The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ლონგინოზის ძე ბერიძე

დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1858
გარდაცვ. თარიღი:1917  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ფერმწერი და გრაფიკოსი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი ალექსანდრე ლონგინოზის ძე ბერიძე დაიბადა 1858 წელს მცხეთაში. მისი დედა – მარიამ დედაბრიშვილი მწერალ შიო არაგვისპირელის (დედაბრიშვილი) მკვიდრი მამიდა იყო. 
1871 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1871–1877 წლებში სწავლობდა თბილისში „კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელ საზოგადოებასთან" არსებულ სამხატვრო სკოლაში, რომელიც დაამთავრა პრემიით; იმავე წელს ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად სანკტ–პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში, სადაც სწავლობდა1877-1878 და 1881-1882 წლებში.

1879-1880 და 1883-1885 წლებში ცხოვრობდა იტალიაში, მუშაობდა ქალაქ ნეაპოლის სამეფო სამხატვრო სასწავლებელში. იტალიაში დაეუფლა გრაფიკის ხელოვნებას. ამ პერიოდში საქართველოში აგზავნიდა ილუსტრირებულ ფურცლებს „ხმა იტალიიდან", რომლებსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიდი ტირაჟით ბეჭდავდა. ფურცლებზე გამოსახული იყო იტალიის ხედები, იტალიელთა, მათ შორის, ჯუზეპე გარიბალდის, პორტრეტები.

1885 წელს მხატვარი დაბრუნდა სამშობლოში. თანამშრომლობდა ჟურნალებში „კვალი", „ჯეჯილი“ და „თეატრი". ჟურნალ „თეატრში" (1885–1888) აქვეყნებდა ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტებს. ამ წლებში შეიქმნა შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გრაფიკული პორტრეტები. 1886 წელს შექმნა ესკიზები თეატრალური დადგმებისათვის, მოხატა ფარდები ქართული და რუსული თეატრებისთვის. 1887–1888 წლების სეზონისთვის მის მიერ „არტისტული წრის" თეატრისათვის (ახლანდელი გრიბოედოვის თეატრი) დახატული ფარდა 27 წლის მანძილზე არსებობდა, სანამ 1914 წელს ხანძარმა არ იმსხვერპლა. ამ ნამუშევრებით მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ თეატრალურ–დეკორატიულ მხატვრობას.

პედაგოგის დიპლომის უქონლობის გამო, ალექსანდრე ბერიძემ ვერ შეძლო მუშაობის დაწყება თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში და, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 1888 წელს კვლავ იტალიაში გაემგზავრა. 1898 წელს სანკტ–პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის საბჭომ მხატვარს საშუალო სკოლებში ხატვის მასწავლებლად მუშაობის უფლება მიანიჭა. ამის შემდეგ იგი ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა დაიწყო ვაჟთა გიმნაზიაში. მხოლოდ მასწავლებლობას არ სჯერდებოდა, ხატავდა პორტრეტებს, გიმნაზიის კანკელზე  შეაკეთა წმინდანის გამოსახულება, ღვთისმშობელი კი თავიდან დახატა. ნატურად იყენებდა ნელი ნაკაშიძეს, საზოგადო მოღვაწისა და მრეწველის მიხეილ ნაკაშიძის ქალიშვილს, რომლის სახლშიც იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა ბათუმში ყოფნის პერიოდში. 1901 წელს მან მიხეილ ნაკაშიძის ფერწერული პორტრეტიც შექმნა.

1900–იან წლებში ალ. ბერიძემ მცხეთაში პატარა კერამიკული ქარხანა დააარსა, სადაც საუკეთესო ჭურჭელს ამზადებდა. ეს საქმე იტალიაში შეუსწავლია. სახსრების ნაკლებობის გამო ქარხანა დიდხანს ვერ ამუშავა და 1906 წელს გადასახლდა ვლადიკავკაზში, სადაც ნათესავები ჰყავდა. მათი დახმარებით იშოვა მუდმივი სამუშაო და გარდაცვალებამდე კადეტთა კორპუსში ასწავლიდა ხატვას.

ალექსანდრე ბერიძეს ცხოვრება და მოღვაწეობა მოუხდა მეტად მძიმე პირობებში. ყოველდღიურ ცხოვრებაზე გამუდმებული ფიქრი, სამუშაოს ძებნა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა არ აძლევდა მხატვარს საშუალებას, რომ მისი ნიჭი მთლიანად გამომჟღავნებულიყო, შემოქმედება აღმავლობით წარმართულიყო და პირველ მიღწევებს შემდგომი წარმატებები მოჰყოლოდა.

ალექსანდრე ბერიძის შემოქმედებაში ყველაზე ფასეულია ფერწერული პორტრეტები. ხელოვნებათმცოდნეები მის ნაწარმოებებს აჯგუფებენ ორ პერიოდად. პირველი პერიოდის (1881-1885) ნამუშევრებია: „რ. გველესიანის პორტრეტი“ (1881), „მომღიმარი მოხუცი“ (1881), „ქალის პორტრეტი“, „უცნობი მოხუცის პორტრეტი“ (1882). ეს ტილოები შესრულებულია თავისუფალი ფერწერული მანერით და ფსიქოლოგიური ხასიათისაა, მათში გახსნილია გმირთა შინაგანი ბუნება. ყოველი პორტრეტი ხასიათდება ფუნჯის თავისუფალი და ფართო მონასმებით, ლაქების დაპირისპირებით, ძირითადი ფერისა და ნახევარტონების ოსტატური მონაცვლეობით, რაც სახეს განსაკუთრებულ გამომსახველობას ანიჭებს.

მეორე პერიოდის ნაწარმოებებში ასახულია გლეხური ყოფის თემატიკა: „სალამურიანი ბიჭი“ (1892), „სალამურზე დამკვრელი“ (1895), „წინდის მქსოველი გოგონა“ (1892), „მწყემსი ბიჭი“ და სხვა. ამ ნამუშევრებში ნათლად ჩანს ბავშვების დიდი სიყვარული და ფაქიზი დამოკიდებულება ნატურისადმი, მაგრამ ფერწერის მხრივ ისინი შედარებით მშრალია.

ალექსანდრე ბერიძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში (ხელოვნების სასახლე).

მხატვარი გარდაიცვალა 1917 წელს, ვლადიკავკაზში.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/... 

2. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.403

3. ციციშვილი, მაია. ბერიძე ალექსანდრე // ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია : XVIII-XX საუკუნეები / მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი. - თბილისი, 2013. - გვ. 219-220

4. სახოკია, თედო. ალექსანდრე ბერიძე // ჩემი საუკუნის ადამიანები / თედო სახოკია. - თბ., 1984.- გვ. 113–115.

5. მასხარაშვილი, . მხატვარი ალექსანდრე ბერიძე // ქართული ხელოვნება. – 1974.  –  ტ. 7. სერია B : ახალი და საბჭოთა ხელოვნების საკითხები /ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი.- გვ.146-157


გააზიარე: