის მიხედვით დამზადებული ნუმიზმატიკური ალბომის ბოძებას...”

ბარათაევმა ნაშრომი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მარი ბროსემ ამ შრომის მიხედვით შეადგინა თავისი  გამოკვლევა ქართული ნუმიზმატიკის შესახებ, ხოლო მოგვიანებით ფრანგმა მეცნიერმა ლანგლუამ დაწერა და გამოსცა „ქართული ნუმიზმატიკის ახალი მიმოხილვა“.

მიხეილ ბარათაევი ითვლება ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებლად. მისმა ნაშრომმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლოგიასაც. მან გამოიგონა და გამოიყენა ძველი მონეტების ზუსტი პირების დამზადების ხერხი, რომელსაც ბარათაევის ბიოგრაფი ამგვარად აღწერს: „იმის აუცილებლობამ, რომ მუზეუმში, რომელშიც აკლია და უნდა იყოს იშვიათი მონეტის ზუსტი ასლი, რაც სხვა კოლექციებშია, ცნობისმოყვარე თავადი მიხეილ ბარათაშვილი მიიყვანა საინტერესო აღმოჩენამდე: მან შეძლო მონეტებიდან ანაბეჭდის გადმოღება ისე, რომ ის არ დაზიანებულიყო, თან, ისე ზუსტად, რომ დედნისა და ანაბეჭდის გვერდი-გვერდ დადების დროს განსხვავება არ ყოფილიყო...“. რუსეთის სამეცნიერო აკადემიამ მონეტებიდან ზუსტი პირების გადაღებისთვის მიხეილს დიპლომი გადასცა.

მიხეილ ბარათაშვილის მდიდარი კოლექცია ამჟამად დაცულია გერმანიაში, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმში.

მიხეილ ბარათაშვილი თავისი დროის ცნობილი და პოპულარული მეცნიერი გახლდათ, იგი პეტერბურგის, პარიზის, ბერლინის, კოპენჰაგენის სამეცნიერო აკადემიათა ნამდვილი წევრი იყო. აგრეთვე რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთ დამაარსებლადაც გვევლინება. საქართველოში ყოფნის პერიოდში მიხეილ ბარათაშვილი არჩეულ იქნა ამიერკავკასიის სტატისტიკური კომიტეტის წევრ-კორესპონდენტად.

ბარათაშვილის ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობას გასდევს ღრმად პატრიოტული და პროგრესული კონცეფცია ქართველთა და საქართველოს ერთიანობის შესახებ. ქართულ ისტორიოგრაფიაში მან პირველმა მიაქცია ყურადღება VI საუკუნის კლასიკურ საისტორიო წყაროებში დაცულ ცნობას ქალაქ თბილისის შესახებ. ნიკოლოზ ბარათაშვილმა საქართველოდან მისი გამგზავრების წინ ალბომში ჩაუწერა ლექსი „კნიაზ ბარატაევის აზარფეშაზედ“და მასვე მიუძღვნა გარკვეული სტროფები ლექსში „საფლავი მეფის ირაკლისა“.

მიხეილ ბარათაევსა და მის მეუღლეს 12 შვილი შეეძინათ – 7 ქალი და 5 ვაჟი. ოთხი მათგანი პატარა ასაკში გარდაიცვალა. სრულწლოვანებას მიაღწია ორმა ვაჟმა – მიხეილმა და ალექსეიმ  და ექვსმა ქალიშვილმა – ელისაბედი, ალექსანდრა, ეკატერინა, ანა, სოფიო და ადელაიდა. ბარათაევკაში 1930 წლამდე, გარდაცვალებამდე, ცხოვრობდა ბარათაევის შვილიშვილი – სერგეი მიხეილის ძე, პირველი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სიმბირსკის გუბერნიიდან. როგორც ჩანს ამით დასრულდა სიმბირსკში გადახვეწილ ბარათაშვილთა საგვარეულო შტო.

მიხეილ ბარათაშვილი გარდაიცვალა 1856 წლის 30 ივლისს, ბარათაევკაში. იგი სიმბირსკის მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ამჟამად ქალაქის დასასვენებელი პარკია გაშენებული და ძველი სამარხების კვალი წაშლილია.

მიხეილ ბარათაშვილის პირადი საარქივო ფონდი დაცულია ულიანოვსკის ოლქის სახელმწიფო არქივში.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ბარათაშვილი

2. https://ru.wikipedia.org/.../Баратаев,_Михаил_Петрови... 

3. dic.academic.ru/dic.nsf/enc_biography/8018/Баратаев

4. გოზალიშვილი, შ. მიხეილ ბარათაშვილი (1784-1856). - თბ., 1987.

5. ბარათაშვილი მიხეილ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.43.

6. ქუთათელაძე, ზურაბ. მიხეილ ბარათაევი (1784-1856) : სიმბირსკის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი : პირველი ქართველი მასონი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.40. 

8. თაქთაქიშვილი, ლევან. როგორ გახდა მიხეილ ბარათაშვილი მსოფლიოში ცნობილი კოლექციონერი და რატომ არ არის ამჟამად მისი კოლექცია დაცული საქართველოში : ინტერვიუ / ლევან თაქთაქიშვილი ; ესაუბრა ეკა სალაღაია // თბილისელები. - თბილისი, 2011. - 6-12 ივნისი. - N23(545). - გვ.16


Share: