The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გოგი ალექსი–მესხიშვილი

გოგი ალექსი–მესხიშვილი
Legal name:გიორგი
Date of birth:2 March, 1941  (83 years)
Category:Painter

Biography

გოგი ალექსი–მესხიშვილი დაიბადა 1941 წლის 2 მარტს თბილისში, ცნობილი არქიტექტორის ლადო ალექსი–მესხიშვილის ოჯახში. დედა – თინათინ ფანიაშვილი. 1960–1967 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (ფერწერა, დეკორაციული მხატვრობა). მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო – „სვანეთი“. პედაგოგები: აპოლონ ქუთათელაძე, სერგო ქობულაძე, ფარნა ლაპიაშვილი.

1968 წლიდან გოგი ალექსი–მესხიშვილი სისტემატურად მონაწილეობს გამოფენებში: თბილისი (1982); ლენინგრადი და მოსკოვი (1982); სანტიაგო ( 1994); ფარაჯანოვის მუზეუმი (ერევანი, 1993); „ბონინო გალერეა“ (ნიუ–იორკი, 1994) და სხვა; მისი ნამუშევრები დაცულია სურათების ეროვნულ გალერეაში (თბილისი); ბახრუშინის თეატრალურ მუზეუმში (მოსკოვი); ი. გლინკას სახელობის მუსიკალურ მუზეუმში (მოსკოვი); რუსულ მუზეუმში (პეტერბურგი); აშშ–ის. ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთის კერძო კოლექციებში.

1971 წლიდან გოგი ალექსი–მესხიშვილი იყო შ. რუსთაველისა და კ. მარჯანიშვილის დრამატული თეატრების, ასევე, ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი; 1975 წელს აირჩიეს რუსთაველის თეატრის მთავარ მხატვრად, სადაც ორმოცამდე სპექტაკლი გააფორმა: „შუშის სამხეცე“, „ფარისეველთა შეთქმულება“, „ექიმი სტოკმანი, „საბრალდებო დასკვნა“, „იულიუს კეისარი“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „პაემანი ცაში“, „დრაკონი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „ჩვენი თანამედროვე“, „ჩემო კალამო“, „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“, „ტარტიუფი“, „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“, „კონცერტი ორი ვიოლინოსათვის“, „იაკობის სახარება“, „ცხოვრება სიზმარია“, "როგორც გენებოთ, ანუ შობის მე–12 ღამე" და სხვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია რეჟისორ რობერტ სტურუასთან ერთად შექმნილი სპექტაკლები: სუმბათაშვილის „ღალატი“ (1974);  ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე" (1975) და „სეჩუანელი კეთილი ადამიანი" (1993); კარლო  გოცის „ქალი-გველი" (1998) ...

კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაფორმებული აქვს; ჯ. იოსელიანის „ტაკიმასხარა“ (1973); ლ. თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“ (1978); დიკენსის „დიდი იმედები“ (1979);  ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (1981) და სხვა.

კინომსახიობთა თეატრში მიხეილ თუმანიშვილთან ერთად დადგა მოლიერის „დონ ჟუანი” (1981);  უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1993)...

1967-71 წლებში გოგი ალექსი–მესხიშვილი მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მის მიერაა გაფორმებული ფილმები: „ფეოლა“ (1970); „გლადიატორი“ (1972); „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(1985); „აშუღ–ყარიბი“ (1988)...

1986–1995 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი იყო.  გაფორმებული აქვს სპექტაკლები: „და არს მუსიკა" (1984); „აბესალომ და ეთერი" (1986);  „დონ ჟუანი" (1983); „ბალ–მასკარადი" (1989); „კარმენი" (1999); ბალეტი – „ქორეოგრაფიული სიუიტა" (1976, ო. თაქთაქიშვილი) და სხვა.

მასვე ეკუთვნის სცენოგრაფია მიუზიკლებისა – „სანამ ურემი გადაბრუნდება" (1973, გ. ცაბაძე), „ჩემი გული აქაა" (1977, გ. ცაბაძე, ოდესა)...

გოგი ალექსი-მესხიშვილმა შექმნა კოსტუმები და დეკორაციები მსოფლიოს წამყვანი თეატრებისთვის: ჩეხოვის სახელობის დიდი სამხატვრო თეატრი (მოსკოვი); „ლა ფენიჩე“ (ვენეცია); „თეატრ კომუნალე“ (ბოლონია); „ბავარიის ოპერა“ (მიუნხენი); „გაბიმა“ (თელ-ავივი); „სან-მარტინის“ თეატრი (ბუენოს აირესი); ჰელსინკის ნაციონალური თეატრი; მარინისა და დიდი დრამატული თეატრები (სანკტ-პეტერბურგი); „შაუშპილეჰაუზი“ (დიუსელდორფი); „მეტროპოლიტენ ოპერა“ (ნიუ იორკი); მის მიერაა გაფორმებული სპექტაკლები: „დედილო კურაჟი“ (ბუენოს აირესი); „პიკის ქალი“ (მიუნხენი); „ტარტიუფი“ (თელ-ავივი); „სამი და“, „ჰამლეტი“ (ლონდონი, 1992); „ევგენი ონეგინი“ (ბოლონია); „შეცდომათა კომედია“ (ჰელსინკი); „ოტელო“ (ბუსეტო); „თოლია“ (ნიუ იორკი); „ვერაგობა და სიყვარული“, „სიყვარული თელებქვეშ“, „მაკბეტი“, „სალომეა“, „კარმენი“ (პეტერბურგი); პუჩინის „დაი ანჟელიკა“ (ვენეცია, 1998); რახმანინოვის „ძუნწი რაინდი“ (ვენეცია, რეჟ. თ. ჩხეიძე); „ჰამლეტი“ (მოსკოვი); რიგის მიხეილ ჩეხოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო თეატრში – ა. ცაგარელის „ხანუმა“ გ. ყანჩელის მუსიკაზე; ვაშინგტონის შექსპირის თეატრში „მეფე ლირი“ (1999); ბუენოს–აირესში „ვენეციელი ვაჭარი“ (1999, რეჟ. რობერტ სტურუა); გერმანიაში გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (1999, რეჟ. რობერტ სტურუა); ნიუ–იორკის მეტროპოლიტენ–ოპერაში პროკოფიევის „მოთამაშე“ (2000); 1999 წელს იმუშავა რუსი კომპოზიტორის — სერგეი სლონიმსკის ნაწარმოებზე „ივანე მრისხანეს ხილვანი“ რობერტ სტურუასა და მსტისლავ როსტროპოვიჩთან ერთად.

გოგი ალექსი–მესხიშვილის სცენოგრაფიით შექმნილი სპექტაკლები წარმოდგენილი იყო ათენის, ავინიონის, ბერლინის, ბუენოს აირესის, ჩიკაგოს, ედინბურგის, ფლორენციის, ჰელსინკის, ლონდონის, მექსიკის, მოსკოვის, ნიუ იორკის, სანკ-პეტერბურგისა და ტოკიოს ფესტივალებზე.

გარდა სცენოგრაფიისა მხატვარი მუშაობს ინტერიერის გაფორმების დარგში: ბორჯომის კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლი (1985, გობელენი); თბილისის თოჯინების ქართული თეატრი (1987, პანო). აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი თუმანიშვილის თეატრის სცენის უკანა ფონი, რომელიც თეატრის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. კიმომსახიობთა თეატრის სცენა რამდენადმე სპეციფიკურია და შექსპირისეულ სცენას წააგავს. სცენას არ გააჩნია ფარდა და კულისები და მაყურებელთან ახლო კონტაქტში შედის. 1992 წელს, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო თეატრში ვერ მოიძებნა სახსრები დეკორაციისთვის, რის გამოც გოგი ალექსი-მესხიშვილმა მიმართა ასეთ ხერხს: მან სცენის უკან არსებული აგურის კედელი თეთრად შეღება და მასზე მოხატა სპექტაკლის დეკორაცია. მას შემდეგ თუმანიშვილის თეატრის კედლის მოხატულობა უცვლელია.

სცენოგრაფი მუშაობს ფერწერაშიც: მუსიკალურ თემებზე – „არლეკინი" (1971); „ნატურმორტები ბალერინებით" (1978–1993); კომპოზიტორ გია ყანჩელის პორტრეტი (1984); მუსიკისმცოდნე რ. ქუთათელაძის პორტრეტი (1986) ...

გოგი ალექსი–მესხიშვილს წლების მანძილზე მიღებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ჯილდო და პრემია: 1968 წლიდან არის სსრკ მხატვართა კავშირის წევრი; 1973 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია, წლის საუკეთესო თეატრალურ-დეკორაციული ნამუშევრისთვის; საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი, წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის; სსრკ სახელმწიფო პრემია (1979); საქართველის სსრკ დამსახურებული მხატვრის საპატიო წოდება (1981); სამჯერ დაჯილდოვდა პრემიით „წლის საუკეთესო დადგმა“ (1985-87 წლები); ედინბურგის ფესტივალზე გადაეცა პრემია „წლის საუკეთესო დადგმა“ სპექტაკლისთვის „დონ ჟუანი“ (1988); პრემია „ფელიქსი“ (ევროპული „ოსკარი“) ს. ფარაჯანოვის ფილმ „აშუღ-ყარიბის“ მხატვრული გაფორმებისთვის (1989); 1990 წელს – რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა"; კრიტიკოსთა პრემია ედინბურგის ფესტივალზე სპექტაკლისათვის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1994); საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია, სეზონის საუკეთესო სპექტაკლისათვის „ქალი გველი“ (1998); 2001 წლიდან არის თბილისის საპატიო მოქალაქე; ჰელენ ჰეისის სახელობის პრემია (აშშ), ვაშინგტონის თეატრ „სინეტიკის" სპექტაკლისთვის „ჰამლეტი-სიჩუმე" (2003); 2006 წელს გადაეცა სერგო ფარაჯანოვის სახელობის საერთაშორისო პრიზი.

გოგი ალექსი-მესხიშვილი 1995 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ–ში. იყო ამერიკაში ერთ–ერთი უძველესი უნივერსიტეტის, დორტმუდის კოლეჯის პროფესორი. აქ იგი 20 წლის მანძილზე ასწავლიდა და საუკეთესო პედაგოგის წოდება მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2014 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა. სტუდენტები სასწავლო პროგრამის ფარგლებში სამ განზომილებაში ხატვას, ხაზვას, მოდელთან მუშაობას და სხვა პროფესიულ საგნებს დაეუფლებიან. სკოლის მიზანია პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური მხატვრების მომზადება. ბატონი გოგი ასწავლის საკუთარი სისტემით, რომელსაც ის დორტმუდის კოლეჯში იყენებდა. 2015 წლის ოქტომბერში ახალგაზრდებს უკვე ჰქონდათ გამოფენა რუსთაველის თეატრის ფოიეში. წარმოდგენილი იყო  მოსწავლეების მიერ შესრულებული ინსტალაციები, სპექტაკლების მაკეტები და კოსტიუმების ესკიზები. „მე იმაში გამიმართლა, რომ რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი, ჩამოდიოდნენ უცხოელები, ჩვენ მივდიოდით, დიდი წარმატებები გვქონდა და მოვიარე მსოფლიო. დღეს საზღვრები გახსნილია და ახალგაზრდები იმდენად კარგად უნდა იყვნენ მომზადებულები, რომ ეს შანსი გამოიყენონ“, – ამბობს მხატვარი. 

გოგი ალექსი–მესხიშვილის მეუღლეა – მაკა მიქაძე. ჰყავთ ორი ქალიშვილი, ნინო და ქეთუთა და შვილიშვილები.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გოგი_ალექსი-მესხიშვილი

2. https://burusi.wordpress.com/2010/03/26/aleqsi-meskhishvili/ 

3. www.reitingi.ge/interviu/3573-gogi-aleqsi-meskhishvili-saqarthveloshi-brundeba.html

4. ციციშვილი, მაია. ალექსი-მესხიშვილი გიორგი (გოგი) // ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია : XVIII-XX საუკუნეები / მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი. - თბილისი, 2013. - გვ. 210-211

5. ვინ ვინ არის საქართველოში 2006: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006. –გვ.23–24

6. საქართველო: ენციკლოპედია. – თბ., 1987. – გვ. 103.


Share: