The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე

ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე
Date of birth:22 October, 1830
Date of death:9 March, 1897  (at 66 years)
Burial location:იოანე ნათლისმცემილის ეკლესია, ყვარელი, საქართველო
Category:Military Person

Biography

თავადი ნიკოლოზ (დიდი ნიკო) ჭავჭავაძე დაიბადა 1830 წლის 22 ოქტომბერს ყვარელში. სამხედრო იყო მისი მამაც – შტაბს–კაპიტანი ზურაბ მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე. დაამთავრა ტფილისის გიმნაზია. სამხედრო სამსახური დაიწყო 1846 წელს ქართულ მილიციაში, რომელიც იცავდა კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან. მთიელ ხალხებთან ბრძოლებში მონაწილეობისათვის 1849 წელს ჯარისკაცის წმინდა გიორგის ჯვარი მიიღო რუსეთის იმპერატორისგან. ოფიცრის პირველი ჩინი (პრაპორშჩიკი) 1850 წლის 21 აპრილს მიანიჭეს წარჩინებისთვის. სამხედრო კარიერის შემდეგი საფეხურებიც სწრაფად გაიარა: პოდპორუჩიკი (22.05.1852), პორუჩიკი (5.06.1853). 1853–1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმის ომში. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, მეთაურობდა კახეთის მილიციის საცხენოსნო ასეულს. თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში. 

1854 წლის ჩოლოქის ბრძოლაში, ნიკო ჭავჭავაძის გმირობა დიდხანს ახსოვდათ მის თანამებრძოლებს. გააფრთებულ ბრძოლაში იგი მძიმედ დაიჭრა  და მკვდარიც კი ეგონათ, მაგრამ ქუთაისელმა დოსტაქარმა თურმანიძემ სიკვდილისგან იხსნა.  ნიკო ხელში იყო დაჭრილი ხმლით და ტყვიით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა კისრისა და მხრის მიდამოებში. გამოჯანმრთელების შემდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება ვეღარ შესძლო, მაგრამ არმიიდან არ გასულა, გვარდიაში გადაიყვანეს  და დროთა განმავლობაში სხვადასხა თანამდებობებზე მუშაობდა.

ნიკო ჭავჭავაძემ ყირიმის ომის შემდეგაც არაერთხელ მიიღო მონაწილეობა მთიელებთან ბრძოლაში ჩეჩნეთსა და დაღესტანში შავი ზღვის გაყოლებაზე. 1859 წელს, დაღესტნის დამორჩილების შემდეგ, იგი დარგუს ოლქის მმართველად დანიშნეს. სამხედრო კარიერაშიც წინ წაიწია: 8.11.1859–დან შტაბს–როტმისტრია; 3.04.1860–დან  – როტმისტრი; 30.08.1863–დან –  პოლკოვნიკი. ამავე წელს ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემდეგ კი განჯის სამხედრო გუბერნატორად განამწესეს. 10 წლის მანძილზე იყო დასავლეთ დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი (10.12.1866 - 25.10.1876). 1871 წლის 26 ნოემბერს გენერალ–მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა; 1972 წლის 26 თებერვალს მისი საიმპერატორო უდიდებულოსობის ამალაში ჩაირიცხა; 1875 წლიდან კი განჯის გენერალ–გუბერნატორად დაინიშნა.

რუსეთ-თურქეთის ომის (1877–1878) დასაწყისში ნიკო ჭავჭავაძე მოქმედ არმიაში იყო, მცირე ხნით ხელმძღვანელობდა კავალერიის დივიზიის ნაკრებს თურქეთის საზღვარზე (3.06.-7.07.1877), მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა და კავკასიის მთიანეთში მიავლინეს, სადაც მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით მან მოახერხა აჯანყების ჩაქრობა. 

1880 წლიდან ნიკო ჭავჭავაძე დაღესტნის ოლქის მმართველი და ჯარების სარდალი იყო (10.01.1880 - 1.07.1883). ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს მიიღო მან გენერალ–ლეიტენანტის წოდება (30.08.1881). 1983 –1893 წლებში დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად მსახურობდა. 1892 წელს გენერალ–ადიუტანტად დაინიშნა, 1896 წელს კი კავალერიის გენერლის სამხედრო წოდება მიიღო. დაღესტნის გუბერნატორად ყოფნისას, მთიელთა შორის სარგებლობდა დიდი პოპულარობით, აწარმოებდა საირიგაციო სამუშაოებს. გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლიერების ნიშნად მისი კუბო ხელით ჩაიტანა ყვარელში.

ნიკოლოზ ჭავჭავაძე სამხედრო ორდენების მრავალგზის კავალერია: წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის (1860); წმ. ანას მესამე ხარისხის ბაფთითა და მახვილებით (1861); წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის საიმპერატორო გვირგვინით (1864); წმ. ანას მეორე და წმ. ვლადიმერის მესამე ხარისხის (1863); წმ. სტანისლავის (1871) და წმ. ანას (1875) პირველი ხარისხის, წმ. ვლადიმერის მეორე ხარისხის (1883), მიღებული აქვს თეთრი არწივისა (1887) და წმ. ალექსანდრე ნეველის (1890) ორდენები. დაჯილდოებული იყო, აგრეთვე, ლომისა და მზის პირველი ხარისხის სპარსული ორდენით (1879) და ოქროს ხმლით ბრილიანტებით, წარწერით „სიმამაცისთვის“.

სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ნიკო ჭავჭავაძე თბილისში ცხოვრობდა და ყოველგვარ საზოგადოებრივ საქმიანობაში ცხოველ მონაწილეობას იღებდა.

გარდაიცვალა 1897 წლის 9 მარტს. თუ როგორი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში ეს ნათლად ჩანს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთ „ივერიის“ 1997 წლის 11 და 13 მარტს გამოქვეყნებული წერილებიდან: „ ერთი გულშემატკივარი კაცი კიდევ მოაკლდა ჩვენს ქვეყანასა, კაცი ჭკუიანი, თავისა საკუთარის მხნეობით და ნიჭით დიდ ხარისხამდე მიღწეული, თავისი საკუთარის ბეჯითობით, ღვაწლით, გონება–გახსნილი და თვალ–ახილული... არ ყოფილა ერთი იმისთანა ამბავი, ავი თუ კარგი, რომ იმის გულს არ დასჭდეოდა ღრმად, რაკი ჩვენს ქვეყანას შეეხებოდა რამ... არ იყო არც ერთი საკუთარი საქმე, რომ მთელის გულის მხურვალებით არ მოჰკიდებოდა და სხვებთან ერთად არ ეზრუნა, არ ეფიქრა, საიდამ რა ეშველოს“.

საქართველოს მომავალზე ბევრს რომ ფიქრობდა მისი ანდერძითაც სჩანს, რომელიც გვამცნობს, რომ ნიკო ჭავჭავაძეს  მისი ქონებიდან ორი ათასი თუმანი დაუტოვებია სამთო ინსტიტუტის ხელმოკლე სტუდენტებისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასახმარებლად. გარდა ამისა ანდერძში აღნიშნული იყო, რომ ხუთასი თუმანი სტეპენდიის სახით თავისი სოფლის უღარიბესი გლეხობის რამდენიმე ბავშვის სემინარიის ან სამეურნეო სკოლის დასამთავრებლად მოეხმარათ. 

ნიკოლოზ ზურაბის ძე დაკრძალულია მისი სახსრებით 1890 წელს აგებულ ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში. ტაძარი ჭავჭავაძეების კარის ეკლესიაა. ეკლესიის კურთხევის დღეს ნიკოს ხალხისთვის მიუმართავს: „მე მხედარი კაცი ვარ, სად მომიწევს სიკვდილი, არავინ იცის, სხვა ქვეყნის სამიწედ ნუ გამხდით, ამ ჩემს აშენებულ ტაძარში დაასვენეთ ჩემი ძვლებიო“. თბილისის საზოგადოებას დიდი პატივით გაუცილებია ნიკოლოზ ჭავჭავაძის ნეშტი სოფელ ყვარელში. სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობდა აკაკი წერეთელი, რომელმაც წარმოსთქვა სიტყვა და დაამთავრა ლექსით „იყო და გაჰქრა“ (ივერია, 1897, № 47, 12 მარტი).

ნიკოლოზ ჭავჭავაძე დაქორწინებული იყო ანა დავითის ასულ ერისთავზე (არაგვის), შვილები არ ჰყავდათ. ნიკოს ძმის, მელქისედეკის (მიხეილი 1839-1877) შვილთაშვილია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ნიკო ჭავჭავაძე.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ჭავჭავაძე_(გენერალი) 

2. https://ru.wikipedia.org/.../Чавчавадзе,_Николай_Зураб...

4. regiment.ru/bio/CH/4.htm

3. ავალიანი, გიორგი. კავალერიის გენერალი ნიკო ზურაბის ზე ჭავჭავაძე // რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან : ქართველი მხედართმთავრები რუსეთის არმიაში / გ. ავალიანი. - თბ., 1967. – გვ. 143–145. 


Share: