The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო ალექსი–მესხიშვილი

Date of birth:1896
Date of death:16 May, 1956  (at 60 years)
Category:Actor/Actress

Biography

დრამის, მუს. კომედიისა და ესტრადის  მსახიობი ნინო ალექსი–მესხიშვილი დაიბადა 1896 წელს, თბილისში. იგი ცნობილი მსახიობის ლადო მესხიშვილის ასულია. 1906 წელს ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ლადოს ორი ქალიშვილი ჰყავდა – ნინო და ვარია. ორივემ მოსკოვში დაამთავრა დრამატული კურსები და იქვე დაიწყეს სასცენო მოღვაწეობა. ვარიამ თეატრებში მუშაობას დამოუკიდებლად მუშაობა არჩია, შეადგინა თავისი დასი და გასტროლებზე დადიოდა. 1923 წელს იგი თბილისსაც ეწვია, რუსთაველის თეატრში გამართა რამდენიმე წარმოდგენა, რომლებშიც თავისი საყვარელი როლები შეასრულა.

ნინო ალექსი–მესხიშვილმა დაწყებითი განათლება ქუთაისის კერძო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ერთ–ერთ გიმნაზიაში. უმაღლესი განათლებაც მოსკოვში მიიღო, პედაგოგიურ კურსებზე. პარალელურად დადიოდა ადაშევის დრამატულ კურსებზე, რომლის დასრულების შემდეგ, 1914 წლიდან მუშაობა დაიწყო მოსკოვის თეატრ „ლეტუჩაია მიშში“, სადაც დაჰყო 1916 წლამდე. ხშირად გამოდიოდა მამასთან ერთად ვოდევილებსა და ფარსებში. მოღვაწეობდა რუსეთში: 1916–1918 წწ. – მოსკოვის დრამატული თეატრი; 1918–1920 წწ. – მოსკოვის ოპერეტის თეატრი; 1920–1922 წწ. – ოდესისა და კიევის რუსული დრამატული თეატრები; 1922–1923 წწ. მოსკოვის კომედიის (ყოფილი კორშის) თეატრი; 1922-1925 წწ. მოსკოვისა და ლენინგრადის თეატრებში განაგრძობდა მუშაობას, 1926-1928 წწ. თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა; 1928–1932 წწ. თბილისის ფილარმონიის ესტრადის მსახიობი იყო, 1932 –1942 წწ. მოსკოვის ესტრადაზე გამოდიოდა;  1942–1946 წწ. კვლავ დაუბრუნდა  თბილისის რუსთაველის თეატრს. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ქისტი ქალი (გ. რობაქიძის „ლამარა“, 1926), კარმენსიტა (კ. ლიპსკეროვის „კარმენსიტა“, 1927), ქსენია (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“, 1928), დედოფალი ანა (ვ. სკრიბის  „ჭიქა წყალი“, 1941), დონა რაფაელი (ვ. სარდუს „ფლანდრია“, 1942) და სხვ.  

მეორე მსოფლიო ომის წლებში ნინო ალექსი–მესხიშვილი მონაწილეობას იღებდა ფრონტებზე და ჰოსპიტლებში გამართულ საშეფო კონცერტებში, აგრეთვე გამოდიოდა დონბასელი, ჭიათურელი და ტყიბულელი მეშახტეების წინაშე. 

1950 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. დაჯილდოებული იყო მედლებით: „კავკასიის დაცვისათვის“, „შრომითი მამაცობისათვის“ და „მოსკოვის 800 წელი“. 

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 1956 წლის 16 მაისს, მოსკოვში.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/.../ნინო_ალექსი-მეს.

2. საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ.104

3. ალექსიმესხიშვილი ნინო ვლადიმერის ასული // ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 20

4. ნინო ვლადიმერის ას. ალექსი-მესხიშვილი : პირადი საარქივო ფონდი // საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა. .2 / გიორგი კალანდიას საერთო რედ.. - თბილისი, 2012. – გვ. 115–121

5. გვარაძე, ნიკო. ვარია ვლადიმერის ასული ალექსი-მესხიშვილის გასტროლები რუსთაველის სახელობის თეატრში : ნინო ალექსი-მესხიშვილი ... // რუსი და უკრაინელი მსახიობები საქართველოში / ნიკო გვარაძე. - თბილისი, 1958. - გვ. 63-65


Share: