The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სონია დუმბაძე

Other name:სოფიო
Date of birth:31 December, 1904
Date of death:1968  (at 63 years)
Burial location:მილანი, იტალია
Category:Singer, Educator

Biography

სონია დუმბაძე დაიბადა 1904 წლის 31 დეკემბერს, სოფ. შემოქმედში (ოზურგეთის რაიონი), მომღერალ–მგალობლების ოჯახში. ბაბუა – ლოტბარი ანტონ დუმბაძე; მამა – სასულიერო პირი და მგალობელი დავით დუმბაძე, დედა – მაკა ტუსკია.

სოფიომ მუსიკალური განათლება მიიღო ოზურგეთის ე. წ. „ბაღის კლასში“. გალობდა დიმიტრი სიმეულიდის გუნდში, ფოთის გიმნაზიასა და ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსწავლეთა გუნდის სოლისტი იყო. 1919 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ვოკალის პედაგოგი – ანა ჯაყელი; ამავდროულად, თავის სარჩენად ტელეფონისტად მოეწყო. 1923 წელს სამსახურში უსიამოვნება შეხვდა და ბაქოს კონსერვატორიაში გადავიდა, სადაც მონაწილეობდა სტუდენტურ დადგმებში. მერე კი თბილისის კონსერვატორიის კონკურსში გამარჯვებულ 15 სტუდენტთან ერთად იტალიაში გაემგზავრა ვოკალური ხელოვნების დასახვეწად. მილანში მეცადინეობდა მაესტრო დელი პონტისთან, წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ მალე საბჭოთა მთავრობამ ევროპაში გაგზავნილ სტუდენტებს სტიპენდია შეუწყვიტა, ოჯახიც ვერ ეხმარებოდა და იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა.

ცხოვრების სახსარი რომ ეშოვნა, სონია დუმბაძე იტალიურ ენას ასწავლიდა საბჭოთა კავშირიდან ჩასულთ, შემდეგ პარიზში კოსმეტოლოგია შეისწავლა და უკვე ამით ირჩენდა თავს, თუმცა კვლავ მომღერლობაზე ოცნებობდა. 1928 წელს, სპონსორ ბიჩე პალმას დახმარებით, სწავლა განაგრძო მაესტრო სკ. მილიონისთან. 1932 წლიდან მონაწილეობდა კონცერტებში და მოწონებასაც იმსახურებდა. 1937 წელს ცოლად გაჰყვა იტალიელ ბარიტონს, ჯოვანი ბონოს და უკვე მასთან ერთად მართავდა კონცერტებს. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემოქმედებაში ხელი შეუშალა ავადმყოფობამ. გულის დაავადებისა და ორი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ იძულებული გახდა სცენას ჩამოშორებოდა. II მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს სიგმა დე გრასისთან ერთად შექმნა ვოკალის შესანიშნავი სკოლა და აღზარდა სხვადასხვა ეროვნების მრავალი ცნობილი მომღერალი. მათ შორის: ლირიკული სოპრანოები –  იტალიელი ვირჯინია ვერგა (ფილეტი), ამერიკელი ეველინ ტომეი (როვერტი); სოპრანოები: რინა კეკი, მარია ჰაუზერი; მის სტუდიაში სწავლობდნენ: ლა-სკალას დირიჟორის დე საბატას ქალიშვილი ლილიანა, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის დირექტორის ქალიშვილი გრაციელა პოლაკო, სოპრანო ოგოტ ლინერი, ტენორი მარიო კატულო, ბარიტონი ჯუზეპე სკალკო და სხვები.

სონია დუმბაძემ შეძლო ახლობლებთან კავშირის აღდგენა და 1963 წელს სამშობლოს ეწვია. თბილისში ყოფნისას იგი დაუკავშირდა ოპერის თეატრს და ბელკანტოს მეთოდით რამდენიმე გაკვეთილი ჩაატარა. მან დიდი დახმარება გაუწია ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტებს, გოჩა ბეჟუაშვილსა და ნუგზარ გელაშვილს, რომლებთანაც ერთი თვის მანძილზე უსასყიდლოდ მუშაობდა. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობისა და საბჭოთა კავშირ– იტალიის მეგობრობის საქართველოს განყოფილებამ მომღერალს მოუწყო შეხვედრა, რომელზეც  ბევრი თბილი სიტყვა ითქვა. 

სამწუხაროდ მეორედ ჩამოსვლა ვეღარ მოასწრო. გარდაიცვალა 1968 წელს, მილანში, იქვე დაკრძალეს.

მომღერლის ძმა იყო ვასილ დუმბაძე – საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ამერიკაში, მორგანთა ბანკის ფინანსისტი და ქართული სათვისტომოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ცნობილი თავისი ავანტურიზმით, სკანდალური კარიერით რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროში და საიდუმლო დიპლომატიური საქმიანობით.

წყარო:

1.ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.გვ. 156

2. დაუშვილი, რუსუდან. სონია დუმბაძე მომღერალი პედაგოგი მილანში // პრაიმტაიმი. - , 2011. - 24 ოქტომბერი. - N43. - გვ.50-51


Share: