The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჰალილ რიფათ–ფაშა

ჰალილ რიფათ–ფაშა
Date of birth:1795
Date of death:4 March, 1860  (at 65 years)
Burial location:ეიუპ სულთანის სასაფლაო, სტამბოლი, თურქეთი
Category:Military Person

Biography

ქართველი ეროვნების სამხედრო–საზღვაო მოღვაწე ჰალილ რიფათ ფაშა,  სულთნების – მაჰმუდ II–ისა და აბდულმეჯიდის მმართველობის პერიოდში, სერასკერის, ქაფუდან–ფაშასა და არსენალის მარშლის თანამდებობებზე იმყოფებოდა. მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რამაზ სურმანიძის ინფორმაციით, ჰალილ რიფათ ფაშა ტყვედ გაყიდეს და სტამბულში ჩაიყვანეს. ის მოხუც სერასკირს ხოსრო ფაშას მიჰყიდეს. სწორედ ხოსროს დახმარებითა და მფარველობით მიაღწია წარმატებას ოსმალეთის იმპერიაში ჰალილმა. სამწუხაროდ მისი ქართული გვარი არ არის ცნობილი. განათლება ჰუსრევ ფაშას სასახლეში მიიღო და მასთანვე დაიწყო სამსახური, ჯერ ბეჭდისმტვირთველის, შემდეგ კი ხაზინადარის თანამდებობაზე.

ძველ ოსმალეთში მონა ომში ან მშვიდობიანობის დროს თავს თუ გამოიჩენდა, მას სამხედრო ჩინს ნახტომისებურად აძლევდნენ. თუ კვლავ განაგრძობდა წარმატებას, შესაძლოა სარდლის ან ვეზირის დონემდე ამაღლებულიყო. რაც მთავარია, ოსმალეთში დაწინაურების დროს ეროვნების მოტივით არავითარი შეზღუდვა არ არსებობდა. მთავარი იყო, მუსულმანური რწმენა, თანდაყოლილი ნიჭი და განსწავლულობა. სწორედ ამ თვისებებით დაწინაურდა ჰალილი რიფათ ფაშა.

1827 წელს მან მირიმირანის ტიტული და ნიღდეს სანჯაყბეგის თანამდებობა მიიღო. მისი ძალაუფლება ქირშეჰირისა და ბეიშეჰირის რაიონებზეც ვრცელდებოდა.  მონაწილეობდა 1828–1929 წლების რუსეთ–თურქეთის ომში. რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ სტამბოლში, სერასკერის მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს და სულთნის სამხედრო კორტეჟისა და „წმინდა ალამის“ ნაწილის ხელმძღვანელობა ჩააბარეს.

1829 წელს ჰალილ რიფათ ფაშა რუსეთში მიავლინეს ელჩად. უკან დაბრუნების შემდეგ კი ქაფუდან–ფაშად (ადმირალი) დანიშნეს. მან ფლოტის პერსონალი გადაახალისა. ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა მშვიდობიან პერიოდში ფლოტის წვრთნისა და სწავლების პროგრამების შედგენა. 1831 წელს საბერძნეთისთვის გადაცემული კუნძულების დაფიქსირებისთვის ხმელთაშუა ზღვაში ლაშქრობა მოაწყო. 1832 წელს ილაშქრა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. 1836 წელს სერასკერის თანამდებობაზე დაინიშნა. 1839 წელს ვაჭრობის მინისტრად გადაიყვანეს. 1842 წელს უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა, მოგვიანებით კი ამავე მეჯლისის თავმჯდომარე. 1843 წელს მეორედ დანიშნეს ქაფუდან–ფაშას პოსტზე. ამ პერიოდში ჩამოაყალიბა საზღვაო საბჭო და ბევრი იშრომა, რომ ამ ორგანოს ფლოტისთვის მეტი სარგებლობა მოეტანა.

1845 წელს ჰალილ ფაშამ ტრაპიზონის ვალის თანამდებობა დაიკავა. 1847 წელს მეჯლისი–ალიეს წევრი გახდა. იმავე წელს მესამედ გახდა ოსმალეთის ფლოტის ქაფუდან–ფაშა. 1848–1854 წლებში აიდინის, ეგეოსის ზღვის კუნძულებისა და ბურსის ვალის (სამხედრო გუბერნატორი) თანამდებობებზე იმყოფებოდა. 1854–1855 წლებში მეოთხედ დანიშნეს ქაფუდან–ფაშას პოსტზე.

ჰალილ რიფათ ფაშა ცნობილი იყო თავისი გულღიაობითა და კომუნიკაბელურობით. იგი დაინტერესებული იყო ფერწერით, იცოდა არაბული, სპარსული, ფრანგული და იტალიური ენები, კარგად ერკვეოდა ისტორიაშიც. ჰალილ ფაშამ 1850 წელს, იზმირის ვალის თანამდებობაზე ყოფნისას, წესრიგი დაამყარა რეგიონის მოსახლეობის მართვის საქმეებში და ვილაიეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი ოსტატურად ხმარობდა იარაღს და კარგ მსროლელად ითვლებოდა.

ჰალილ რიფათ ფაშა სულთნის კარზე დიდი პატივით სარგებლობდა. მას ევროპის ჯართა სერასკირის უმაღლესი სამხედრო წოდება ჰქონდა. იგი ორჯერ იყო დაქორწინებული. 1834 წელს სასახლის სიძე გახდა, ცოლად შეირთო დედით ქართველი სულთნის, მაჰმუდ II-ისა და მისი ქართველი მეუღლის ფატიმა ქუთათელაძის (ბეზმიალემ-ვალიდე სულთანი) ქალიშვილი სალიჰა. ჰალილ ფაშა 1860 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ეიუპ სულთანის სასაფლაოზე, მისივე სახელობის აკლდამაში.

წყარო:

1.netgazeti.ge/life/43129/ 

2. ქასაბი, მურად. ჰალილ რიფატ ფაშა // ოსმალეთის ქართველები / მურად ქასაბი. - სტამბოლი, 2012. - გვ.73-74.

3. გოგიტიძე, მამუკა. ჰალილ რიფათ-ფაშა : ადმირალი // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 160


Share: