The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მერაბ ნინიძე

მერაბ ნინიძე
Date of birth:3 November, 1965  (58 years)
Category:Actor/Actress

Biography

მერაბ ნინიძე დაიბადა 1965 წლის 3 ნოემბერს, თბილისში. მშობლები: მანანა ახალაძე, ნუგზარ ნინიძე.  თბილისის პირველ სკოლაში სწავლობდა და პარალელურად პიონერთა სასახლის დრამწრეში დადიოდა. მისის ბაბუა, სერგო ახალაძე, რეჟისორი იყო, მერაბმაც ბავშვობა თეატრში, კულისებში გაატარა და ალბათ ამიტომაც იზიდავდა ეს გარემო. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში გიზო ჟორდანიას სახელოსნოში. მანამდე, 1979 წელს, ჯერ კიდევ მოსწავლემ, ითამაშა პრინც ედვარდის როლი რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III”. ინსტიტუტი 1986 წელს დაამთავრა. მისი კურსი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მთელი შემადგენლობით დატოვეს რუსთაველის თეატრში და მცირე თეატრის სცენა დაუთმეს. მათი ინსტიტუტისდროინდელი სპექტაკლები: „ანა ფრანკის დღიური“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ამაღამ მგონი იქნება ქარი“ კიდევ დიდხანს იდგმებოდა ამ სცენაზე და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შემდეგი სპექტაკლები იყო „ლეონსი და ლენა“, „ჰამლეტი“.  გასტროლებით მოიარეს დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პოლონეთი, რუსეთი...

მერაბ ნინიძე რუსთაველის თეატრის მსახიობი 1986–1991 წლებში იყო. პარალელურად კინოშიც მოღვაწეობდა. მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებაში” შესრულებული თორნიკე არავიძის როლია. გადაღებულია ფილმებში: „ერთ პატარა ქალაქში“ (1985); რეზო ესაძის „ნეილონის ნაძვის ხე“ (1985); ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986); ალ. რეხვიაშვილის „საფეხური“ (1986); „თემო“ (1987); „ფესვები“ (1987); „მიახლოება“ (1989); ქეთი დოლიძის „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა“ (1991); „გზაჯვარედინი“ (1991); „ანას დაბადების დღე“ (1992); „გზა ჩალაურისკენ“ (1994) და სხვა. 1988 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

1992 წელს, საქართველოში მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, მერაბ ნინიძე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. 1995 წლიდან კი, ის ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში, ვენაში. პირველი ავსტრიული როლი 1996 წელს გორან რებიჩის „ჰუგოფილმში” შეასრულა. მანამდე კი იყო: „Am Rande der Welt“ = „ქვეყნის დასალიერს“; „ Halbe Welt“= „ნახევარი მსოფლიო“ (1993);  „Hasenjagd – Vor lauter Feigheit gibt e skein Erbarmen“= „კურდღლებზე ნადირობა” (1994); ამას მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნების ფილმები: „Suzie Washington“ (1998);  „In Heaven“ = „სამოთხეში“ (1998); „Luna Papa“ = „მთვარე მამა” (1999); „England!“= „ინგლისი“ (2000); „ Bride of the Wind“= „ქარის საცოლე“ (2001); „Eine mene Muh – und tot bist du = „ერთი, ორი, მოკვდი“ (2001); „Bella Block – In Namen der Ehre“ = „ბელა ბლოკი - ღირსების სახელით“ (2002); „Verlorenes Land“ = „დაკარგული მიწა“ ( TV , 2002); „ Ein Starkes Team – kindertrume“ = „ ძლიერი გუნდი", TV სერიალი, სეზონი1, ეპიზოდი 23, (2002)  „ქარვის ამულეტი”; „4 Tage im Mai“ = „მაისის 4 დღე” (2011); „ზამთრის ქალიშვილი”;  „ტროას განძი”; „ფოსტალიონი“ (2003); ნანა ჯორჯაძის „მეტეოიდიოტი“ (2008); „მედიატორი“ (2008); „Mein bester Feind“ = „ჩემი ძვირფასი მტერი“ (2011);  „invasion“ = „შემოჭრა“ (2012). რუსული ფილმები – ალექსეი გერმანის „ქაღალდის ჯარისკაცი” (2008) და „ელექტროღრუბლების ქვეშ“ (2014); რეზო გიგინეიშვილის „სიყვარული აქცენტით“ (2012); ევგენი შელიაკინის „შავი და თეთრი“ (2014)  ...  

მთავარი წარმატება მერაბს მოუტანა კაროლინა ლინკის ფილმმა „Nirgendwo in Afrika“ =  „არსად აფრიკაში” (2001). ეს ფილმი 2003 წელს „ოსკარის” 75-ე დაჯილოდოების ცერემონიაზე გამოცხადდა, როგორც წლის საუკეთესო უცხოური ფილმი. 2011 წლის აპრილში ლეჩეს ევროპულ კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობმა საუკეთესო ევროპელი მსახიობის პრიზი მიიღო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, რობერტ ადრიან პეჟოს ფილმში „მკვლელი კამერა”.

2003 წელს მერაბმა იმუშავა რეჟისორ ლევან წულაძესთან თეატრალური სარდაფის სპექტაკლში „ვენეციელი ვაჭარი“. ბედნიერი იქნება თუ მოახერხებს და ხანდახან თბილისში ითამაშებს, მაგრამ სამწუხაროდ კინო რეჟიმი არ აძლევს თეატრში მუშაობის საშუალებას.

მერაბ ნინიძე ფლობს რამდენიმე უცხო ენას: ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული. საქართველოს ხშირად სტუმრობს. ორი შვილის მამაა. ქალ-ვაჟი ჰყავს. პირველი შვილი, მარიამი, თბილისში ცხოვრობს და მერაბი უკვე ბაბუაა. მეორე ქორწინებიდან ჰყავს მახარე, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეა. მახარეს დედა, ტატიანაც მსახიობია. რამდენიმე ფილმში ერთადაც უთამაშიათ…

2015 წელს თბილისში გამოიცა მარიკა ბაკურაძესთან ერთად დაწერილი მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიული წიგნი „მთავარია მსახიობი არ გამოხვიდე“. ეს წიგნი იმ ემიგრანტის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებია ოცზე მეტი წლის წინ რომ დატოვა სამშობლო და ევროპაში იპოვა თავისი ადგილი. შესაშური გულწრფელობით მოთხრობილი ეპიზოდებიდან კარგად ჩანს, რომ მერაბს სამშობლოს სიყვარული და ნოსტალგია გამძაფრებული აქვს. ერთ–ერთ ინტერვიუში იგი ამბობს, – „ნოსტალგია სულ მაქვს. რა თქმა უნდა, ვენას, სადაც 22  წელი გავატარე, სრულად ვერ მოვწყდები, მაგრამ საქართველოშიც ვიქნები, ოღონდ  გურიაში, ჩემს სოფელში – ნაგომარში. მომავალი წლიდან მე და ჩემი ძმა  სახლს მივხედავთ, ხელახლა ავაშენებთ, ბოსტანს გავაკეთებ, ეზოს მოვუვლი. მინდა, სოფელს და ბუნებას დავუბრუნდე… თავიდან დინებას წავყევი, მთავარი იყო ენა მესწავლა და თამაში შემძლებოდა. აქედან რომ წავედი, არ ვფიქრობდი მთების გადადგმაზე, იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ პროფესიის დათმობა არ მომიხდა. ჩემი ფილმები ხან არტ-ჰაუსია, ხან ნაკლებად კომერციული, ხან მეტად; ხან ცუდია, ხან კარგი. მე კინო მიყვარს და  ამას გარდა, ელემენტარული შემოსავალიც მჭირდება. მიხარია, რომ თუ ძალიან ცუდ  ფილმში ვითამაშებ, საქართველოში ამას არავინ ნახავს და თუ კარგი გამოვა, მისი წარმატების ამბავს აუცილებლად ყველა გაიგებს“…

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/მერაბ_ნინიძე 

2. www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=2902

3. geocinema.org.ge/index.php/ge/2015-04-01-05-46.../420-2015-07-21-12-01-56 

4. primetimenews.ge › კულტურა

5. www.tbiliselebi.ge/?mas_id=268439374&year=2014&jurn_id=2&rubr...

 

6. ნინიძე, მერაბ. მერაბ ნინიძე ON CALL : [ინტერვიუ] / მერაბ ნინიძე ; ესაუბრა მაშო სამადაშვილი ; // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2011.- დეკემბერი. - N74. - გვ.42-49.

7. ნინიძე მერაბ. მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე : [ავტობიოგრაფიული ჩანაწერები] / მერაბ ნინიძე მარიკა ბაკურაძესთან ერთად. –   თბილისი, 2015. 

8. ვინ ვინ არის საქართველოში 2006: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006. –გვ.367–368


Share: